ძველი ტრადიციული ბოსტნეულის ჯიშების თესლის კოლექციის / კოლექციონერთა ბაზის შექმნის მიზნით, ათეა-მ მუნიციპალიტეტებში საინფორმაციო შეხვედრები დაიწყო
2024-10-21ბოსტნეულის ტრადიციული ჯიშებისა და სახეობების თესლის დაცვის, აგრობიომრავალფეროვნების, ჯანსაღი საკვების მრავალფეროვნების, სასურსათო უსაფრთხოებისა და ეკოსისტემური სერვისების გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ მარნეულისა და თელავის მუნიციპალიტეტებში საინფორმაციო დღეები გამართა.
ათეა-ს ექსპერტებმა ადგილობრივ მოსახლეობას მიზნობრივი პროექტი წარუდგინეს და მისი ამოცანები და სამომავლო გეგმები გააცნეს.
ღონისძიებები სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, პროექტის “აგროთესლების მცველები ბიომრავალფეროვნების, აგრობიომრავალფეროვნების, ეკოსისტემური სერვისებისთვის და კლიმატის ადაპტაციისთვის“ ფარგლებში მოეწყო, რომელსაც ათეა ევროკავშირის თანადაფინანსებით, შავი ზღვის აუზის პროგრამის ფარგლებში ახორციელებს.
პროექტის მიზანია ბოსტნეულის ტრადიციული ჯიშების პოპულარიზაცია და ბოსტნეულის მწარმოებლებისთვის გაუმჯობესებული ხელმისაწვდომობის მოდელის დემონსტრირება - ადგილობრივი თემის მონაწილეობით ძველი ტრადიციული ბოსტნეულის ჯიშების თესლის კოლექციის / კოლექციონერთა ბაზის შექმნა.
ათეა-ს მიზნობრივი პროექტის პრეზენტაციამდე, ადგილობრივმა მოსახლეობამ სოფლის განვითარების სააგენტოს ახალი პროგრამების “მეფუტკრეობის მხარდაჭერის პროგრამა“ და „ქართული ბოსტნეული სათბურებიდან“ შესახებ მიიღო ინფორმაცია, რომლებიც დამსწრე საზოგადოებას აღნიშნული სააგენტოს პროგრამების კოორდინატორებმა გააცნეს.