თბილისი ევროპის მუნიციპალიტეტების და რეგიონების საბჭოს კომიტეტის შეხვედრას მასპინძლობს

2023-06-06

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ - გიორგი ტყემალაძემ, ათეას პრეზიდენტთან, თბილისის მერთან - კახა კალაძესთან ერთად, ევროპის რეგიონთა და მუნიციპალიტეტთა საბჭოს (CEMR) პოლიტიკური კომიტეტის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

მასშტაბურ ღონისძიებაში, რომელიც 6-7 ივნისს თბილისის მერიის მოწვევითა და ათეას მხარდაჭერით იმართება, ევროპის ოცი ქვეყნის წარმომადგენელი იღებს მონაწილეობას.

გიორგი ტყემალაძემ, გახსნით ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ათეას პარტნიორი ორგანიზაციის - CEMR -ის წარმომადგენლების თბილისში ვიზიტს მნიშვნელოვანი უწოდა და დელეგატებს საქართველოსთვის გაწეული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადა.

„ძალიან ვაფასებთ CEMR-ის ღვაწლს, რის შედეგადაც საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) მრავალწლიანი ძალისხმევა წარმატებით დასრულდა და ათეა გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივ მთავრობათა (United Cities and Local Governments - UCLG) ევრაზიის სექციიდან ევროპულ სექციაში იქნა გაწევრიანებული.

აგრეთვე გულწრფელად ვაფასებთ, რომ 2022 წლის ივნისში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამი ქვეყნისთვის - საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინისთვის - ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით CEMR-მა შეიმუშავა დეკლარაცია, რომელშიც მიუთითა, რომ ევროკავშირის ევროპულ საბჭოს ამ სამივე სახელმწიფოს მიმართ თანაბარი მიდგომა უნდა გამოეჩინა და მათთვის მიენიჭებინა კანდიდატის სტატუსი“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

ათეას ვიცე-პრეზიდენტმა, ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყანა სახელმწიფოს მომავალს ევროპაში ხედავს და, რომ წარმატებული განვითარების მოდელი ქვეყნისთვის სწორედ ევროპული მოდელია.

„ყოველთვის დიდი ინტერესით ვაკვირდებით და ვიზიარებთ სხვადასხვა ევროპული ქალაქის საუკეთესო მაგალითებს, თუ როგორ მივაღწიოთ მდგრად ურბანულ განვითარებას ადგილობრივ დონეზე“, - განაცხადა ათეას ვიცე-პრეზიდენტმა.

გიორგი ტყემალაძემ მიმართვისას, ასევე განაცხადა, რომ საქართველოს თვითმმართველობებს შეუძლიათ თავიანთი წვლილი შეიტანონ ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესში და, რომ ამ გზაზე ევროპელ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა მათთვის პრიორიტეტულია.

„ვიმედოვნებთ, რომ თბილისი კიდევ ხშირად იქნება ევროპული ფორუმების მასპინძელი. მინდა დაგიდასტუროთ ჩემი პატივისცემა და ნაყოფიერი სამუშაო დღე გისურვოთ“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

კომიტეტის შეხვედრაში ევროპის რეგიონთა და მუნიციპალიტეტთა საბჭოს (CEMR) დელეგატებთან ერთად, ათეას მიერ CEMR-ში წარდგენილი ქართული დელეგაციის წევრები, ასევე საქართველოს მუნიციპალიტეტების, მათ შორის თბილისის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას.

აღსანიშნავია, რომ ევროპის რეგიონთა და მუნიციპალიტეტთა საბჭო (CEMR), რომელშიც ათეა 2010 წლიდანაა გაწევრიანებული, უძველესი და ფართომასშტაბიანი რეგიონული და ადგილობრივი მმართველობის ევროპული ასოციაციაა და ის ერთადერთი ორგანიზაციაა, რომელიც 41 ევროპული ქვეყნის ადგილობრივი თვითმმართველობის ასოციაციებს აერთიანებს.

 

ფოტო გალერეა