ეროვნული კონფერენცია - „საქართველოში გარემოსდაცვითი დემოკრატიისა და კლიმატის მმართველობის ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე“

2022-12-16

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა - დავით მელუამ და ათეას ექსპერტმა - კახა გურგენიძემ, ეროვნულ კონფერენციაში - „საქართველოში გარემოსდაცვითი დემოკრატიისა და კლიმატის მმართველობის ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე“ მიიღეს მონაწილეობა.

ღონისძიება, ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდმა, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრთან თანამშრომლობით განახორციელა და მასში ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო გაერთიანებების, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, დარგის ექსპერტები და მუნიციპალიტეტების პირველი პირები იყვნენ ჩართულნი.

კონფერენციის მიზანს პრაქტიკოსთა პლატფორმის შექმნა და ადგილობრივი ხელისუფლების გარემოსდაცვითი დემოკრატიისა და კლიმატის მმართველობის საკითხების ირგვლივ გაერთიანება წარმოადგენდა.

დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ - მაია ბითაძემ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ - მზია გიორგობიანმა,საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩმა - მარკ კლეიტონმა, ათეას აღმასრულებელმა დირექტორმა - დავით მელუამ და WFD წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა საქართველოში - ლაშა ნაკაშიძემ.

გამომსვლელებმა გარემოსდაცვითი და კლიმატის ცვლილების მიმართულებით, საქართველოს მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს გაუსვეს ხაზი და აღნიშნეს, რომ კლიმატის მმართველობის გაუმჯობესების კუთხით, პირველ რიგში აუცილებელია მუნიციპალიტეტების გაძლიერება და მათი ჩართულობის გაზრდა, როგორც პოლიტიკის ფორმულირების ისე, მის განხორციელებაში.

მათივე განცხადებით, პრაქტიკოსთა პლატფორმა, როგორც ჩართულობისა და ცოდნის გაზიარების სივრცე, ხელს შეუწყობს კლიმატის ცვლილებისა და გარემოს დაცვის საკითხებში თანამშრომლობის გაძლიერებას.

პირველი სესია - ,,გარემოსდაცვითი და კლიმატის მმართველობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ხარვეზები და ბარიერები '', კვლევის პრეზენტაციას დაეთმო, რომელიც დამსწრე საზოგადოებას - კახაბერ გურგენიძემ, კოლეგასთან - ეკატერინე ოთარაშვილთან ერთად წარუდგინა.

ექსპერტების სამართლებრივი ანალიზის გაცნობის შემდეგ, რუსთავის, ბათუმის, დუშეთისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების მერებმა, კარგი პრაქტიკები წარმოაჩინეს და ნარჩენების მართვისა და SEAP დანერგვის მიმართულებით არსებულ გამოწვევებთან ერთად, მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.

აღსანიშნავია, რომ კონფერენციის ფარგლებში შეიქმნა პრაქტიკოსთა პლატფორმა და მოხდა შესაბამისი კონცეფციის გაცნობა, რომელიც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, ათეას ექსპერტმა წარუდგინა.

ღონისძიებამ დისკუსიის ფორმატში გადაინაცვლა, სადაც მიღწეულ იქნა შეთანხმება, რაც ადგილობრივი ხელისუფლების გარემოსდაცვითი დემოკრატიისა და კლიმატის მართვის საკითხების გარშემო გაერთიანების უზრუნველყოფას გულისხმობს.

როგორც კონფერენციაზე აღინიშნა, ერთის მხრივ, საქართველოს მთავრობასთან გარემოსდაცვის სფეროში დაინტერესებულ მხარეებთან კოორდინაციისთვის შექმნილი შესაბამისი პლატფორმები და მეორეს მხრივ, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ქოლგის ქვეშ ჩამოყალიბებული „პრაქტიკოსთა პლატფორმა“, ერთობლივად უზრუნველყოფენ შესაბამისი მექანიზმის გამართულ ფუნქციონირებას, რაც გულისხმობს, როგორც ვერტიკალურ, ისე ჰორიზონტალურ კოორდინაციას.

დღესვე, მოეწყო პირველი გარემოსდაცვითი დემოკრატიის ელექტრონული სასწავლო კურსის პრეზენტაცია, რომელიც ქართულ ენაზეა მომზადებული და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის.

კონფერენცია, გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროგრამის "გარემოს დაცვის, კლიმატის ცვლილებისადმი მედეგობის და დემოკრატიული მდგრადობის ხელშეწყობა საქართველოში" ფარგლებში გაიმართა.