ათეა-ს ორგანიზებით მცხეთა-მთიანეთის ინტერმუნიციპალური პლატფორმის მეორე შეხვედრა გაიმართა

2024-07-08

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ინიციატივითა და ორგანიზებით ჩამოყალიბებული  ინტერმუნიციპალური  პლატფორმები ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობენ ფუნქციონირებას.

ამჯერად მეორე შეხვედრა გაიმართა მცხეთა-მთიანეთის თვითმმართველი ერთეულებისთვის, რომელიც სრულად მოიცავდა პერსონალური ასისტენტის სერვისზე მსჯელობას.

შეხვედრა ათეა-ს ვიცე-პრეზიდენტმა, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა  მანანა (მაცაცო) ნარიმანიძემ, ათეა-ს აღმასრულებელ დირექტორთან, ნინო რუხაძესთან ერთად გახსნა.

გამომსვლელების განცხადებით მუნიციპალიტეტებისთვის დელეგირებული სოციალური სფეროს უფლებამოსილებების გადაცემას თან ერთვის საჭიროებები, აღნიშნული პლატფორმა კი ხელს უწყობს თვითმმართველ ერთეულებს მიმდინარე პროგრამების შესახებ ცოდნის, ინფორმაციისა და პრაქტიკის გაზიარებაში, რაც შემდგომში ერთიანი მექანიზმების შემუშავებასა და მოსახლეობისთვის ეფექტიანი სერვისების მიწოდებაზე აისახება.

დამსწრე საზოგადოებას ასევე მისასალმებელი სიტყვით მიმართეს
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებსა და ადგილობრივი  თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა ნიკოლოზ როსებაშვილმა, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს  სოციალური დაცვის, დევნილთა და შრომის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა თამარ კურტანიძემ, ექსპერტმა ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებში ალექსანდრე სვანიშვილმა და UNICEF-ის წარმომადგენელმა ნინო დავითაშვილმა.  

შეხვედრის პირველ ნაწილში ათეა-ს ექსპერტმა ნინო ზურაბიშვილმა დამსწრე საზოგადოებას პერსონალური ასისტენტის სერვისის დელეგირების საკანონმდებლო საფუძვლები გააცნო, თამარ კურტანიძემ კი, დეტალურად მიმოიხილა აღნიშნული სერვისი  და არსებულ პრაქტიკაზე ისაუბრა.

პრეზენტაციების შემდეგ შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა სადაც მონაწილეებმა პერსონალური ასისტენტის სერვისის დელეგირების გამოწვევებზე იმსჯელეს.

ღონისძიებაში, რომელიც დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიაში მოეწყო,  ჩართულნი იყვნენ, მცხეთა-მთიანეთის რეგიონის  მუნიციპალიტეტების სოციალური სამსახურებისა და განყოფილებების თანამშრომლები, შეხვედრაში ასევე მონაწილეობა მიიღო ათეა-ს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ ლაშა არჩვაძემ.

აღსანიშნავია რომ ათეა-ს ინიციატივით, ინტერმუნიციპალური სოციალური პლატფორმები უკვე შეიქმნა სამეგრელო-ზემო სვანეთისა და გურიის რეგიონებში.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ანალოგიური პლატფორმების დაფუძნება საქართველოს სხვა რეგიონებშიც იგეგმება.