ათეამ (BPP) მეხუთე ეროვნულ კონფერენციაზე 2022 წლის კონკურსში გამარჯვებული 10 მუნიციპალიტეტი დააჯილდოვა

2022-12-16

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ორგანიზებით გამართულ საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის (BPP) მეხუთე ეროვნულ კონფერენციაზე 2022 წლის კონკურსში გამარჯვებული 10 მუნიციპალიტეტი დასახელდა.

დაჯილდოების ცერემონიაზე, სპეციალური პრიზები და სიგელები ხაშურის, ქუთაისის, ქედის, ფოთისა და ჩოხატაურის, ასევე, ბათუმის, ზუგდიდის, ონის, დუშეთისა და სენაკის მუნიციპალიტეტებს გადაეცათ.

კონფერენცია, რომელსაც ათეას აღმასრულებელი დირექტორი დავით მელუა უძღვებოდა, გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობით და ევროკავშირის (EU) და დანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით მოეწყო.

ღონისძიებას საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, ასევე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის, გაეროს განვითარების პროგრამის საქართველოს ოფისის, სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები და მუნიციპალიტეტების პირველი პირები ესწრებოდნენ.

კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ათეას ვიცე- პრეზიდენტმა, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ - გიორგი ტყემალაძემ, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა - პაველ ჰერჩინსკიმ, გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში - ნიკ ბერესფორდმა, ასევე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ - მზია გიორგობიანმა, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ -კახა კახიშვილმა და პრემიერ მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებების საკითხებში ნიკო თათულაშვილმა.

სიტყვით გამომსვლელებმა, ადგილობრივი დემოკრატიისა და ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების მნიშვნელობას, მუნიციპალიტეტების მხარდაჭერაში ათეას როლს და მუნიციპალიტეტებს შორის ჰორიზონტალური თანამშრომლობის ეფექტიანობასა და მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.

,, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მუნიციპალიტეტები არა მხოლოდ ქმნიდნენ მუნიციპალური სერვისების მიწოდების კარგ პრაქტიკას, არამედ სხვა მუნიციპალიტეტების წარმატებასაც უწყობდნენ ხელს, მათთვის საკუთარი გამოცდილების და ცოდნის გაზიარებით. ათეას როლი მუნიციპალიტეტებს შორის ჰორიზონტალური თანამშრომლობის და წარმატებული გამოცდილების გაზიარებაში განსაკუთრებით აღსანიშნავია“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

მზია გიორგობიანმა მადლობა გადაუხადა საერთაშორისო და ადგილობრივი განვითარების პარტნიორებს და დონორ ორგანიზაციებს, საქართველოს მუნიციპალიტეტების მხარდაჭერისა და ადგილობრივ დონეზე მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებისთვის, ათეას კი, კონკურსის წარმატებით ჩატარება მიულოცა.

,, საუკეთესო პრაქტიკის პროგრამა წლიდან წლამდე სულ უფრო პოპულარული ხდება, რაზეც მოწმობს მონაწილე მუნიციპალიტეტებისა და საკონკურსო განაცხადების მზარდი რაოდენობა. აღნიშნული კონკურსი

შესანიშნავი შესაძლებლობაა მუნიციპალიტეტებისთვის, რათა მიღწეული პროგრესი და წარმატება გახადონ ხილული ფართო საზოგადოებისათვის“,- განაცხადა მზია გიორგობიანმა.

საუკეთესო პრაქტიკის კონკურსის 2022 წლის კონფერენციის თემას, ,,პოზიტიური ტრანსფორმაციული ცვლილებებისა და სამომავლო მზაობის ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე: მუნიციპალიტეტის როლის და საქალაქო ცხოვრების ახლებურად გააზრება“ წარმოადგენდა.

გაეროს განვითარების პროგრამის ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების (LED) პროექტის კოორდინატორმა, ოთარ კონჯარიამ, პროექტში ჩართული მუნიციპალიტეტების ქუთაისის, ბათუმისა და ფოთის მერებთან ერთად საზოგადოებას გააცნო პროექტის „მერები ეკონომიკური ზრდისათვის/M4EG“ მიღწევები.

„დღეს ქალაქების მართვა მოითხოვს არსებული გამოწვევების საპასუხოდ ყოვლისმომცველ მიდგომას და ინოვაციური მიდგომების გამოყენებას. ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა მუნიციპალიტეტებს სთავაზობს კომპლექსურ მხარდაჭერას, რომელიც მათ საშუალებას მისცემს შეიმუშაონ და დანერგონ ზემოთმოყვანილი ყოვლისმომცველი მიდგომები, უპასუხონ მოქალაქეთა საჭიროებებს და შექმნან მდგრადი განვითარების შესაძლებლობები“ აღნიშნა ოთარ კონჯარიამ.

აღსანიშნავია, რომ BPP-ის პროგრამის 2022 წლის კონკუსში წარმოდგენილი 47 განაცხადიდან მმართველი კომიტეტის მიერ საუკეთესო პრაქტიკად 15 განაცხადი იქნა აღიარებული.

საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის სპეციალური ჯილდო და სიგელი გადაეცა შემდეგ მუნიციპალიტეტბს:

1. მოქალაქეთა მონაწილეობა, ადგილობრივი საბიუჯეტო პროცესის გამჭვირვალეობა, ანგარიშვალდებულება - ხაშურის მუნიციპალიტეტი;

2. ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების დაგეგმვა და მონაწილეობითი ეკონომიკური განვითარების ინოვაციური მოდელების დანერგვა - ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტი;

3-4. გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა და გენდერულად მგრძნობიარე მუნიციპალური სერვისების განვითარება - ქედისა და ქ. ფოთის მუნიციპალიტეტები;

5. სკოლამდელი აღზრდა, სკოლისგარეშე განათლება და ზრდასრულთა განათლების მუნიციპალური პროგრამები - ხაშურის მუნიციპალიტეტი;

6. გარემოს დაცვა, ენერგოეფექტურობის და კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის ხელშეწყობა - ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი;

7. მუნიციპალური მყარი ნარჩენების მართვა და ცირკულარული ეკონომიკის მოდელის დანერგვაში ხელშეწყობა - ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტი;

8-9. ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელება და ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობა - ზუგდიდისა და ონის მუნიციპალიტეტები;

10. მუნიციპალური სოციალური პროგრამების მონაწილეობითი დაგეგმვა, მუნიციპალური სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების ეფექტიანობის და ხელმისაწვდომობის გაზრდა - ზუგდიდის მუნიციპალიტეტი;

11-12. ბავშვის საჭიროებებზე მორგებული სოციალური პროგრამები, ბავშვთა უფლებების დაცვა და ბავშვზე მავნე ზემოქმედების პრევენცია - ზუგდიდის და დუშეთის მუნიციპალიტეტები;

13. კერძო-საჯარო დიალოგი და პარტნიორობა ადგილობრივ დონეზე - სენაკის მუნიციპალიტეტი;

14-15. საერთაშორისო დონორებთან თანამშრომლობა და განვითარების პროექტებისათვის საერთაშორისო დაფინანსების მოძიების წარმატებული გამოცდილება - ქუთაისის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტები;

დღესვე, ათეამ გამარჯვებული პროექტების განაცხადების ავტორები დააჯილდოვა და მუნიციპალიტეტების თანამშრომლებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

კონფერენცია, რომელიც სასტუმროში ,, ბილთმორ თბილისი“ მოეწყო, დავით მელუამ შეაჯამა.

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია, დონორი ორგანიზაციების ხელშეწყობით, 2018 წლიდან ახორციელებს საუკეთესო პრაქტიკის პროგრამას (Best Practice Program), რომელიც ევროპის საბჭოს მიერ აღიარებული ინსტრუმენტია კარგი მმართველობის წარმატებული მაგალითების გამოვლენისა და გაზიარებისთვის.

ფოტო გალერეა