ნინო რუხაძე: მნიშვნელოვანია ევროკავშირთან მოლაპარაკებების წარმოების პროცესში თავიდანვე ჩართულნი იყვნენ ადგილობრივი თვითმმართველობები

2024-06-07

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო რუხაძემ, ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-14 ფორუმში სახელწოდებით - „ჯანსაღი ქალაქი - მწვანე, ეკოლოგიურად სუფთა გარემო, მოქნილი და მდგრადი ურბანული განვითარება“ მიიღო მონაწილეობა.

ორდღიანი ღონისძიება, რომელიც  თბილისის მერმა და ათეა-ს პრეზიდენტმა კახა კალაძემ გახსნა, რამდენიმე სესიას მოიცავდა.   

ნინო რუხაძე სესიაზე ,,ადგილობრივი ხელისუფლება სამართლებრივ ჭრილში“,  სიტყვით გამოვიდა და ევროინტეგრაციის პროცესში თვითმმართველობების მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა.  

ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, მუნიციპალიტეტები ევროკავშირის კანონმდებლობის 70%-ის იმპლემენტაციას ახორციელებენ, შესაბამისად, სამართლიანი იქნება თუ ევროკავშირთან მოლაპარაკებების წარმოების პროცესში თავიდანვე  ჩართულნი იქნებიან ადგილობრივი თვითმმართველობები. ნინო რუხაძის განმარტებით, ასევე  აუცილებელია  პარტნიორი ორგანიზაციების გამოცდილების გაზიარება, რომლებმაც ეს გზა უკვე გაიარეს, წინააღმდეგ შემთხვევაში  შესაძლოა არ მოხდეს მუნიციპალიტეტების  ინტერესებისა და  საჭიროებების სათანადოდ გათვალისწინება, რაც მძიმე ტვირთად აისახება ადგილობრივ თვითმმართველობაზე.

,,მუნიციპალიტეტების ჩართულობას ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში მიზანმიმართული ხასიათი რომ ჰქონდეს,  აუცილებელია წინასწარ ნიადაგის მომზადება. კერძოდ, მიზანშეწონილია კვლევის ჩატარება, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს გავაანალიზოთ 35-ვე სფერო, რომელთა ირგვლივაც უნდა წარიმართოს მოლაპარაკებები საქართველოსა და ევროკავშირს შორის. სწორედ  ამის შედეგად გამოიკვეთება ის ე.წ. მოლაპარაკებების თავები,  სადაც გათვალისწინებულია ყველაზე დიდი წილი ისეთი დირექტივების, რომლებიც საბოლოო ჯამში იქნება შესასრულებელი და ცხოვრებაში გასატარებელი მუნიციპალიტეტების მიერ. სწორედ ამ დირექტივების იმპლემენტაციასთან დაკავშირებულ  მოლაპარაკებებში უნდა ჩაერთონ მუნიციპალიტეტები“- აღნიშნა ნინო რუხაძემ.

საუბრის დასასრულს, ასოციაციის ხელმძღვანელმა აღნიშნულ პროცესში ათეა-ს როლზე და მიზნებზე გაამახვილა ყურადღება. მისი განცხადებით, ორგანიზაციის მისიას სამართლებრივ სფეროში იმ მექანიზმების ამუშავება წარმოადგენს, რომლებიც უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტების ჩართულობას საკანონმდებლო საქმიანობაში. მეორეს მხრივ კი, ათეა-ს პრიორიტეტია პირობების შექმნა და ადვოკატირება, რაც ევროკავშირთან მოლაპარაკებების პროცესში ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობის უზრუნველყოფას მოიცავს.

ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-14 ფორუმი 6-7 ივნისს, სასტუმროში „პარაგრაფი თბილისი“ მიმდინარეობდა, სადაც  ღონისძიების მონაწილეებს  სიტყვით მიმართეს, ათეა-ს ვიცე-პრეზიდენტმა, გიორგი ტყემალაძემ,  პირველმა ვიცე-პრემიერმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.

ფორუმის სხვადასხვა პანელურ სესიებში იყვნენ ჩართულნი ათეა-ს წევრი მუნიციპალიტეტების პირველი პირებიც.

ფორუმს საქართველოს პარლამენტის წევრები, სხვადასხვა სახელმწიფო უწყების და ადგილობრივი თვითმმართველობების, ასევე  საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დიპლომატები და უცხოელი სტუმრები ესწრებოდნენ.

ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ფორუმი 2007 წლიდან ჩამოყალიბდა მოწინავე იდეების გაცვლისა და ქმედითი გადაწყვეტილებების მიღების პლატფორმად, რომლის ფარგლებშიც ქალაქი ყოველწლიურად მასპინძლობს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონის სპიკერებს, სხვადასხვა დარგის ექსპერტებს, მუნიციპალიტეტებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს.

ფორუმის თემატიკა მოიცავდა ურბანული განვითარების თანამედროვე ტენდენციებს და საჭიროებებს, რომლებიც მოითხოვს ქალაქების სრულ ჩართულობას და პროაქტიულ ქმედებებს.