ათეა-მ, ევროკავშირის პროექტის ,,EcoYOU'' ფარგლებში ახალგაზრდებისთვის საგანმანათლებლო აქტოვობები დაიწყო
2024-09-26შავი ზღვის აუზის ქვეყნებში დაბინძურების ფორმების შესახებ ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლების მიზნით, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ (ათეა) გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოსთან თანამშრომლობით, საგანმანათლებლო აქტივობები გამართა.
ღონისძიებები, რომელთა აუდიტორიასაც გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 60 - მდე სტუდენტი და მოსწავლე წარმოადგენდა, ათეა-ს პროექტის "EcoYOU: ეკოლოგიურად სუფთა და მწვანე აზროვნება ეკომეგობრული ქცევისათვის" ფარგლებში მოეწყო და სემინარებთან ერთად დასუფთავების აქციებსაც მოიცავდა.
პროექტი შავი ზღვის აუზის პროგრამის ფარგლებში, ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება და მისი მიზანია თემებისა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების ჩართულობის დონის გაზრდა გარემოს დაცვის აქტივობებში, განსაკუთრებით მდინარეების, ტბებისა და ზღვის სანაპიროებზე მიკროპლასტმასის რაოდენობის შემცირების ნაწილში.
პროექტის პრეზენტაციების შემდეგ მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ დეტალურად გასცნობოდნენ ინფორმაციას დაცული ტერიტორიებისა და მდინარეების გაუდაბურების შესახებ. შეხვედრებზე ასევე ყურადღება გამახვილდა ცირკულარული ეკონომიკის, ნარჩენების მართვისა და კლიმატის ცვლილებების საკითხებზე.
ღონისძიებებს, რომლებიც 19-20 სექტემბერს გაიმართა, გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, ათეა-ს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეები - ტატიანა ბოკუჩავა და ლაშა არჩვაძე, ასევე ასოციაციის საერთაშორისო პროექტების განვითარების მენეჯერი მარიამ ჯინჭარაძე ესწრებოდნენ.
პროექტი "EcoYOU" ითვალისწინებს ტრანსნაციონალურ თანამშრომლობას გარემოსდაცვით არასამთავრობო ორგანიზაციებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებს, საჯარო მოხელეებსა და ახალგაზრდულ ჯგუფებს შორის. პროექტის მთავარი ამოცანაა საერთო რესურსების გამოყენებითა და გამოცდილებების გაზიარებით ეფექტურად გადაჭრას დაბინძურების პრობლემები.
"EcoYOU" საქართველოსთან ერთად ხორციელდება მოლდოვისა და რუმინეთის რესპუბლიკებში.