ნათია ღვინაშვილი პარლამენტის საბავშვო ბაღების საკონსულტაციო საბჭოს წევრად მიიწვიეს

2023-05-02

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, ევროპის რეგიონთა და მუნიციპალიტეტთა საბჭოში ეროვნული კოორდინატორი - ნათია ღვინაშვილი საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტთან 1 მაისს შექმნილი სამეცნიერო საკონსულტაციო საბჭოს წევრად მიიწვიეს, რომელიც სკოლამდელი განათლების მიმართულებით იმუშავებს.

ამ დროისთვის დამტკიცებულია საბჭოს დებულებაც, რომლის თანახმადაც, სათათბირო ორგანო (საბჭო) კომიტეტს ბაღებში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირებასა და მათზე რეაგირების მექანიზმების დაგეგმვაში, ასევე, პოლიტიკის განსაზღვრასა და ცალკეული ინიციატივების ანალიზის  შემუშავებაში დაეხმარება. 

საბჭო, რომელსაც პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე - გიორგი ჩაკვეტაძე უხელმძღვანელებს,  27 წევრით, მათ შორის საკანონმდებლო ხელისუფლების, ბავშვთა უფლებებზე მომუშავე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებით, ასევე, მუნიციპალიტეტებში არსებული ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოების ხელმძღვანელი პირებითა და  დარგის ექსპერტებითაა დაკომპლექტებული.

დებულების თანახმად, როგორც წესი, საბჭო თვეში ერთხელ გამართავს სხდომას, რომლის წევრებიც საზოგადოებრივ საწყისებზე იმუშავებენ და გაწეული საქმიანობისთვის არ მიიღებენ ანაზღაურებას.