ნანა თავდუმაძე: ოზურგეთის მუნიციპალიტეტს აქვს ამბიციური მიზნები, რომელთა მიღწევასაც ევროპის საბჭოს ახალი სამოქმედო გეგმის ფარგლებში ვაპირებთ 

2024-01-18

2024 წლის 18 იანვარს, გაიმართა საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმის ოფიციალური წარდგენა.
შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების, ევროპის საბჭოსა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა დარსალიამ და ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილემ, ბიორნ ბერგემ გახსნეს.
პრეზენტაციის შემდეგ, სხვა გამომსვლელებთან ერთად, დამსწრე  საზოგადოებას სიტყვით მიმართეს, ათეას წევრი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმაც.
ევროპის საბჭოს ხელშეწყობით, საკუთარ თვითმმართველ ერთეულებში განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ისაუბრა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს აპარატის უფროსმა, ნანა თავდუმაძემ.
,,მონაწილეობით დემოკრატიის გაძლიერების თვალსაზრისით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა და გააძლიერა ძალისხმევა ინკლუზიური, მოქალაქეებზე ორიენტირებული ადგილობრივი თვითმმართველობის დამკვიდრებისთვის, - განაცხადა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა.
ნანა თავდუმაძის განმარტებით, სამოქალაქო მონაწილეობის გააქტიურებისთვის და გადაწყვეტილების მიღების თანამონაწილეობით პროცესში ჩართულობისთვის, მუნიციპალიტეტი იყენებს ინოვაციურ, ეფექტურ საკონსულტაციო მექანიზმებს და სათათბირო ფორმებს. მისივე თქმით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთი პირველია. რომელმაც განახორციელა ევროპის საბჭოს მეთოდოლოგიის "CuvicLab" - ის პილოტირება ღია მმართველობა-პარტნიორობის ადგილობრივი პროგრამის სამოქმედო გეგმის პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით, ასევე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ერთ-ერთმა პირველმა გამართა სამოქალაქო ანსამბლეა და განიხილა მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი საკითხები.
,,ამჟამად მიმდინარეობს მეორე სამოქალაქო ასამბლეასთვის მზადება, რომელიც უახლოეს მომავალში გაიმართება. სათათბირო დემოკრატიის ინსტრუმენტების გამოყენება შესაძლებელი გახდა ევროპის საბჭოს სხვადასხვა პროექტების, განსაკუთრებით "მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში" ფარგლებში, რისთვისაც გამოვხატავთ მადლიერებას“, - აღნიშნა ნანა თავდუმაძემ და დასძინა, რომ  ოზურგეთის მუნიციპალიტეტი განაგრძობს უწყვეტ მცდელობებს ანგარიშვალდებულების, ღიაობის, ინოვაციური ტექნოლოგიების და  საჯარო სერვისების განვითარებისთვის.
,, ოზურგეთის მუნიციპალიტეტს აქვს ამბიციური მიზნები, რომელთა მიღწევასაც ევროპის საბჭოს ახალი სამოქმედო გეგმის ფარგლებში ვაპირებთ. ასე, რომ თანამშრომლობისა და პარტნიორობისთვის ვიწვევთ დონორებს, დაინტერესებულ ორგანიზაციებს, რათა შევქმნათ საუკეთესო პრაქტიკები და გასათვალისწინებელი მაგალითები“, - განაცხადა ნანა თავდუმაძემ.
ევროპის საბჭოს 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმა,  მიზნად ისახავს დემოკრატიული რეფორმების ხელშეწყობის გზით, საქართველოს ინსტიტუტების, კანონმდებლობისა და პრაქტიკის ევროპულ სტანდარტებთან შემდგომ დაახლოებას.