თენგიზ მთვარელიშვილი PLATFORMA-ს პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოვიდა

2024-06-19

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, თენგიზ მთვარელიშვილმა, ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპული პლატფორმის (PLATFORMA) პოლიტიკური საბჭოს სხდომაში მიიღო მონაწილეობა.

ღონისძიებაზე, რომელიც ბრიუსელში გაიმართა, მაღალი დონის პანელური დისკუსიები მოეწყო, სადაც საკრებულოს თავმჯდომარემ, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრა.

თენგიზ მთავრელიშვილის განცხადებით,  ევროკავშირის მოთხოვნების შესრულების პროცესში ცენტრალური მთავრობა ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთადაა ჩართული, თუმცა მიზნის მისაღწევად, აუცილებელია გარკვეული წინასწარი  ინსტრუმენტების არსებობა.

საკრებულოს თავმჯდომარემ,  ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მართული პროგრამების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება, რაც მისივე განმარტებით საშუალებას აძლევს კანდიდატ სახელმწიფოებს მიიღონ დაფინანსება ძირითადი პოლიტიკური, ინსტიტუციური, სოციალური და ეკონომიკური რეფორმების განსახორციელებლად.
 
დღესვე, ქართველმა დელეგატმა, კოლეგებს ევროპული პროექტების პროგრამირებაში მდგრადი განვითარების მიზნების კომპონენტის გაძლიერებისკენ მოუწოდა და დამსწრე საზოგადოებას  ბოლო წლების საგანგაშო სტატისტიკა გააცნო, რაც  COVID-19-ით, უკრაინაში მიმდინარე რუსეთის ომითა და გარემოსდაცვითი პრობლემებითაა გამოწვეული.

,,დასაკარგი დრო აღარ არის. ჩვენ გვჭირდება SDG-ების ლოკალიზაციისა და გლობალური დღის წესრიგის უკეთესი წარმომადგენლობა ევროკავშირის პროგრამებში, რომლებიც ფოკუსირებულია დეცენტრალიზებულ თანამშრომლობასა და ადგილობრივ ხელისუფლებაზე. ადგილობრივ და რეგიონულ მთავრობებს ესაჭიროებათ მხარდაჭერა ფინანსურად და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ეფექტური ცვლილებების განსახორციელებლად. მეტიც. მჭიდრო პარტნიორობა და თანამშრომლობა ადგილობრივ და ფედერალურ მთავრობებს შორის, საერთაშორისო ჩარჩოები მუნიციპალურ დონეზე პოზიტიური სწავლებისა და გამოცდილების გაზიარება, საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელობა და ფინანსური მხარდაჭერა უნდა გახდეს წარმატების გასაღები SDG-ის მიზნების მისაღწევად“ , - განაცხადა თენგიზ მთავარელიშვილმა.

საკრებულოს თავმჯდომარემ, მდგრადი განვითარების მიზნების მიმართულებით თელავის  მუნიციპალიტეტში განხორციელებული ღონისძიებები მიმოიხილა და  არსებული გამოწვევების დაძლევისა და საერთო მიზნების მისაღწევის გზაზე ერთობლივი გადაწყვეტილებების მისაღებად კოლეგები საქართველოში დაპატიჟა.

ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპული პლატფორმის (PLATFORMA) პოლიტიკური საბჭოს სხდომას ასევე ესწრებოდნენ,  PLATFORMA -ის წევრი, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი, ფრაქციის ,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოსთვის’’ თავმჯდომარის მოადგილე - ლევან აბაშიძე და ევროპის მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭოს (CEMR) დელეგაციის წარმომადგენლები, CEMR-ის ვიცე-პრეზიდენტი, ათეა-ს აღმასრულებელი დირექტორი, ნინო რუხაძე და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი, ქეთევან ხომერიკი.