მუნიციპალიტეტებში კარგი მმართველობის ხელშეწყობისა და მუნიციპალური მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ათეა-მ ახალი პროექტი დაიწყო
2024-09-11საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით და ევროკავშირის დაფინანსებით ახალი პროექტი ,,დეცენტრალიზებული ეფექტური და ინკლუზიური მმართველობის ხელშეწყობა საქართველოში (EU4ITD)’’ დაიწყო.
პროექტი, რომლის მიზანსაც მუნიციპალიტეტებში კარგი მმართველობის ხელშეწყობა და მუნიციპალური მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება წარმოადგენს, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, ასევე იმერეთის, კახეთისა და გურიის მუნიციპალიტეტებს მოიცავს.
პროექტის დეტალური ინფორმაციის გაცნობის მიზნით, დღეს ორი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელთა აუდიტორიასაც სამიზნე მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოების თავმჯდომარეები, ასევე მერიების ადმინისტრაციების თანამშრომლები წარმოადგენდნენ.
შეხვედრებში, რომლებიც ათეა-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო რუხაძემ გახსნა, ასევე ჩართულნი იყვნენ პროექტის ექსპერტი, მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრის- MSDC აღმასრულებელი დირექტორი, კოკა კიღურაძე, პროექტის ასისტენტი ელენე ჩხეიძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებისა და პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი, ნიკოლოზ როსებაშვილი და UNDP-ის წარმომადგენლები- გიორგი ნასრაშვილი და ნინო კაკუბავა.
როგორც პროექტის პრეზენტაციისას აღინიშნა, გრანტის მოსაპოვებლად სამიზნე მუნიციპალიტეტებს საშუალება ეძლევათ წარადგინონ საკონკურსო იდეები ინოვაციური მუნიციპალური სერვისებისა და ინტერმუნიციპალური თანამშრომლობის თემატიკაზე.
აღსანიშნავია, რომ საგრანტო კომპონენტის გარდა, პროექტი ასევე ითვალისწინებს მხარდაჭერას ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინოვაციური იდეების გენერირება/ პროექტების შედგენა; მოქალაქეთა უკუკავშირის მექანიზმის დანერგვა; ინტერმუნიციპალური თანამშრომლობის განვითარება; საკრებულოს ანგარიშვალდებულებების და გამჭვირვალობის შესაძლებლობების გაძლიერება.
პროექტი ,,დეცენტრალიზებული ეფექტური და ინკლუზიური მმართველობის ხელშეწყობა საქართველოში (EU4ITD)’’ 2025 წლის აპრილში დასრულდება.