ლევან აბაშიძე: იმედი მაქვს ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა აღმოსავლური ტრიოს მიმართ არ შეიცვლება
2024-06-2017-18 ივნისს სტრასბურგში ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპული პლატფორმის (PLATFORMA) პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელშიც საქართველოდან, PLATFORMA-ის ახლად არჩეული სპიკერი, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ლევან აბაშიძე იყო ჩართული.
სხდომაზე, რომელიც ევროკავშირის არჩევნების შემდეგ პირველად მოეწყო, ქართველი დელეგატი სიტყვით გამოვიდა.
ლევან აბაშიძემ, ევროკავშირის გაფართოების პროცესში ჩართულ ინსტიტუციებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ აღმოსავლური ტრიოს მიმართ აღნიშნული პოლიტიკა მომავალში კიდევ უფრო შედეგიანი იქნება.
,, ბოლო არჩევნების შედეგების გათვალისწინებით, იმედი მაქვს, რომ გაფართოების პოლიტიკა აღმოსავლური ტრიოს მიმართ არ შეიცვლება. გარდა ამისა, ეს პროცესი ბევრად უფრო ინტენსიური გახდება და ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენლობა, ისევე როგორც მათი ჩართულობა ამ პროცესში გაცილებით მაღალი იქნება, ვიდრე აქამდე იყო. ადგილობრივ თვითმმართველობებს მეტი დაფინანსება სჭირდებათ თავიანთი მიზნების მისაღწევად და ვიმედოვნებ, რომ აღმოსავლეთის ტრიოს შემთხვევაში ამოქმედდება წინასწარი გაწევრიანების ინსტრუმენტი, რაც აქამდე არ მომხდარა“- აღნიშნა ლევან აბაშიძემ.
ქართველმა დელეგატმა დამსწრე საზოგადოებას დედაქალაქის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტებიც გააცნო და კოლეგებს ის მიღწევები გაუზიარა, რომლებიც ადგილობრივმა ხელისუფლებამ ჯანდაცვის, სოციალური პროგრამებისა და გარემოს დაცვის მიმართულებით უმოკლეს დროში განახორციელა.
ლევან აბაშიძის განმარტებით, მუნიციპალიტეტის მთლიანი ბიუჯეტის თითქმის მესამედი იხარჯება სოციალურ და ჯანდაცვის სფეროზე, რაც აისახება ორმოცამდე სხვადასხვა სახის პროგრამაზე. მისივე თქმით, თანხის დიდი ნაწილი ასევე ხმარდება გარემოს დაცვას, რომლის შედეგადაც დედაქალაში ჰაერის დაბინძურება 25%-ით შემცირდა.
ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპული პლატფორმის (PLATFORMA) პოლიტიკური საბჭოს სხდომას ქართული მხრიდან ასევე ესწრებოდნენ, PLATFORMA -ის წევრი, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, თენგიზ მთავრელიშვილი და ევროპის მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭოს (CEMR) დელეგაციის წარმომადგენლები, CEMR-ის ვიცე-პრეზიდენტი, ათეა-ს აღმასრულებელი დირექტორი, ნინო რუხაძე და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი, ქეთევან ხომერიკი.