საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია წარმოადგენს არასამთავრობო, არასამეწარმეო და არაპოლიტიკურ ორგანიზაციას, რომელიც აერთიანებს საქართველოს ყველა
ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულს.
ასოციაციის მიზანია, ქვეყანაში ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემის სრულყოფა და ადგილობრივი დემოკრატიის განვითარება, სახელმწიფო ძალაუფლების დეცენტრალიზაცია და ადგილობრივი
თვითმმართველობის ინსტიტუციების განვითარება. აღნიშნული მიზნების მიღწევაში გენდერული
თანასწორობისა და გენდერული მეინსტრიმინგის პრინციპების დაცვა და გაძლიერება ათეა-ს ერთ-ერთ
მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს.
აღნიშნული პრიორიტეტის რეალიზებისთვის, ათეამ, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, შეიმუშავა გენდერული თანასწორობის და გენდერული მეინსტრიმინგის სტრატეგია.
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია 2004 წლის 17 დეკემბერს ევროპის საბჭოსა და ევროკომისიის ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში დაფუძნდა. დამფუძნებელ ყრილობაზე ყველა დონის თვითმმართველობიდან (სოფელი, თემი, დაბა, ქალაქი) მოწვეული იყო 600 დელეგატი, რომელთაც დაამტკიცეს ასოციაციის წესდება, აირჩიეს ორგანიზაციის პრეზიდენტი და აღმასრულებელი საბჭო. დაფუძნების პროცესში ჩართული იყო მრავალი საერთაშორისო ორგანიზაცია და თვითმმართველობის ევროპული ასოციაცია.
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის მიზნებია:
• დაიცვას თვითმმართველობის ორგანოთა ინტერესები ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე;
• ხელი შეუწყოს საქართველოში ადგილობრივი დემოკრატიის განვითარებას;
• ითანამშრომლოს ცენტრალურ ხელისუფლებასთან დეცენტრალიზაციის სფეროში;
• მოაწოდოს კვალიფიციური მომსახურება წევრ თვითმმართველობებს;
• ხელი შეუწყოს თვითმმართველობების მოხელეთა და არჩეულ პირთა კვალიფიკაციის ამაღლებას და სოციალური გარანტიების შექმნას;
• მოახდინოს ადგილობრივი თვითმმართველობის პრობლემათა იდენტიფიცირება, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა ურთიერთდაკავშირება და არსებული პრაქტიკული გამოცდილებისა და მიღწევათა განზოგადება/დანერგვა;
ასოციაცია თანამშრომლობს მრავალ საერთაშორისო ორგანიზაციასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპულ გაერთიანებებთან.
ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია არის საქართველოს მთავრობის პარტნიორი ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის თვითმმართველობათა პალატაში დელეგაციის წარდგენისას.