ათეა-ს ორგანიზებით ანდრეას კიფერმა ქართველ ახალგაზრდებთან შეხვედრები გამართა
2024-07-08საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ხელშეწყობით, საქართველოს ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის ყოფილი გენერალური მდივანი ანდრეას კიფერი ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში ანდრეას კიფერი თბილისის, რუსთავის, ოზურგეთისა და თელავის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ ახალგაზრდებს შეხვდა.
როგორც ათეა-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო რუხაძემ აღნიშნა, შეხვედრების მიზანი ახალგაზრდებში ადგილობრივი თვითმმართველობის მიმართ ინტერესის გაღვივებაა. მისივე თქმით, მსგავსი შეხვედრების ორგანიზება და ახალგაზრდებისთვის ადგილობრივი თვითმმართველობის როლის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება ძალიან მნიშვნელოვანია.
აღსანიშნავია, რომ თბილისში გამართულ შეხვედრას, ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის ყოფილი პრეზიდენტი ანდრეს კნაპეც ესწრებოდა, რომელიც საქართველოში ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის სხდომის ფარგლებში იმყოფებოდა.
უცხოელმა სტუმრებმა ათეა-ს მოწვევისთვის მადლობა გადაუხადეს და ქართველ სტუდენტებს თვითმმართველობის ევროპულ ტრადიციებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. სტუდენტების შეკითხვებს, როგორც უცხოელმა სტუმრებმა, ასევე ათეა-ს წარმომადგენლებმა და თბილისის საკრებულოს წევრებმაც უპასუხეს.
ევროსაბჭოს კონგრესის ყოფილ გენერალურ მდივანს ასევე უმასპინძლეს რუსთავის, ოზურგეთისა და თელავის მუნიციპალიტეტებში. ანდრეას კიფერმა ახალგაზრდებთან შეხვედრებზე, თვითმმართველობის მნიშვნელობაზე, ევროპული თვითმმართველობების მუშაობის სპეციფიკაზე, ასევე დემოკრატიის განვითარებაში, ადგილობრივი თვითმმართველობების როლზე ისაუბრა და ახალგაზრდების კითხვებს უპასუხა.
,,აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში ჩემი ვიზიტი იმ მრავალწლიანი ურთიერთობების შესანიშნავი მაგალითია რაც საქართველოსთან მაკავშირებს. შესაძლებლობა მქონდა შევხვედროდი ახალგაზრდებს სადაც შედგა საინტერესო დიალოგი ევროპულ ღირებულებებზე, მოლოდინებზე და დემოკრატიის განვითარების პროცესში მომავალი თაობის მნიშვნელოვან როლზე“, - აღნიშნა ანდრეას კიფერმა.
ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის ყოფილმა გენერალურმა მდივანმა საქართველო დღეს დატოვა.