ათეა-ს მხარდაჭერით რუსთავში ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდული ფორუმი გაიმართა

2024-08-12

დედაქალაქის საკრებულოს, რუსთავის მერიისა და საქართველოს პარლამენტის განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ორგანიზებითა და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციისა და მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს მხარდაჭერით,  რუსთავში ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდული ფორუმი ,,,ახალგაზრდების სოციალური და ეკონომიკური გაძლიერებისთვის’’ გაიმართა.

ღონისძიება  ახალგაზრდობის საერთაშორისო დღის აღნიშვნის ფარგლებში მოეწყო და მის მიზანს  რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების სოციალური და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს.

ფორუმზე დამსწრე საზოგადოებას  სიტყვით მიმართეს ათეა-ს ვიცე-პრეზიდენტმა, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ,  გიორგი ტყემალაძემ, ევროპის მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭოს (CEMR) ახალგაზრდა არჩეულ პოლიტიკოსთა კომიტეტში ათეა-ს ეგიდით წარდგენილმა დელეგატმა, დედაქალაქის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ, გურამ ოქროპირიძემ, ათეა-ს აღმასრულებელი საბჭოს წევრმა, რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ და ქვემო ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა. ასევე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ, საქართველოს პარლამენტში რუსთავისა და გარდაბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შატაკიშვილმა და საქართველოს პარლამენტის წევრმა, „ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდული ფორუმის“ შექმნის ინიციატორმა, გიორგი ჩაკვეტაძემ.  

გამომსვლელებმა ფორუმის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და მის  მიზნებსა და სამომავლო გეგმებზე გაამახვილეს ყურადღება.

გიორგი ტყემალაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ თბილისის მუნიციპალიტეტი ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობის მიზნით მრავალ პროგრამას ახორციელებს, უშუალოდ ახალგაზრდების მხრიდან  წამოსული  ინიციატივები მნიშვნელოვან სიახლეს მოუტანს ქვეყანას და ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას, ახალგაზრდების აქტიურ ჩართვას  საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში  და ახალგაზრდული პოლიტიკის ეფექტიან განხორციელებას.

როგორც გურამ ოქროპირიძემ აღნიშნა, პროექტი  ახალგაზრდული სტრატეგიის  განხორციელებაში მუნიციპალური  როლის გაძლიერებას და ახალგაზრდების სოციალური და ეკონომიკური მიმართულებით განვითარებას ემსახურება.  

რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ კი სიტყვით გამოსვლისას ფორუმის რუსთავში ჩატარების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და დამსწრე საზოგადოებას იმ პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომლებიც მუნიციპალიტეტში ახალგაზრდების სოციალურ და ეკონომიკურ გაძლიერებაზეა ორიენტირებული.

გამომსვლელების მხრიდან შეხვედრის მონაწილეები ასევე დეტალურად გაეცნენ ახალგაზრდების სტაჟირების სახელმწიფო პროგრამასთან დაკავშირებულ სიახლეებს და ფორუმის ფარგლებში განსახილველ თემებს.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიების მსვლელობისას 64-ვე მუნიციპალიტეტის  საკრებულოს ახალგაზრდა წევრებმა კენჭი უყარეს რეზოლუციის პროექტს „ახალგაზრდების სოციალური და ეკონომიკური გაძლიერებისთვის’’, რომელიც განსაზღვრავს ხელისუფლებისა და სხვა დაინტერესებული სუბიექტებისთვის ძირითად რეკომენდაციებს ახალგაზრდების გაძლიერებისთვის.

ღონისძიებაში ათეა-ს ვიცე-პრეზიდენტი, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მანანა (მაცაცო) ნარიმანიძე,  ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მრჩეველი, თბილისის საკრებულოს წევრი, ვლადიმერ ბოჟაძე და ათეა-ს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე - ლაშა არჩვაძე, ასევე  ცენტრალური,  ადგილობრივი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, საერთაშორისო ორგანიზაციების  წარმომადგენლები და რუსთაველი ახალგაზრდები იღებდნენ მონაწილეობას,

ფორუმი დისკუსიის ფორმატს მოიცავდა სადაც მონაწილეებმა 2023-2026 წლებისთვის სახელმწიფო ახალგაზრდული სტრატეგიის განხორციელებაში ადგილობრივი ხელისუფლების როლის გაძლიერების, სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის, ახალგაზრდული პროექტების დაფინანსებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების მონაწილეობის გაძლიერების მიმართულებით წარმოდგენილ საკითხებზე იმსჯელეს.
 
„ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდული ფორუმი“ 2018 წლის 12 თებერვალს თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივითა და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (ათეა) მხარდაჭერით დაფუძნდა. 

მისი მიზანია მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, ახალგაზრდებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის კომუნიკაციის გაუმჯობესება და ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა.

ფოტო გალერეა