თამარ ფრანგიშვილმა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს  გენდერული თანასწორობის ინდიკატორები გააცნო

2024-10-28

გენდერული სტატისტიკის მიმართულებით საქსტატის მიერ ჩატარებული გამოკვლევების შედეგების გაცნობის მიზნით, მორიგი შეხვედრა გაიმართა სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონების მმართველობისა და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან.

გასვლით შეხვედრაში, რომელიც საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინიციატივითა და  გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) ფინანსური მხარდაჭერით მოეწყო,  საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პროექტის ,,ქალთა ლიდერობა დემოკრატიისთვის საქართველოში“ წამყვანი კონსულტანტი, თამარ ფრანგიშვილი იყო ჩართული.

სემინარზე თამარ ფრანგიშვილმა  პრეზენტაცია „გენდერული სტატისტიკა და მისი მნიშვნელობა მუნიციპალიტეტებისთვის: ინდიკატორების მინიმალური სია“ წარადგინა და დამსწრე საზოგადოებას გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ ათეა-სთან და საქსტატთან თანამშრომლობით მომზადებული ანგარიში გააცნო.

ორდღიანი სამუშაო შეხვედრისას, მონაწილეებს  საშუალება ჰქონდათ დეტალურად გასცნობოდნენ  გენდერული სტატისტიკის მიმართულებით საქსტატის მიერ ჩატარებული გამოკვლევების შედეგებს, კერძოდ, დროის გამოყენების გამოკვლევისა და ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული გამოკვლევის მეთოდოლოგიურ მიმოხილვასა და ძირითად მიგნებებს. ასევე, რეგიონული და მუნიციპალური სტატისტიკის პორტალს, საქართველოს სტატისტიკის სისტემის განვითარების ძირითად მიმართულებებს, საქსტატის მიერ შემუშავებულ პროდუქტებს, განვითარებულ სერვისებსა და სამომავლო გეგმებს. გარდა ამისა, განიხილეს სტატისტიკური მაჩვენებლების გაანგარიშების მეთოდოლოგიური თავისებურებები და მათ გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხები. იმსჯელეს სხვადასხვა გენდერულ სტატისტიკურ ინდიკატორებსა და მონაცემთა საჭიროებებზე, დაგეგმვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

შეხვედრის ფარგლებში ასევე გაიმართა დისკუსია, სადაც მონაწილეებმა განიხილეს მუნიციპალურ დონეზე სტატისტიკურ მონაცემებთან დაკავშირებული საჭიროებები და იმსჯელეს საქსტატის სამომავლო გეგმებში მათი ასახვის შესაძლებლობებზე.

შეხვედრა 19-20 ოქტომბერს, ქ. ბორჯომში გაიმართა და მასში სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონის სამხარეო ადმინისტრაციებისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებიც იღებდნენ მონაწილეობას.