კახა კალაძე: იმედი გვაქვს, დეკემბერში გვექნება მხარდაჭერა, რათა საქართველომ მიიღოს სტატუსი, რაც მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპული არჩევანისა და მისწრაფებების განმტკიცებისთვის
2023-06-06დედაქალაქის მერიის მოწვევითა და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის მხარდაჭერით, თბილისში ევროპის მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭოს კომიტეტის სხდომა მიმდინარეობს.
მასშტაბურ ღონისძიებაზე, რომელიც 6-7 ივნისს იმართება, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ათეას პრეზიდენტმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ.
ათეას პრეზიდენტის განცხადებით, განსაკუთრებით დასაფასებელია, რომ ევროპის მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭო რეალურად უჭერს მხარს საქართველოს ინტეგრაციას ევროსტრუქტურებში.
„მოხარული ვარ, რომ თბილისი და ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია მასპინძლობს ძალიან მნიშვნელოვანი ევროპული ორგანოს - ევროპის მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭოს (CEMR) პოლიტიკური კომიტეტის სხდომას. უნდა აღინიშნოს, რომ CEMR-მა არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც დაამტკიცა, რომ ჩვენი ქვეყნის მეგობარი და გულშემატკივარია, რეალურად უჭერს მხარს საქართველოს ევროსტრუქტურებში ინტეგრაციას და ეს ჩვენთვის განსაკუთრებით დასაფასებელია. ამ მხარდაჭერის ერთ-ერთი მაგალითია ის ფაქტი, რომ ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის მრავალწლიანი ძალისხმევა წარმატებით დაგვირგვინდა და ის გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივ მთავრობათა ევრაზიის სექციიდან ევროპულ სექციაში გაწევრიანდა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით CEMR-მა შეიმუშავა დეკლარაცია, რომლის მიხედვით ევროკავშირის ევროპულ საბჭოს ამ სამივე სახელმწიფოს მიმართ თანაბარი მიდგომა უნდა გამოეჩინა და კანდიდატის სტატუსი მიენიჭებინა.
„ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საქართველო მართლაც ყველაფერს აკეთებს ევროინტეგრაციის გზაზე და როდესაც საქმე ეხებოდა კანდიდატის სტატუსის მიღებას, თუ ვინმე იმსახურებდა ამას, ეს იყო ჩვენი ქვეყანა, გადადგმული კონკრეტული ნაბიჯებით და გაკეთებული საქმეებით, თუმცა ჩვენ მოგვცეს ე.წ. გზამკვლევი, 12-პუნქტიანი გეგმა, რომლის შესრულებაც დაწყებული გვაქვს და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ დეკემბერში იქნება ერთსულოვნება და მხარდაჭერა, რათა საქართველომ მიიღოს სტატუსი.
ეს და მსგავსი რეალური მხარდაჭერის მაგალითები მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპული არჩევანისა და მისწრაფებების განმტკიცებისათვის. დღევანდელი დღე და ჩვენი სტუმრების აქ ყოფნა კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჩვენს ურთიერთდამოკიდებულებას და მზაობას ამ თანამშრომლობის კიდევ უფრო გასაღრმავებლად. იმედი გვაქვს, რომ თბილისი ხშირად იქნება ევროპული ფორუმების მასპინძელი. ამ მხრივ ჩვენ ყველა პირობას ვქმნით და შევქმნით მომავალშიც“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
ათეას პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ სტუმრებს მომავალშიც გაუჩნდება სურვილი, საქართველოს და მის დედაქალაქს ეწვიონ.
„მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა მოგახსენოთ ჩამობრძანებისთვის და წარმატებები გისურვოთ. დარწმუნებული ვარ, თბილისი შთამბეჭდავი იქნება თითოეული თქვენგანისთვის. ჩვენ გვაქვს ძალიან გემრიელი სამზარეულო, გემრიელი ღვინო, რომელსაც აუცილებლად დააგემოვნებთ. დარწმუნებულები ვართ, აუცილებლად გაგიჩნდებათ სურვილი, მომავალშიც ეწვიოთ ჩვენს ულამაზეს ქვეყანას, ჩვენს უძველეს დედაქალაქს. კიდევ ერთხელ, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. მოხარული ვარ, რომ დედაქალაქში ვმასპინძლობთ ჩვენს მეგობრებს. წარმატებას და ნაყოფიერ მუშაობას გისურვებთ“, - განაცხადა თბილისის მერმა.
ღონისძიებაზე, რომელშიც ევროპის რეგიონთა და მუნიციპალიტეტთა საბჭოს დელეგატებთან ერთად, ათეას მიერ CEMR-ში წარდგენილი ქართული დელეგაციის წევრები და საქართველოს მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას, ასევე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა ათეას ვიცე - პრეზიდენტი - გიორგი ტყემალაძე.
აღსანიშნავია, რომ ევროპის რეგიონთა და მუნიციპალიტეტთა საბჭო (CEMR), რომელშიც ათეა 2010 წლიდანაა გაწევრიანებული, უძველესი და ფართომასშტაბიანი რეგიონული და ადგილობრივი მმართველობის ევროპული ასოციაციაა და ის ერთადერთი ორგანიზაციაა, რომელიც 41 ევროპული ქვეყნის ადგილობრივი თვითმმართველობის ასოციაციებს აერთიანებს.