პროექტის "EcoYOU“ წარმომადგენლებისთვის ტრენინგები გაიმართა
2024-09-30პროექტის "EcoYOU: ეკოლოგიურად სუფთა და მწვანე აზროვნება ეკომეგობრული ქცევისათვის" განმახორციელებელი ორგანიზაციებისთვის 23-27 სექტემბერს მოლდოვისა და რუმინეთის რესპუბლიკებში სამუშაო შეხვედრები გაიმართა.
აღსანიშნავია, რომ პროექტს, რომელიც შავი ზღვის აუზის პროგრამის ფარგლებში, ევროკავშირის თანადაფინანსებით მიმდინარეობს, საქართველოში ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (ათეა) ახორციელებს.
სემინარებში ქართული მხრიდან ჩართულნი იყვნენ პროექტის მენეჯერი, ათეა-ს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე - ტატიანა ბოკუჩავა და პროექტის ასისტენტი - ასოციაციის საერთაშორისო პროექტების განვითარების მენეჯერი მარიამ ჯინჭარაძე, ასევე ბენეფიციარი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები - დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის მრჩეველი ნოდარ კობიაშვილი და გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოს დირექტორი გიორგი ედიშერაშვილი.
"EcoYOU“ -ს მიზანია თემებისა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების ჩართულობის დონის გაზრდა გარემოს დაცვის აქტივობებში, განსაკუთრებით მდინარეების, ტბებისა და ზღვის სანაპიროებზე მიკროპლასტმასის რაოდენობის შემცირების ნაწილში.
პროექტი ითვალისწინებს ტრანსნაციონალურ თანამშრომლობას გარემოსდაცვით არასამთავრობო ორგანიზაციებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებს, საჯარო მოხელეებსა და ახალგაზრდულ ჯგუფებს შორის. პროექტის მთავარი ამოცანაა საერთო რესურსების გამოყენებითა და გამოცდილებების გაზიარებით ეფექტურად გადაჭრას დაბინძურების პრობლემები.
ტრენინგები მოლდოვის რესპუბლიკის ქალაქ კაჰულში, ასევე რუმინეთის რესპუბლიკის ქალაქებში - გალაცა და კონსტანცა ჩატარდა.
"EcoYOU“ საქართველოს მსგავსად ხორციელდება მოლდოვისა და რუმინეთის რესპუბლიკებში.