ათეა-ს ორგანიზებით, ტრენინგი - ,,პრაქტიკული ნაბიჯები ადგილობრივ ცხოვრებაში ქალთა და კაცთა თანასწორობის ევროპული ქარტიის განსახორციელებლად'' გაიმართა
2024-06-28გენდერული თანასწორობის ადგილობრივი დღის წესრიგის განსახორციელებლად, მუნიციპალიტეტების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ ტრენინგების ციკლი დაიწყო.
პირველი შეხვედრა აღმოსავლეთ საქართველოდან „ადგილობრივ ცხოვრებაში ქალთა და კაცთა თანასწორობის ევროპულ ქარტიაზე’’ ხელმომწერი მუნიციპალიტეტებისთვის მოეწყო, რომელშიც 10 თვითმმართველი ერთეულის, გარდაბნის, ყვარლის, მცხეთის, ასპინძისა და ლაგოდეხის, ასევე გორის, ნინოწმინდის, რუსთავის, ახმეტისა და ბოლნისის გენდერულ თანასწორობაზე პასუხისმგებელი პირები და ათეა-ს წარმომადგენლები იყვნენ ჩართულნი.
გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით გამართული ორდღიანი სასწავლო კურსი ათეა-ს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, ლაშა არჩვაძემ და პროექტის ,,ქალთა ლიდერობა დემოკრატიისთვის საქართველოში“ წამყვანმა კონსულტანტმა, თამარ ფრანგიშვილმა გახსნეს.
მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას, ლაშა არჩვაძემ ათეა-ს პრიორიტეტებზე, მათ შორის გენდერული თანასწორობისა და მეინსტრიმინგის საკითხებზე ისაუბრა და შეხვედრის მონაწილეებს, ეროვნული და საერთაშორისო ვალდებულებების ფარგლებში, ასოციაციის მიერ დაგეგმილ და განხორციელებულ ღონისძიებებზე მიაწოდა ინფორმაცია.
თამარ ფრანგიშვილმა კი, პროექტის მიზნებსა და პრინციპებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მიმდინარე სასწავლო კურსი მონაწილეებს საშუალებას მისცემს კიდევ უფრო ეფექტიანად დანერგონ და პრაქტიკაში გამოიყენონ ქარტიით განსაზღვრული ამოცანები.
ტრენინგს ექსპერტი გენდერული თანასწორობის საკითხებში მამუკა გაჩეჩილაძე უძღვებოდა, რომელმაც მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს დეტალურად გააცნო განახლებული ევროპული ქარტია და თანასწორობის გეგმის თემატური მიმართულებები.
აღსანიშნავია, რომ სასწავლო კურსი ჯგუფური სამუშაოებისა და დისკუსიის ფორმატს მოიცავდა, სადაც მონაწილეებმა ევროპული ქარტიის შესრულების მონიტორინგის მიმართულებით მუნიციპალიტეტებში არსებული საჭიროებები მიმოიხილეს და მათი აღმოფხვრის გზებზე იმსჯელეს.
ტრენინგი ათეა-სა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ერთობლივი პროექტის ,,ქალთა ლიდერობა დემოკრატიისთვის საქართველოში“ ფარგლებში გაიმართა. როგორც შეხვედრის ორგანიზატორებმა აღინიშნეს, ანალოგიური ღონისძიება დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტებისთვისაც მოეწყობა, რომელშიც ქარტიაზე ხელმომწერი 15 თვითმმართველი ერთეული ჩაერთვება.