ათეას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორი ორგანიზაცია - CEMR, 73 წლის იუბილეს აღნიშნავს
2024-01-28საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია, ევროპის რეგიონთა და მუნიციპალიტეტთა საბჭოს (CEMR) 73 წლის იუბილეს ულოცავს.
ათეასა და CEMR-ის 14-წლიანი პარტნიორობის მანძილზე, არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. სწორედ, ერთობლივი ძალისხმევის შედეგად აღდგა ისტორიული სამართლიანობა და საქართველო ადგილობრივ ხელისუფლებათა მსოფლიო კონგრესის (United Cities and Local Governments) ევრაზიის სექციიდან ევროპის სექციაში გადავიდა.
აღნიშნული გადაწყვეტილებით, ევროპის რეგიონთა და მუნიციპალიტეტთა საბჭოს ლიდერებმა და წევრებმა, კიდევ ერთხელ, მტკიცედ განაცხადეს, რომ საქართველო ერთიანი ევროპული ოჯახის წევრია, და რომ CEMR-ი საქართველოს აქტიური მხარდამჭერია ევროინტეგრაციის გზაზე.
ათეას პარტნიორი ორგანიზაცია, ასევე ადასტურებს თავის ცალსახა მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, რაზეც მოწმობს ის ფაქტიც, რომ საქართველოში ვიზიტისას, CEMR-ის ხელმძღვანელი პირები, რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის გამყოფ ხაზთან მდებარე მუნიციპალიტეტებში არსებული ვითარებით დაინტერესდნენ, სოფელ ოძისს პირადად ეწვივნენ და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.
CEMR-სა და ათეა-ს შორის თანამშრომლობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ფონზე, როდესაც ქართულ მუნიციპალიტეტებს განსაკუთრებით სჭირდებათ ევროპულ მუნიციპალიტეტებთან დეცენტრალიზებული თანამშრომლობის განვითარება და ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესში საკუთარი წვლილის შეტანა.
ათეა იმედოვნებს, რომ ურთიერთთანამშრომლობა, სამომავლოდ, სრულიად ახალ სიმაღლეებს მიაღწევს და ახალ სიღრმეებს შეიძენს.
ვულოცავთ ჩვენს მეგობრებს იუბილეს და ვუსურვებთ წარმატებას ყველა იმ საქმეში რისიც მათ მტკიცედ სწამთ: ერთიანი, სამართლიანი და მშვიდობიანი, დემოკრატიული და ინკლუზიური, აყვავებული და ძლიერი ევროპა, რომელიც დაფუძნებულია ძლიერ ადგილობრივ თვითმმართველობაზე, ეს არის როგორც CEMR-ის ისე ყოველი ჩვენგანის მისია.