ლევან ჟორჟოლიანი: მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმა  ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებს ეხება

2024-01-18

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ორგანიზებით, სასტუმროში ,, თბილისი მარიოტი“,  საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია  გაიმართა.
ღონისძიებაზე, რომელსაც  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ლაშა დარსალია და ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილე, ბიორნ ბერგემ უძღვებოდნენ, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, ევროსაბჭოს კონგრესში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილემ, ათეა-ს აღმასრულებელი საბჭოს წევრმა და იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ - ლევან ჟორჟოლიანმა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ევროპის საბჭოს 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმა,  მიზნად ისახავს დემოკრატიული რეფორმების ხელშეწყობის გზით, საქართველოს ინსტიტუტების, კანონმდებლობისა და პრაქტიკის ევროპულ სტანდარტებთან შემდგომ დაახლოებას.
ლევან ჟორჟოლიანის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ სამოქმედო გეგმა ეხება ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანეს საკითხებს, როგორებიცაა: სასამართლო სისტემა, დავის ალტერნატიული გადაწყვეტის მეთოდების განვითარება, შრომის სამართალი, საარჩევნო სისტემა, მონაწილეობით დემოკრატია, ადამიანის უფლებები, დისკრიმინაციასთან ბრძოლა, მუნიციპალიტეტების გაძლიერება ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მმართველობის გაძლიერებით, ადგილობრივი ხელისუფლების განხორციელებისას მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა და სხვა.
დოკუმენტის შეფასების შემდეგ, ლევან ჟორჟოლიანი, ათეასა და ევროსაბჭოს პარტნიორობის თემასაც შეეხო.   მისი  განცხადებით, კონგრესისა და  ასოციაციის თანამშრომლობა  სამაგალითო და შედეგზე ორიენტირებულია.
,,გასული წელი იყო ერთ-ერთი ყველაზე ნაყოფიერი ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესთან თანამშრომლობის კუთხით.მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვაგრძელებთ კონგრესთან აქტიურ თანამშრომლობას როგორც უშუალოდ კონგრესში, ასევე საქართველოში პროექტების განხორციელების თვალსაზრისით. ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმები კიდევ უფრო გავაძლიეროთ წარმომადგელობითი ორგანოები მუნიციპალიტეტებში, უზრუნველვყოთ ადგილობრივი ხელისუფლების განხორციელება ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი ხარისხით, შევქმნათ შესაბამისი გარემო მონაწილებით დემოკრატიის განვითარებაში და ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში უზრუნველვყოთ მეტი დაინტერესებული პირის, მათ შორის ახალგაზრდების ჩართულობა“, - აღნიშნა ლევან ჟორჟოლიანმა და დამსწრე საზოგადოებას, ერთობლივი პროექტებისა და სამომავლოდ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
ლევან ჟორჟოლიანის თქმით, გასულ წელს საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა, რაც კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საქართველო  ევროპის განუყოფელი 
ნაწილია.
ღონისძიებაში, ასევე  მონაწილეობას იღებდნენ,  საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების, ევროპის საბჭოსა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის  წარმომადგენლები,  
აღსანიშნავია, რომ საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმა 2023 წლის 18 ოქტომბერს, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1478-ე სხდომის ფარგლებში იქნა მიღებული. აღნიშნული დოკუმენტი მომზადდა საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების და ევროპის საბჭოს წარმომადგენლების მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად.