ნინო რუხაძემ, USAID-ის ფართომასშტაბიან ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
2024-04-06საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო რუხაძემ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ახალი პარტნიორების წარდგენისა და მუნიციპალიტეტებთან ერთად მიღწეული პროგრესის შემაჯამებელ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ასოციაციის ხელმძღვანელმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და USAID -ის პარტნიორ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, დემოკრატიის განვითარების და ინსტიტუციური გაძლიერების მიმართულებით, ორგანიზაციის მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა.
ნინო რუხაძემ, ათეა-სა და USAID-ის მრავალწლიან მჭიდრო პარტნიორობას გაუსვა ხაზი და თანამშრომლობის ფარგლებში, დეცენტრალიზაციის სტრატეგიის განხორციელების ხელშეწყობის, ასევე კლიმატურ ცვლილებებზე რეაგირებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის მიზნით განხორციელებულ ერთობლივ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება.
,,ჩემთვის განსაკუთრებით ღირებულია პროექტი, რომელიც ითვალისწინებს დეცენტრალიზებულ თანამშრომლობას საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს მუნიციპალიტეტებს შორის.
ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან თანამშრომლობის ხელშეწყობა მნიშვნელოვანი საქმეა, განსაკუთრებით ჩვენი ქვეყნის განვითარების ამ ეტაპზე, როდესაც საქართველომ მოიპოვა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი და გადავიდა ევროკავშირთან ურთიერთობის ახალ საფეხურზე. საქართველოს მუნიციპალიტეტებსაც ძალუძთ საკუთარი წვლილი შეიტანონ საერთო ეროვნულ საქმეში, რასაც ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება წარმოადგენს. დეცენტრალიზებულ თანამშრომლობას მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია ჩვენი ქვეყნის ევროკავშირის სივრცეში ინტეგრაციის თვალსაზრისით“, - განაცხადა ნინო რუხაძემ და პარტნიორ ორგანიზაციას სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
ნინო რუხაძესთან ერთად, დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს, USAID-ის საქართველოს მისიის დემოკრატიის, უფლებების და მმართველობის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა, ლიზა კოვაკიმ, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ კახა კახიშვილმა, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა.
შეხვედრის მეორე ნაწილი პანელურ დისკუსიას დაეთმო, სადაც რუსთავის, ქუთაისის, ჩოხატაურისა და დმანისის მუნიციპალიტეტების პირველმა პირებმა, USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ისაუბრეს.
აღსანიშნავია, რომ ამავე შეხვედრაზე ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა პროგრამის ახალ პარტნიორ მუნიციპალიტეტებთან.
იხილეთ ვიდეო