თბილისმა  - „ევროპის სპორტის ქალაქი 2025“- ის სტატუსი მოიპოვა! 

2024-06-13

თბილისმა  - „ევროპის სპორტის ქალაქი 2025“- ის სტატუსი მოიპოვა! 

აღნიშნული გადაწყვეტილება  ACES Europe-ის სპეციალურ​მა კომისიამ მიიღო.  

თბილისის მერისა და ​​საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტის, - კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქისთვის ეს პირველი განაცხადია ევროპის სპორტის ქალაქის სტატუსის მოსაპოვებლად.

,,მინდა ამ დღეს სასიხარულო და დასამახსოვრებელი ამბებიც გვქონდეს და არ შემიძლია არ მოგილოცოთ თბილისის ახალი სტატუსი - „ევროპის სპორტის ქალაქი 2025“. პირველად შევიტანეთ განაცხადი ამ სტატუსის მოსაპოვებლად და ცხადია, გვქონდა ამბიცია, რომ ვიმსახურებდით მას, მაგრამ ჩვენთვის მაინც მოულოდნელი იყო AECS Europe-ს (ეისიზ იუროფის) გადაწყვეტილება, კანდიდატის პრეზენტაციის შემდეგ, უყოყმანოდ დაესახელებინა თბილისი ევროპის სპორტის 2025 წლის ქალაქად.
მინდა, მადლობა გადავუხადო ასოციაციას და ვთქვა, რომ ეს არის არა მარტო საპასუხისმგებლო სტატუსი ჩვენთვის, არამედ გაცხადებული მხარდაჭერაც და ახალი შესაძლებლობა, თბილისის, როგორც სპორტული, ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდამჭერი ქალაქის პოპულარიზაციისთვის",- აღნიშნა კახა კალაძემ. 

AECS Europe-ს სპეციალური კომისია თბილისს 10 ივნისს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში კომისიის წევრებმა დაათვალიერეს დედაქალაქში არსებული სპორტული ინფრასტრუქტურა და მიიღეს ინფორმაცია მუნიციპალიტეტის სპორტის პოლიტიკის, ასევე, მიმდინარე პროგრამებისა და პროექტების შესახებ. 

ცნობისთვის, ACES Europe” ბრიუსელში დაფუძნებული არაკომერციული ასოციაციაა, რომელიც UNESCO-ს, გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის ოფიციალური პარტნიორია. „ACES Europe” ყოველწლიურად ასახელებს „ევროპის სპორტის ქალაქს“.