ნინო რუხაძე: ევროპა უნდა შეეცადოს შექმნას სიმბიოზური ურთიერთობა ეკონომიკურ ინტერესებსა და ევროპულ ღირებულებებს შორის

2024-06-19

ევროკავშირის არჩევნების შემდეგ, ევროპის მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭომ (CEMR) კომიტეტის პირველი სხდომა გამართა, რომელშიც ქართული მხრიდან საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, CEMR-ის ვიცე-პრეზიდენტი - ნინო რუხაძე და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი - ქეთევან ხომერიკი იყვნენ ჩართულნი.

ბრიუსელში გამართულ ფართომასშტაბიან შეხვედრაზე, სადაც ერთ-ერთ ძირითად თემას ეკონომიკური ინტერესებისა და ევროპული ღირებულებების დაბალანსების მექანიზმების შემუშავება წარმოადგენდა, ნინო რუხაძე სიტყვით გამოვიდა.

როგორც ქართველმა დელეგატმა აღნიშნა, ეკონომიკა ყოველთვის იყო ევროპული ძალაუფლების საყრდენი და ევროპა უნდა შეეცადოს შეძლებისდაგვარად შექმნას სიმბიოზური ურთიერთობა ამ ორს შორის, რათა ერთმა მეორე გამოკვებოს.

ნინო რუხაძის განცხადებით, ამ კითხვას ევროპამ უნდა გასცეს პასუხი, რასაც მნიშვნელოვანი შედეგი ექნება არა მხოლოდ ევროპისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. მისივე თქმით,  ღირებულებები არის ყველაზე დიდი აქტივი, რითაც ევროპა ხელმძღვანელობდა და რაც იზიდავდა სტრატეგიულ პარტნიორებს.  

,,ვფიქრობ, გარდა ღირებულებებისა, ევროპული ბრენდის მნიშვნელოვანი ნაწილია შესაძლებლობები. მე მოვდივარ ქვეყნიდან, სადაც ევროპა განიხილება, როგორც შესაძლებლობების ადგილი. ევროპამ ხელი უნდა შეუწყოს შესაძლებლობების შექმნას მთელს მსოფლიოში და არ არსებობს უკეთესი ადგილი ამ შესაძლებლობების შესაქმნელად, ვიდრე ადგილობრივი ტერიტორიები, არ არსებობს უკეთესი აგენტები ამ შესაძლებლობებით სარგებლობისთვის, ვიდრე ადგილობრივი ხელისუფლება და არ არსებობს უფრო ეფექტური მექანიზმი განხორციელებისთვის, ვიდრე დეცენტრალიზებული თანამშრომლობა. ვფიქრობ, გონივრული იქნებოდა, ევროკავშირის მხრიდან  დეცენტრალიზებული თანამშრომლობა უფრო მეტად ინტეგრირებული იყოს  განვითარების თანამშრომლობის სფეროში და არსებითი ინვესტიცია განხორციელდეს ამ სფეროში“,- განაცხადა ნინო რუხაძემ.

როგორც პოლიტიკის კომიტეტის ორდღიან სხდომაზე აღინიშნა, ღონისძიება წარმოადგენს CEMR-ის აუცილებელ პლატფორმას, რათა გაუმკლავდეს მიმდინარე ადგილობრივ გამოწვევებს და განსაზღვროს მომავალი პრიორიტეტები, რაც უზრუნველყოფს ადგილობრივი და რეგიონული მთავრობების ეფექტური წვლილის შეტანას ევროპულ დღის წესრიგში.

 ევროპის მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭოს (CEMR) კომიტეტის სხდომას ასევე ესწრებოდნენ ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპული პლატფორმის (PLATFORMA) წევრები - თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, თენგიზ მთვარელიშვილი და დედაქალაქის საკრებულოს დეპუტატი, ფრაქციის ,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე, ლევან აბაშიძე.