არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის
“საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია”
წესდება
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (შემდგომში „ასოციაცია”) არის საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად მუნიციპალიტეტების მიერ შექმნილი, წევრობაზე დაფუძნებული იურიდიული პირი, რომელიც მუნიციპალიტეტების ინტერესების დაცვისა და განვითარების მიზნით აერთიანებს საქართველოს მუნიციპალიტეტებს.
2. ასოციაციის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმაა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.
3. ეს წესდება გამოხატავს ასოციაციის წევრთა ურთიერთთანმხვედრ ნებას და სავალდებულო ძალის მქონეა ასოციაციის წევრებისთვის.
4. ასოციაცია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონმდებლობისა და ამ წესდების შესაბამისად ახორციელებს თავის საქმიანობას.
5. ასოციაცია წარმოშობილად ითვლება და იურიდიული პირის სტატუსს იძენს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.
6. ასოციაციის წევრები ასოციაციის მუშაობაში მონაწილეობენ თანასწორობის პრინციპის საფუძველზე.
7. ასოციაცია თავისი ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის (პირების) მდგომარეობისაგან დამოუკიდებელია. ასოციაციის პასუხისმგებლობა კრედიტორების წინაშე შემოიფარგლება მთელი თავისი ქონებით.
8. ასოციაციის ვალდებულებებისათვის მისი წევრი, ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი (პირები) პასუხს არ აგებს.
9. ასოციაცია პასუხს არ აგებს მისი წევრების, ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (პირების) ვალდებულებებისთვის.
10. ასოციაცია უფლებამოსილია ეწეოდეს დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობას, რომლიდან მიღებული მოგებაც უნდა მოხმარდეს მისი მიზნების რეალიზებას. ასეთი საქმიანობის შედეგად მიღებული მოგების განაწილება ასოციაციის წევრებს, შემომწირველებს, აგრეთვე ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირებს შორის დაუშვებელია. ასოციაცია უფლებამოსილია მისი საქმიანობის განსახორციელებლად შეიძინოს/მიიღოს მატერიალური და არამატერიალური ქონება, შემოწირულობები.
11. ასოციაციას საკუთრებაში აქვს ქონება. ასოციაციის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება შესაძლებელია, თუ გასხვისება ემსახურება ასოციაციის საქმიანობას, მის ორგანიზაციულ განვითარებას, ხელს უწყობს მისი მიზნების განხორციელებას ან ემსახურება საქველმოქმედო მიზნებს.
12. ასოციაციას უფლება აქვს, იყოს მხარე გარიგებაში, შეიძინოს ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლებები, იკისროს ვალდებულებები, შეუძლია იყოს მოსარჩელე და მოპასუხე სასამართლოში.
13. ასოციაციას აქვს საკუთარი ანგარიში ბანკში, ბეჭედი, ასევე ემბლემა და სხვა სიმბოლიკა.
14. ასოციაციის საქმიანობა ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
15. ასოციაციას თავისი მიზნების მისაღწევად უფლება აქვს, განახორციელოს კანონით აუკრძალავი ნებისმიერი საქმიანობა, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ეს საქმიანობა წინამდებარე წესდებით გათვალისწინებული.
16. ასოციაციის მიმართ ვრცელდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლით საქმიანი წერილისა და ვებგვერდისთვის დადგენილი წესები.
17. ასოციაციის სრული სახელწოდებაა: ქართულად – „საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია“, ინგლისურად – Nატიონალ Aსსოციატიონ ოფ Lოცალ Aუტჰორიტიეს ოფ Gეორგია“.
18. ასოციაციის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქ. თბილისი 0108, ვანო სარაჯიშვილის ქ. 3.
19. ასოციაცია შექმნილია განუსაზღვრელი ვადით.
მუხლი 2. ასოციაციის მიზნები და ამოცანები
ასოციაციის მიზნები და ამოცანებია:
ა) ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების მიზნით კოორდინაცია და მუნიციპალიტეტების ორგანოთა მიერ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელების ხელშეწყობა;
ბ) მუნიციპალიტეტების პრობლემების იდენტიფიკაცია და მათი ინტერესების მხარდაჭერა; სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან ურთიერთობებში მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობა, მუნიციპალიტეტების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა;
გ) თვითმმართველი ერთეულის ინტერესების დაცვისა და დეცენტრალიზაციის პროცესის ხელშესაწყობად სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან კონსულტაციების გამართვა საქართველოს კანონით დადგენილი წესით და მონაწილეობის მიღება ადგილობრივ თვითმმართველობასთან დაკავშირებულ საკითხებზე საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების პროექტების მომზადებაში;
დ) მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა; კარგი პრაქტიკის, გამოცდილებისა და მიღწევათა განზოგადება და გაზიარება;
ე) თანამშრომლობა ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებით დაინტერესებულ საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საქართველოში მოქმედ და სხვა ქვეყნების ადგილობრივი თვითმმართველობის ასოციაციებთან; მუნიციპალიტეტების საერთაშორისო ურთიერთობების ხელშეწყობა;
ვ) მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებისა და მუნიციპალიტეტების მოხელეთა სწავლების ორგანიზება, მუნიციპალიტეტების ორგანოთათვის მეთოდური და საკონსულტაციო დახმარების გაწევა;
ზ) ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციების, მოქალაქეების, მუნიციპალიტეტებსა და სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების ურთიერთდაკავშირება და მათ შორის დიალოგის ხელშეწყობა ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების მიზნით;
თ) საერთაშორისო ინსტრუმენტებით აღიარებული პრინციპებისა და ვალდებულებების, მათ შორის, ადგილობრივ დონეზე ქალისა და მამაკაცის თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების პოლიტიკის დაგეგმვისა და ეფექტიანი განხორციელების, ახალგაზრდული პოლიტიკის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის მხარდაჭერა.
მუხლი 3. ასოციაციის უფლებები
ასოციაციას თავისი მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე უფლება აქვს:
ა) შექმნას ასოციაციის აპარატის რეგიონული ოფისები;
ბ) შექმნას სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები;
გ) ჩაატაროს და მონაწილეობა მიიღოს სიმპოზიუმებში, კონფერენციებში, სემინარებსა და სხვა ღონისძიებებში;
დ) გააჩნდეს ბეჭდვითი ორგანოები, ეწეოდეს საგამომცემლო საქმიანობას;
ე) მოაწყოს შეხვედრები მოქალაქეებთან, აგრეთვე სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა წარმომადგენლებთან;
ვ) დაამყაროს კავშირები საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, როგორც საქართველოში, ასევე – საზღვარგარეთ;
ზ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დააფუძნოს ან/და მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის საწარმოების დაფუძნებაში;
თ) მუნიციპალიტეტის ინტერესების დაცვის მიზნით, საქართველოს კანონით დადგენილი წესით გამართოს კონსულტაციები სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან; მიიღოს მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებზე სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებასა და განხილვაში; თვითმმართველობის განვითარებისა და დეცენტრალიზაციის პროცესის მხარდასაჭერად მოამზადოს და დადგენილი წესით წარადგინოს განსახილველად საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების პროექტები, წინადადებები და მოსაზრებები; მონაწილეობა მიიღოს თვითმმართველობასთან დაკავშირებული კონცეფციების, სტრატეგიების, სამოქმედო გეგმებისა და პროგრამების მომზადებაში, განხილვასა და განხორციელებაში.
ი) ურთიერთობა დაამყაროს, ითანამშრომლოს, გაწევრიანდეს თვითმმართველობის საკითხებსა და პრობლემებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებში, მათ შორის, მუნიციპალიტეტებისა და მუნიციპალური ასოციაციების საერთაშორისო გაერთიანებებში; წარმოადგინოს მუნიციპალიტეტების ინტერესები საერთაშორისო პლატფორმებზე; შეასრულოს საქართველოს დელეგაციის სამდივნოს ფუნქციები ევროპის საბჭოს კონგრესში; ითანამშრომლოს სხვა სახელმწიფოების მუნიციპალურ ასოციაციებთან; ხელი შეუწყოს საქართველოს მუნიციპალიტეტების ურთიერთობების განვითარებას უცხო სახელმწიფოების მუნიციპალიტეტებთან და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან; მოიპოვოს დონორების მიერ დაფინანსებული პროექტები, ასევე ჩაერთოს და ხელი შეუწყოს წევრების ჩართვას;
კ) ორგანიზება გაუწიოს, მოიძიოს და მხარი დაუჭიროს კვალიფიკაციის ასამაღლებელ სემინარებს, შეხვედრებსა და სხვა სახის სასწავლო ფორმატებს, რომლებიც ემსახურება მუნიციპალიტეტების ადამიანური რესურსების გაძლიერებას, მუნიციპალიტეტებში პროფესიული ეთიკის ნორმების დაცვის განმტკიცებასა და საერთაშორისო ინსტრუმენტებით აღიარებული სტანდარტებით საქმიანობის წარმართვას;
ლ) შეიმუშავოს, გამოსცეს და გაავრცელოს მეთოდოლოგიური, კვლევითი და სარეკომენდაციო ხასიათის მასალები;
მ) ორგანიზება გაუწიოს ღონისძიებებს, შეხვედრებს, აქტივობებს, აგრეთვე შექმნას სხვადახვა სახის სამუშაო ფორმატები, რომლებიც ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტებს შორის დიალოგს, თანამშრომლობის განვითარებას, გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებას.
მუხლი 4. ასოციაციის წევრები და მათი უფლება–მოვალეობანი
1 ასოციაციის წევრებს წარმოადგენენ მხოლოდ მუნიციპალიტეტები. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობა განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“.
2. ასოციაციაში გაწევრიანება/წევრობიდან გასვლა შესაძლებელია აღმასრულებელი საბჭოს სახელზე მუნიციპალიტეტის განცხადების საფუძველზე. ახალ წევრად მიღებაზე/წევრობიდან გასვლაზე განცხადებას რეგისტრაციაში ატარებს ასოციაციის აპარატი და ცნობად იღებს აღმასრულებელი საბჭო.
3. ასოციაციის წევრები ვალდებულნი არიან, დაიცვან ასოციაციის წესდება და გადაიხადონ საწევრო გადასახადი.
4. თუ ასოციაციის წევრი სისტემატურად არღვევს წესდებით მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, უარს ამბობს საწევროს გადახდაზე, თავისი ქმედებით ეწინააღმდეგება ასოციაციის საქმიანობას, მიზნებსა და ამოცანებს, შეიძლება მოხდეს ასოციაციის წევრობის შეჩერება, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევაში – წევრობის შეწყვეტა.
5. ასოციაციის წევრობის შეჩერების საკითხს წყვეტს ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო. მუნიციპალიტეტის ასოციაციის წევრობიდან გარიცხვის საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს ეროვნული ასამბლეა აღმასრულებელი საბჭოს მიმართვის საფუძველზე.
6. ასოციაციის წევრს უფლება აქვს:
ა) წარადგინოს სამი დელეგატი ხმის უფლებით ეროვნულ ასამბლეაზე;
გ) მიმართოს ასოციაციის ხელმძღვანელ ორგანოებს, თავისუფლად გამოხატავდეს საკუთარ აზრს ასოციაციის საქმიანობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე;
დ) შეუფერხებლად მიიღოს ინფორმაცია ასოციაციის საქმიანობის შესახებ; ისარგებლოს ასოციაციის მიერ მიწოდებული მომსახურებითა და კონსულტაციით;
ე) მონაწილეობდეს ასოციაციის აპარატის ცენტრალური და რეგიონული ოფისების, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა და ფონდების საქმიანობაში;
ვ) თავისუფლად გავიდეს ასოციაციიდან წერილობითი განცხადების საფუძველზე.
7. ასოციაციის წევრი ვალდებულია:
ა) დაიცვას ამ წესდების, ასოციაციის შიდა დებულებებისა და რეგლამენტების მოთხოვნები;
ბ) ასოციაციის ხელმძღვანელი ორგანოების მიერ დადგენილ ვადაში და ოდენობით გადაიხადოს საწევრო გადასახადი;
გ) მონაწილეობა მიიღოს ასოციაციის საქმიანობაში, ხელი შეუწყოს ასოციაციის ხელმძღვანელი ორგანოების გადაწყვეტილებების შესრულებას;
დ) მიაწოდოს ასოციაციის ორგანოებს საქმიანობისათვის საჭირო ინფორმაცია;
ე) გაუფრთხილდეს ასოციაციის სახელს, საქმიან რეპუტაციასა და ქონებას.
8. ასოციაციის წევრების სხვა უფლება-მოვალეობანი განისაზღვრება ამ წესდების შესაბამისად, ასოციაციასა და ასოციაციის წევრებს შორის დადებული თანამშრომლობის ხელშეკრულებებით. თანამშრომლობის ხელშეკრულების ტიპიურ ფორმას ამტკიცებს ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო.
მუხლი 5. ასოციაციის ეროვნული ასამბლეა
1. ასოციაციის უმაღლესი მმართველობითი ორგანოა ეროვნული ასამბლეა. ეროვნული ასამბლეის სხდომა მოიწვევა ოთხ წელიწადში ერთხელ აღმასრულებელი საბჭოს მიერ. ეროვნული ასამბლეის რიგგარეშე სხდომის მოწვევა შეუძლია ასოციაციის აღმასრულებელ საბჭოს ან/და ასოციაციის წევრთა 1/3-ს წერილობითი განცხადების საფუძველზე, ხოლო წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში ასევე სარევიზიო კომისიას. ასოციაციის ეროვნული ასამბლეა შედგება ასოციაციის ყოველი წევრის 3 დელეგატისგან, საიდანაც ერთი, როგორც წესი, უნდა იყოს მუნიციპალიტეტის მერი, ხოლო დანარჩენი ორი – მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი. დელეგაციის შემადგენლობა უნდა ითვალისწინებდეს დელეგატების წარმომდგენი მუნიციპალიტეტის საკრებულოში არსებულ პოლიტიკურ ბალანსს.
2. ასოციაციის ეროვნული ასამბლეის სხდომაში ასოციაციის წევრები მონაწილეობენ ამ წესდებითა და ეროვნული ასამბლეის რეგლამენტით დადგენილი წესის შესაბამისად.
3. ასოციაციის ეროვნული ასამბლეის დელეგატის მიერ მერის/საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის ან პირადი განცხადებით დელეგატის უფლებამოსილების მოხსნის შემთხვევაში მისი შემცვლელი დასახელდება ეროვნული ასამბლეის რეგლამენტით დადგენილი წესის შესაბამისად.
4. ასოციაციის ეროვნული ასამბლეის სხდომას წარმართავს სხდომის თავმჯდომარე, რომელსაც ღია კენჭისყრით, დამსწრეთა ხმათა უმრავლესობით ირჩევს ეროვნული ასამბლეა საკუთარი შემადგენლობიდან. სხდომის თავმჯდომარის კანდიდატურას ასახელებს ეროვნული ასამბლეის არანაკლებ სამი დელეგატი.
5. ასოციაციის ეროვნული ასამბლეის სხდომის თავმჯდომარე დელეგატთა შემადგენლობიდან ასახელებს სხდომის მდივნის კანდიდატურას, რომელსაც დამსწრეთა ხმათა უმრავლესობით, ღია კენჭისყრით ირჩევს ეროვნული ასამბლეა.
6. ასოციაციის ეროვნული ასამბლეის სხდომის თავმჯდომარისა და სხდომის მდივნის ხელმოწერებით დასტურდება ეროვნული ასამბლეის მიერ სხდომის გამართვისა და გადაწყვეტილებათა მიღების ამ წესდებითა და ეროვნული ასამბლეის რეგლამენტით დადგენილ დებულებებთან შესაბამისობა და ეროვნული ასამბლეის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
7. ასოციაციის ეროვნული ასამბლეის გადაწყვეტილებები ფორმდება ეროვნული ასამბლეის სხდომის ოქმით. ეროვნული ასამბლეის სხდომის ოქმის შედგენას უზრუნველყოფს სხდომის მდივანი, ხოლო ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და სხდომის მდივანი.
8. ასოციაციის ეროვნული ასამბლეის სხდომა, ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებით, შეიძლება ჩატარდეს ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით (სპეციალური ვებ-პლატფორმის/ელექტრონული პორტალის მეშვეობით), გარდა ფარული კენჭისყრით მისაღები გადაწყვეტილებებისა. ელექტრონული საშუალების გამოყენებით ასოციაციის ეროვნული ასამბლეის სხდომა არ შეიძლება ჩატარდეს შერეული პრინციპით – ნაწილი დელეგატების ელექტრუნული საშუალების გამოყენებით და ნაწილის –ფიზიკურად დასწრებით. ელექტრონული საშუალების გამოყენებით ეროვნული ასამბლეის სხდომის გამართვის წესი და პროცედურები განისაზღვრება ეროვნული ასამბლეის რეგლამენტით.
9. ასოციაციის ეროვნული ასამბლეა:
ა) ამტკიცებს ასოციაციის წესდებას, შეაქვს მასში ცვლილებები და დამატებები;
ბ) ირჩევს ასოციაციის პრეზიდენტსა და ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრებს;
გ) ირჩევს ასოციაციის სარევიზიო კომისიის წევრებსა და სათადარიგო წევრებს;
დ) ისმენს და ამტკიცებს ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ;
ე) ამტკიცებს ასოციაციის სარევიზიო კომისიის ანგარიშებს;
ვ) იღებს გადაწყვეტილებას ასოციაციის წევრობის შეწყვეტის თაობაზე;
ზ) ამტკიცებს ასოციაციის სიმბოლიკას და შეაქვს მასში ცვლილებები;
თ) ასოციაციის მიზნებიდან გამომდინარე, ასოციაციის საქმიანობის შესახებ მითითებებს აძლევს ასოციაციის ხელმძღვანელ ორგანოს/პირს.
10. ასოციაციის ეროვნული ასამბლეა უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას და მიიღოს გადაწყვეტილებები მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე, თუ მას ესწრება დელეგატთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
11. ასოციაციის ეროვნული ასამბლეის სხდომაზე გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ განსახილველ საკითხს მხარს დაუჭერს დამსწრე დელეგატთა ნახევარზე მეტი. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში ასოციაციის პრეზიდენტს აქვს გადამწყვეტი ხმის უფლება.
12. ასოციაციის აპარატი უზრუნველყოფს ასოციაციის წევრთა გაფრთხილებას ასოციაციის ეროვნული ასამბლეის სხდომის ჩატარებამდე 7 დღით ადრე მაინც.
13. ასოციაციის ეროვნული ასამბლეის სხდომაზე ასოციაციის წესდებაში/სადამფუძნებელო შეთანხმებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების 2/3-ით. შეცვლილი რედაქციით დამტკიცებულ წესდებას ხელს აწერს ასოციაციის პრეზიდენტი.
14. ასოციაციის ეროვნული ასამბლეის სხდომაზე გადაწყვეტილებები მიიღება წევრთა სიითი შემადგენლობის 3/4-ით;
ა) ასოციაციის ლიკვიდაციისა ან რეორგანიზაციის შესახებ;
ბ) ასოციაციის მიზნების შეცვლის შესახებ.
15. ასოციაციის ეროვნული ასამბლეის მოწვევის, ასამბლეის დღის წესრიგის განსაზღვრის, საკითხების განხილვის, გადაწყვეტილებების მიღების, სხდომის ოქმის შედგენის, ასოციაციის პრეზიდენტის, აღმასრულებელი საბჭოსა და სარევიზიო კომისიის წევრთა კანდიდატურების შერჩევის, წარდგენისა და მათი არჩევის წესი და ასოციაციის ეროვნული ასამბლეის მუშობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება ამ წესდების შესაბამისად, ასოციაციის ეროვნული ასამბლეის რეგლამენტით.
მუხლი 6. ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო
1. ასოციაციის ხელმძღვანელ ორგანოს წარმოადგენს და ასოციაციის ეროვნული ასამბლეის სხდომებს შორის პერიოდში ასოციაციას მართავს ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო, რომელიც შედგება ასოციაციის პრეზიდენტისა და ასოციაციის ეროვნული ასამბლეის მიერ ეროვნული ასამბლეის შემადგენლობიდან 4 წლის ვადით არჩეული ოცდასამი წევრისგან, საიდანაც ორ-ორი წევრი შეირჩევა საქართველოს თითეული რეგიონიდან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკიდან, 3 წევრი კი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტიდან.
2. ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომები მოიწვევა წელიწადში ერთხელ მაინც. რიგგარეშე სხდომა მოიწვევა ასოციაციის პრეზიდენტის, ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ან ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრთა 1/3-ის ინიციატივით. აღმასრულებელი საბჭოს სხდომებს იწვევს და სხდომის დღის წესრიგს განსაზღვრავს ასოციაციის პრეზიდენტი. სხდომა უფლებამოსილია, თუ მასში მონაწილეობს ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარი მაინც. გადაწყვეტილებები მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით, თუ სხვა რამ არ არის დადგენილი წინამდებარე წესდებით ან აღმასრულებელი საბჭოს დებულებით. აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებებს ხელს აწერს ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომის თავმჯდომარე და სხდომის მდივანი.
3. ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომის გამართვა და აღმასრულებელი საბჭოს მიერ გადაწყვეტილებების მიღება შეიძლება განხორციელდეს ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით (სპეციალური ვებ-პლატფორმის/ელექტრონული პორტალის მეშვეობით). აღმასრულებელი საბჭოს სხდომის გამართვის წესი და პროცედურები განისაზღვრება აღმასრულებელი საბჭოს დებულებით.
4. ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი აღმასრულებელი საბჭოს სხდომებში მონაწილეობს პირადად. აღმასრულებელი საბჭოს სხდომებს სათათბირო ხმის უფლებით ესწრება ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი.
5. ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს განსახილველი საკითხის აღმასრულებელი საბჭოს წევრებისთვის წარდგენა და მათზე აღმასრულებელი საბჭოს წევრების მიერ პოზიციის (თანხმობა/უარი) გამოხატვა შესაძლებელია განხორციელდეს ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
6. ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო:
ა) განიხილავს და ამტკიცებს ასოციაციის აპარატის სტრუქტურას;
ბ) ამტკიცებს ასოციაციის საქმიანობის მარეგულირებელ შიდა დოკუმენტებს, აღმასრულებელი საბჭოს დებულებას, ასოციაციის სათათბირო ორგანოების დებულებებს, ტიპურ ხელშეკრულებას ასოციაციასა და ასოციაციის წევრებს შორის თანამშრომლობის შესახებ;
გ) ამტკიცებს საწევროს ოდენობასა და გადახდის წესს;
დ) აღმასრულებელი საბჭოს წევრებიდან ირჩევს პირველ ვიცე-პრეზიდენტსა და არაუმეტეს სამ ვიცე-პრეზიდენტს;
ე) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორს;
ვ) ამტკიცებს ასოციაციის სტრატეგიას, სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმებს, სამუშაო გეგმებსა და ასოციაციის მიერ განსახორციელებელ პროექტებს;
ზ) აფუძნებს ასოციაციის აპარატის რეგიონულ ოფისებს, ამტკიცებს მათ სამოქმედო დებულებებს, სტრუქტურასა და საშტატო ნუსხას;
თ) აკომპლექტებს ევროპის საბჭოს კონგრესსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს დელეგაციის შემადგენლობას;
ი) ქმნის ასოციაციის სასწავლო, სამეცნიერო, საგამომცემლო დაწესებულებებსა და საწარმოებს; ამტკიცებს მათ ხელმძღვანელებს, სამოქმედო დებულებებს, სტრუქტურასა და საშტატო ნუსხას;
კ) ისმენს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, სასწავლო, სამეცნიერო, საგამომცემლო დაწესებულებებისა და საწარმოების ხელმძღვანელების ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ;
ლ) იღებს გადაწყვეტილებას ასოციაციის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის შესახებ, მათ შორის, ასოციაციის მიერ ქონების შეძენის/გასხვისების/ვალდებულებით დატვირთვის თაობაზე;
მ) ქმნის სამუშაო ჯგუფებს, კომისიებს, კომიტეტებს, ამტკიცებს მათ თავმჯდომარეებსა და კომიტეტების/კომისიების/სამუშაო ჯგუფების შემადგენლობას, მათ სტრატეგიებს, სამოქმედო დებულებებს და სამუშაო გეგმებს; ისმენს მათ ანგარიშებს;
ნ) უფლებამოსილია, შეიტანოს ცვლილება ასოციაციის წესდებაში ასოციაციის მისამართის ცვლილების ნაწილში ასოციაციის ეროვნული ასამბლეისგან დამოუკიდებლად. ასეთ შემთხვევაში ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი უფლებამოსილია, მიმართოს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ასოციაციის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციის – ასოციაციის მისამართის შეცვლის მოთხოვნით;
ო) ითანხმებს ასოციაციის სახელით თანამშრომლობის შესახებ დადებულ შეთანხმებებსა და მემორანდუმებს პარტნიორ ორგანიზაციებთან, აგრეთვე პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით განსახორციელებელ პროექტებს;
პ) ამტკიცებს და ცვლილებები შეაქვს ასოციაციის ბიუჯეტში;
ჟ) ასოციაციის მიზნებიდან გამომდინარე, იღებს გადაწყვეტილებებს ასოციაციის საქმიანობის შესახებ;
რ) იღებს გადაწყვეტილებებს სხვა იურიდიულ პირებში ასოციაციის გაწევრიანების ან პარტნიორად/დამფუძნებლად შესვლის თაობაზე;
ს) განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებებს ასოციაციის საქმიანობასთან დაკავშირებით იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც არ განეკუთვნება ასოციაციის ეროვნული ასამბლეის განსაკუთრებულ კომპეტენციას.
7. ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრს უფლებამოსილება უწყდება მის მიერ მერის/საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის (გარდა ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) ან აღმასრულებელი საბჭოს წევრის უფლებამოსილების მოხსნის შემთხვევაში, პირადი განცხადების საფუძველზე. აღმასრულებელი საბჭოს წევრობის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი უფლებამოსილია, მიმართოს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ასოციაციის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციის – უფლებამოსილებაშეწყვეტილი აღმასრულებელი საბჭოს წევრის აღმასრულებელი საბჭოს შემადგენლობიდან ამორიცხვის მოთხოვნით; ასეთ შემთხვევაში უფლებამოსილებაშეწყვეტილი აღმასრულებელი საბჭოს წევრის შემცვლელი აირჩევა შესაბამისი რეგიონის რეგიონულ შეხვედრაზე ეროვნული ასამბლეის რეგლამენტითა და აღმასრულებელი საბჭოს დებულებით დადგენილი წესით.
8. ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს შექმნის, საქმიანობისა და სხდომების ჩატარების წესი, ასევე, აღმასრულებელი საბჭოს ფუნქციონირებასთან დაკავშირებული სხვა წესები განისაზღვრება წინამდებარე წესდებითა და ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს დებულებით.
9. ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო უფლებამოსილებას ახორციელებს აღმასრულებელი საბჭოს ახალი შემადგენლობის ფორმირებამდე.
მუხლი 7. ასოციაციის პრეზიდენტი
1. ასოციაციის პრეზიდენტს ირჩევს ასოციაციის ეროვნული ასამბლეა 4 წლის ვადით დამსწრე დელეგატთა ხმათა უბრალო უმრავლესობით.
2. ასოციაციის პრეზიდენტი:
ა) წარმართავს ასოციაციის საქმიანობას საწესდებო მიზნების მისაღწევად;
ბ) განსაზღვრავს ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომის დღის წესრიგს, თავმჯდომარეობს და წარმართავს ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომებს, ხელს აწერს აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებებს;
გ) ასოციაციის ეროვნულ ასამბლეას წარუდგენს საანგარიშო მოხსენებას გაწეული საქმიანობის შესახებ;
დ) წარმოადგენს ასოციაციას სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისას;
ე) ასოციაციის აღმასრულებელ საბჭოსთან შეთანხმებით ასოციაციის სახელით ხელს აწერს თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებებსა და მემორანდუმებს პარტნიორ ორგანიზაციებთან;
ვ) წესდების მე-10 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ასრულებს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ცალკეულ უფლებამოსილებას, ხოლო წესდების მე-10 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ასოციაციის აღმასრულებელ საბჭოსთან შეთანხმებით, ნიშნავს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის დროებით მოვალეობის შემსრულებელს;
ზ) ახორციელებს ამ წესდებით, ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს დებულებითა და ასოციაციის ორგანოთა საქმიანობის მარეგულირებელი შიდა დოკუმენტებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. ასოციაციის პრეზიდენტის უფლებამოსილება წყდება ახალი პრეზიდენტის არჩევისთანავე.
მუხლი 8. ასოციაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტები
1. ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო ასოციაციის პრეზიდენტის წარდგინებით თავისი შემადგენლობიდან ირჩევს პირველ ვიცე-პრეზიდენტსა და არაუმეტეს სამ ვიცე-პრეზიდენტს. შეძლებისდაგვარად, ყველა ვიცე-პრეზიდენტი არ უნდა იყოს ერთი სქესის წარმომადგენელი.
2. ასოციაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ასრულებს ასოციაციის პრეზიდენტის უფლება-მოვალეობებს მისი არყოფნის შემთხვევაში.
3. ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტები ასოციაციის პრეზიდენტის დავალებით, აგრეთვე ასოციაციის მიერ მიღებულ დოკუმენტების შესაბამისად, ახორციელებენ ასოციაციის საქმიანობასთან დაკავშირებულ უფლებამოსილებებს.
მუხლი 9. ასოციაციის სარევიზიო კომისია
1. ასოციაციის საფინანსო და სამეურნეო საქმიანობის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის კონტროლის მიზნით, ასოციაცია ქმნის სარევიზიო კომისიას, რომელიც შედგება ასოციაციის ეროვნული ასამბლეის მიერ საკუთარი შემადგენლობიდან არჩეული სამი წევრისაგან. ასოციაციის სარევიზიო კომისიის წევრი იმავდროულად არ შეიძლება იყოს ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი ან ეკავოს სხვა თანამდებობა ასოციაციაში. ასოციაციის სარევიზიო კომიისიის წევრთა შერჩევის წესი განისაზღვრება ამ წესდების შესაბამისად, ასოციაციის ეროვნული ასამბლეის რეგლამენტით.
2. ასოციაციის სარევიზიო კომისია აკონტროლებს ასოციაციის ფინანსური სახსრებისა თუ სხვა ქონების საწესდებო მიზნების შესაბამისად გამოყენებას.
3. ასოციაციის სარევიზიო კომისიის საქმიანობას წარმართავს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე, რომელსაც ირჩევს სარევიზიო კომისია. სარევიზიო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის ორი წევრი მაინც. გადაწყვეტილებები მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფისას კომისიის თავმჯდომარეს გადამწყვეტი ხმა აქვს.
4. ასოციაციის სარევიზიო კომისია:
ა) პერიოდულად ეცნობა ასოციაციის ფინანსურ დოკუმენტებს, ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოსათვის ამზადებს შესაბამის დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
ბ) წარუდგენს ასოციაციის ეროვნულ ასამბლეას ანგარიშს ასოციაციის ფინანსურ საქმიანობასთან დაკავშირებით;
გ) ესწრება ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომებს.
5. ასოციაციის სარევიზიო კომისიის წევრს უფლებამოსილება უწყდება მის მიერ მერის/საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის ან ასოციაციის სარევიზიო კომისიის წევრის უფლებამოსილების მოხსნის შემთხვევაში, პირადი განცხადების საფუძველზე. სარევიზიო კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში უფლებამოსილებაშეწყვეტილი სარევიზიო კომისიის წევრის ადგილს იკავებს კომისიის სათადრიგო წევრი, რომლის შერჩევის პროცედურა განისაზღვრება ეროვნული ასამბლეის რეგლამენტით.
6. ასოციაციის სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე ვალდებულია მოიწვიოს კომისიის სხდომა, თუკი მას თხოვნით მიმართავს ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო ან ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი.
7. ასოციაციის სარევიზიო კომისიის სხდომის დღის წესრიგს ადგენს კომისიის თავმჯდომარე.
8. ასოციაციის სარევიზიო კომისიის ყოველ სხდომაზე აირჩევა სხდომის მდივანი, რომელიც ადგენს და ყველა დამსწრესთან ერთად ხელს აწერს სხდომის ოქმს.
9. იმ შემთხვევაში, თუ შესასწავლი საკითხი საჭიროებს სპეციალურ ცოდნას, ასოციაციის სარევიზიო კომისია უფლებამოსილია, ასოციაციის შიდა რეგულაციებით დადგენილი წესის შესაბამისად მოიწვიოს შესაბამისი სპეციალისტი ან ექსპერტი. ასოციაცია ვალდებულია დროულად დაფაროს სპეციალისტის ან ექსპერტის მოწვევასთან დაკავშირებული ხარჯები ასოციაციის სახსრებიდან.
10. თუ გამოვლენილი დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე აუცილებელია ზომების დაუყოვნებლივ მიღება და ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო ვერ ან არ ახორციელებს საჭირო ზომებს, სარევიზიო კომისია უფლებამოსილია, მოიწვიოს რიგგარეშე ეროვნული ასამბლეა ან აღნიშნული საკითხი შეიტანოს ეროვნული ასამბლეის მორიგი სხდომის დღის წესრიგში.
მუხლი 10. ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი
1. ასოციაციის საქმიანობას ორგანიზაციულად უზრუნველყოფს აღმასრულებელი დირექტორი.
2. ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ხელმძღვანელობს ასოციაციის აპარატს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია ასოციაციის მართვის ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებაზე.
3. ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორს, კონკურსის საფუძველზე, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს აღმასრულებელი საბჭო.
4. აღმასრულებელი დირექტორის ცალკეული უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, პრეზიდენტი ასრულებს აღმასრულებელი დირექტორის ამ უფლებამოსილებას.
5. აღმასრულებელი დირექტორის გადადგომის, უფლებამოსილების შეწყვეტის ან მის მიერ უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში ახალი აღმასრულებელი დირექტორის არჩევამდე პრეზიდენტი აღმასრულებელ საბჭოსთან შეთანხმებით, ნიშნავს აღმასრულებელი დირექტორის დროებითი მოვალეობის შემსრულებელს.
6. აღმასრულებელი დირექტორი:
ა) ხელმძღვანელობს ასოციაციის აპარატის საქმიანობას. თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ასოციაციის აპარატის ცენტრალური და რეგიონული ოფისების თანამშრომლებს, იწვევს და აფორმებს მათთან შრომით ხელშეკრულებებს;
ბ) ნიშნავს და ათავისუფლებს პროექტის კოორდინატორებსა და თანამშრომლებს, ზედამხედველობს მათ საქმიანობას;
გ) ორგანიზაციულად უზრუნველყოფს ასოციაციის ეროვნული ასამბლეისა და აღმასრულებელი საბჭოს საქმიანობას;
დ) ორგანიზაციულად უზრუნველყოფს ეროვნული ასამბლეის, ასოციაციის პრეზიდენტისა და აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებათა განხორციელებას;
ე) ხელს აწერს ასოციაციის საფინანსო დოკუმენტებსა და ხელშეკრულებებს;
ვ) ხელს აწერს ასოციაციის სახელით პარტნიორ ორგანიზაციებთან დასადებ შეთანხმებებსა და მემორანდუმებს აღმასრულებელი საბჭოს თანხმობით;
ზ) ასრულებს სხვა ორგანიზაციულ ფუნქციებს.
7. აღმასრულებელი დირექტორი ანგარიშვალდებულია ასოციაციის პრეზიდენტისა და აღმასრულებელი საბჭოს წინაშე.
მუხლი 11. ასოციაციის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირები
1. ასოციაციის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირები არიან ასოციაციის პრეზიდენტი და ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი.
2. ხელმძღვანელობითი უფლებამოსილება გულისხმობს უფლებამოსილების ფარგლებში ასოციაციის სახელით გადაწყვეტილებების მიღებას. ასოციაციის პრეზიდენტი და ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი თავის ხელმძღვანელობით უფლებამოსილებას ახორციელებენ მოქმედი კანონმდებლობის, ამ წესდებისა და ასოციაციის სხვა დებულებებისა და რეგლამენტების შესაბამისად.
3. წარმომადგენლობითი უფლებამოსილება გულისხმობს ასოციაციის სახელით გამოსვლას მესამე პირებთან ურთიერთობაში. ასოციაციის პრეზიდენტსა და ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორს აქვთ ერთპიროვნული წარმომადგენლობითი უფლებამოსილება. ისინი წარმომადგენლობით უფლებამოსილებას ახორციელებენ წესდებით განსაზღვრული წესის შესაბამისად.
მუხლი 12. ასოციაციის აპარატი
1. ასოციაციის მართვის ორგანოები თავის საქმიანობას ახორციელებენ ასოციაციის აპარატის დახმარებით.
2. ასოციაციის აპარატი:
ა) ახორციელებს ასოციაციის ორგანოთა ორგანიზაციულ, საინფორმაციო და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას;
ბ) უზრუნველყოფს ასოციაციის გამართულ საქმიანობას, ეფექტიან და მჭიდრო კავშირს ასოციაციის წევრებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისას;
გ) უზრუნველყოფს ასოციაციის პრეზიდენტის, აღმასრულებელი საბჭოსა და აღმასრულებელი დირექტორის დავალებების შესრულებას.
მუხლი 13. ასოციაციის საკონსულტაციო ორგანოები
1. ასოციაციის საქმიანობის ეფექტიანობის ხელშეწყობისა და ასოციაციის ხელმძღვანელი ორგანოების მიერ ცალკეული საკითხების კომპეტენტურად მომზადების მიზნით ასოციაციის აღმასრულებელ საბჭოსთან შეიძლება შეიქმნას საკონსულტაციო ორგანოები.
2. აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებით ცალკეულ პრობლემურ საკითხთა განხილვის მიზნით შეიძლება შეიქმნას სპეციალური საბჭოები სახელმწიფო ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების, ექსპერტებისა და სპეციალისტების მონაწილეობით.
3. საკონსულტაციო ორგანოების სხდომების მოწვევისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ასოციაციის საკონსულტაციო ორგანოების დებულებით, რომელსაც ამტკიცებს აღმასრულებელი საბჭო.
მუხლი 14. ასოციაციის კომიტეტები
1. ასოციაციის მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე ადგილობრივ თვითმმართველობასთან დაკავშირებული სამართლებრივი, საფინანსო, ეკონომიკური, სოციალური და სხვა მიმართულებით საკითხების მომზადების, განხილვისა და განხორციელებაში მონაწილეობის მიზნით, აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებით შეიძლება შეიქმნას შესაბამისი მიმართულების კომიტეტები.
2. კომიტეტი იქმნება აღმასრულებელი საბჭოს უფლებამოსილების ვადით.
3. კომიტეტის შემადგენლობას ამტკიცებს აღმასრულებელი საბჭო აღმასრულებელი დირექტორის წარდგინებით.
4. კომიტეტის შემადგენლობაში შეიძლება დაინიშნონ მუნიციპალიტეტის არჩევითი თანამდებობის პირები.
5. კომიტეტში ცალკეული საკითხების განხილვისას, კომიტეტის გადაწყვეტილებით შესაძლოა, მოწვეული იყვნენ სპეციალისტები, ექსპერტები, სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
6. კომიტეტის წევრები თავის საქმიანობას ახორციელებენ სამსახურებრივი საქმიანობისაგან მოუწყვეტლად და უსასყიდლოდ.
7. კომიტეტის უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება კომიტეტის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს აღმასრულებელი საბჭო აღმასრულებელი დირექტორის წარდგინებით.
მუხლი 15. ასოციაციის კომისიები და დროებითი სამუშაო ჯგუფები
1. ასოციაციის კომისია/დროებითი სამუშაო ჯგუფი იქმნება აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებით ასოციაციის უფლებამოსილების სფეროში შემავალ ცალკეულ საკითხთა შესწავლის ან ცალკეული სპეციფიკური საკითხების მომზადების მიზნით.
2. ასოციაციის კომისიაში/დროებით სამუშაო ჯგუფში შესაძლოა მოწვეული იყვნენ როგორც მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები, ისე შესაბამისი სფეროს სპეციალისტები, ექსპერტები და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები.
3. კომისიის/დროებითი სამუშაო ჯგუფის შემადგენლობას ამტკიცებს აღმასრულებელი საბჭო აღმასრულებელი დირექტორის წარდგინებით.
4. კომისიის/დროებითი სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილება, საქმიანობის ვადა და მუშაობის ორგანიზება განისაზღვრება კომისიის/დროებითი სამუშაო ჯგუფის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს აღმასრულებელი საბჭო.
მუხლი 16. კონფიდენციალურობა
ასოციაციის ეროვნული ასამბლეის, აღმასრულებელი საბჭოსა და სარევიზიო კომისიის წევრები, ასევე ასოციაციის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირები, ასოციაციის აპარატის თანამშრომლები და ასოციაციაში დასაქმებული სხვა პირები ვალდებულნი არიან, როგორც თანამდებობაზე/წევრად ყოფნის განმავლობაში, ასევე თანამდებობის/წევრობის დატოვების შემდგომ არ გაავრცელონ ინფორმაცია, რომელიც მათთვის ცნობილი გახდა თანამდებობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
მუხლი 17. ასოციაციის ქონება და ფინანსური სახსრები
1. ასოციაციის ქონებას შეადგენს ასოციაციის ცენტრალური და რეგიონული ოფისების, ასოციაციის მიერ დაფუძნებული დაწესებულებებისა და საწარმოების უძრავ-მოძრავი ქონება, ძირითადი საბრუნავი საშუალებანი, საფინანსო სახსრები და სხვა ფასეულობანი, რომლებიც ასახულია ასოციაციის ბალანსზე და მოცემული წესდების შესაბამისად, გათვალისწინებულია მისი საქმიანობის მატერიალური უზრუნველყოფისათვის.
2. ასოციაციის სახსრები იქმნება: საწევრო გადასახადით, ასოციაციის წევრების დამატებითი და მიზნობრივი შენატანებით, ასოციაციის დონორი საერთაშორისო ორგანიზაციების შენატანებით, დამხმარე სახის სამეწარმეო საქმიანობით მიღებული შემოსავლებით, ადგილობრივი და უცხოელი ფიზიკური და იურიდიული პირების უსასყიდლო და საქველმოქმედო შემოწირულობებით, გრანტებით, სესხებითა და სხვა საშუალებით მიღებული შემოსავლებით, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.
3. ასოციაციის წევრები საწევრო გადასახადს იხდიან ყოველწლიურად, აღმასრულებელი საბჭოს მიერ დადგენილი ოდენობით და წესით, ხოლო დამატებით და მიზნობრივ შენატანებს თანამშრომლობის ხელშეკრულებით განსაზღვრული ოდენობითა და წესით.
4. ასოციაციას შეუძლია საკუთრებაში იქონიოს შენობები, ნაგებობები, მოწყობილობები, ინვენტარი, სატრანსპორტო საშუალებანი, ფულადი სახსრები, ფასიანი ქაღალდები და სხვა ქონება, რომელიც საჭიროა წესდებით გათვალისწინებული მიზნების უზრუნველყოფისათვის.
მუხლი 18. ასოციაციის საწარმოო–სამეურნეო საქმიანობა
1. ასოციაციას კანონით დადგენილი წესით უფლება აქვს, დააფუძნოს ან მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის საწარმოების დაფუძნებაში და მათგან მიღებული შემოსავლები გამოიყენოს საკუთარი საქმიანობისათვის.
2. ასოციაცია ეწევა საბუღალტრო, სტატისტიკურ და ოპერატიულ აღრიცხვასა და ანგარიშებს, პასუხისმგებელია მათი უტყუარობისათვის.
3. ასოციაციის საფინანსო წელი ემთხვევა კალენდარულ წელს.
მუხლი 19. ასოციაციის საქმიანობის შეწყვეტა
1. ასოციაციის ლიკვიდაცია ხდება ეროვნული ასამბლეის გადაწყვეტილებით.
2. ასოციაციის სამართლებრივი ფორმის შეცვლა დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სამართლებრივი ფორმის შეცვლით იგი საჯარო სამართლის იურიდიულ პირად გარდაიქმნება.
3. ასოციაციის გაყოფა (დაყოფა, გამოყოფა), შერწყმა (გაერთიანება, მიერთება) და ლიკვიდაცია ხორციელდება მეწარმე სუბიექტის ლიკვიდაციისათვის/ რეორგანიზაციისათვის საქართველოს კანონმდებლობით და ამ წესდებით დადგენილი წესით.
4. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების მიღებაზე უფლებამოსილ პირებს განსაზღვრავს ასოციაციის ეროვნული ასამბლეა. ლიკვიდაციისას ქონების გასხვისება შესაძლებელია, თუ:
ა) ხელს შეუწყობს ასოციაციის მიერ დასახული მიზნების განხორციელებას;
ბ) ემსახურება საქველმოქმედო მიზნებს;
გ) ქონება გადაეცემა სხვა არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს.
5. აკრძალულია ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების განაწილება ასოციაციის წევრებს, ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირებს შორის.
6. თუ ასოციაციის ეროვნულმა ასამბლეამ არ განსაზღვრა ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების მიღებაზე უფლებამოსილი პირი, სასამართლო ასოციაციის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილ ქონებას გადასცემს შესაბამისად ერთ ან რამდენიმე არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, რომლებსაც აქვთ იგივე ან მსგავსი მიზნები, როგორიც ლიკვიდირებულ ასოციაციას. თუ ასეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი არ არსებობს ან შეუძლებელია მისი გამოვლენა, შეიძლება მიღებული იქნეს გადაწყვეტილება ამ ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემის შესახებ. სასამართლომ ქონება შეიძლება გაანაწილოს ლიკვიდაციის პროცესის რეგისტრაციის დაწყებიდან 6 თვის შემდეგ.
მუხლი 20. დასკვნითი დებულებები
1. ურთიერთობები, რომლებიც ამ წესდებით არ რეგულირდება, წესრიგდება მოქმედი კანონმდებლობით, აგრეთვე ამ წესდების შესაბამისად მიღებული ასოციაციის შიდა დოკუმენტებით.
2. თუ ამ წესდების რომელიმე მუხლი/პუნქტი/ქვეპუნქტი ბათილად იქნა ცნობილი, ეს გავლენას არ მოახდენს წესდების სხვა მუხლების/პუნქტების/ქვეპუნქტების ნამდვილობაზე.
3. ეს წესდება ძალაში შედის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრაციის მომენტიდან.
4. ასოციაციის წესდებაში ცვლილებები და დამატებები შედის ასოციაციის წესდებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად.
