ადგილობრივ თვითმმართველობათა ფორუმის მეორე შეხვედრა

2022-10-03

ადამიანის უფლებების მხრივ არსებული ვალდებულებების იმპლემენტაციის პროცესში შესაძლებლობების გაძლიერების ხელშეწყობისა და არსებული გამოწვევებისა და საჭიროებების განხილვის მიზნით, თბილისში, ადგილობრივ თვითმმართველობათა ფორუმის მეორე შეხვედრა გაიმართა.


ფართომასშტაბიანი ღონისძიება, რომელიც ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის პროექტის ორგანიზებით, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან (ათეა) თანამშრომლობით გაიმართა, ათეა-ს პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ - გიორგი ტყემალაძემ, ადამიანის უფლებების საკითხებზე ევროსაბჭოს კონგრესის მომხსენებელთან - ჰერალდ ბერგმანთან ერთად გახსნა.

მომხსენებლებმა ადგილობრივ დონეზე ადამიანის უფლებების განხორციელების მიმართულებით საერთაშორისო სტანდარტებზე მორგებული პრინციპების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და აღნიშნულ პროცესში ათეა-ს ჩართულობას გაუსვეს ხაზი.

მათი განცხადებით, თვითმმართველობათა ფორუმი წარმოადგენს უნიკალურ პლატფორმას, რომელიც ადგილობრივ დონეზე ადამიანის უფლებების განხორციელების გარშემო დიალოგის წარმართვის შესაძლებლობასა და ასევე, არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებისა და სამომავლო გეგმების განსაზღვრას უწყობს ხელს.

ღონისძიება, რომელსაც ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის ურთიერთთანამშრომლობისა და საგარეო ურთიერთობათა განყოფილების უფროსი - მარიტე მორასი უწევდა მოდერაციას, რამდენიმე სესიად დაიყო.

ფორუმის მონაწილეებმა, საბაზისო შეფასების დროს თავმოყრილი მონაცემების პრეზენტაციები მოისმინეს და ექსპერტებთან ერთად, პრიორიტეტებად მიჩნეული სფეროების შესახებ გამართულ დისკუსიებში მიიღეს მონაწილეობა.

დღესვე, თვითმმართველობის წარმომადგენლებს, ადგილობრივი ინიციატივების შესახებ საგრანტო კონკურსის თაობაზეც მიეწოდათ ინფორმაცია, რის შემდეგაც, ფორუმის ორგანიზატორებმა და მონაწილეებმა, დეკლარაციის სახით, შეხედულებებისა და ფაქტების შეჯერებული განცხადება შეიმუშავეს, რომლითაც, ადამიანის უფლებებისა და მონაწილეობითი დემოკრატიის საკითხებზე, მმართველობის ყველა დონესთან თანამშრომლობისა და დიალოგის გაძლიერების მიმართულებით მზადყოფნა გამოხატეს. ამავე დოკუმენტით, მუნიციპალიტეტებმა ათეასაც მიმართეს, რომლის თანახმადაც, ასოციაცია, როგორც თვითმმართველობების ქოლგა ორგანიზაცია, საკუთარი წევრი მუნიციპალიტეტების ინტერესებს დაიცავს და იქნება მათი ქმედითი წარმომადგენელი, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე.

„ადგილობრივ თვითმმართველობათა ფორუმი“ მიმდინარე წლის დასაწყისში, ათეა-ს წევრი, 13 სამიზნე მუნიციპალიტეტის პირველი პირების ჩართულობით ჩამოყალიბდა. სწორედ აღნიშნული პლატფორმის ფარგლებში შემუშავდა საბაზისო შეფასების დოკუმენტიც, რომელიც დღეს, ადგილობრივმა და საერთაშორისო კონსულტანტებმა, პრეზენტაციის სახით წარუდგინეს აუდიტორიას. აღსანიშნავია, რომ საბაზისო შეფასების დოკუმენტი, ფორუმის პირველ შეხვედრაზე წამოჭრილი საკითხების, ასევე, ათეასა და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ დამატებითი კვლევებისა და ფოკუს ჯგუფების ანალიზზე დაყრდნობით იქნა შემუშავებული.

აღნიშნული ღონისძიება პროექტის “საქართველოში ადგილობრივ დონეზე ​მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება“ ფარგლებში მოეწყო, რომელიც ევროპის საბჭოს 2020-2023 წ. წ. საქართველოს სამოქმედო გეგმის შესაბამისად, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის, დემოკრატიის გენერალური დირექტორატის მიერ და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
პროექტი მიზნად ისახავს მოქალაქეთა მონაწილეობის ინსტიტუციური ჩარჩოების გაძლიერებას, ასევე, ადამიანის უფლებების დაცვისა და ხელშეწყობის მიზნით, ადგილობრივი ხელისუფლების, მათი ეროვნული ასოციაციისა და სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების ხელშეწყობას.