ნინო რუხაძის განცხადება საქართველოს ევროპის სექციაში გადაყვანასთან დაკავშირებით

2022-06-17

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG), მიერ ევროპის მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭოში (CEMR) წარდგენილი წევრი, CEMR-ის ვიცე- პრეზიდენტი და თბილისის საკრებულოს წარმომადგენელი - ნინო რუხაძე, საქართველოსა და უკრაინის ადგილობრივ ხელისუფლებათა მსოფლიო კონგრესის ევრაზიის სექციიდან ევროპის სექციაში გადაყვანასთან დაკავშირებით, აღნიშნული კონგრესის ბიუროს გადაწყვეტილებას ეხმაურება.

,,წლების მანძილზე საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ლიდერობით, ძალისხმევითა და ჩართულობით, საქართველოში ხორციელდებოდა უმნიშვნელოვანესი რეფორმები და ინიციატივები დეცენტრალიზაციისა და მუნიციპალური მმართველობის სფეროში. ამ რეფორმების გამჭოლი მიზანი იყო საქართველოს თვითმმართველობის სისტემის ევროპულ მოდელთან დაახლოების უზრუნველყოფა.

მეტიც, საერთაშორისო და ევროპულ პლატფორმებზე ათეა-ს მიერ წარდგენილი დელეგაციების საქმიანობის ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებას წარმოადგენდა საქართველოს არა როგორც ევროპის პერიფერიაზე მდებარე სახელმწიფოს პოზიციონირება, არამედ როგორც ქვეყნის, რომელიც თავისი ღირებულებებითა და მსოფლმხედველობით ერთიანია ევროპასთან.

მე, როგორც CEMR-ის ვიცე-პრეზიდენტს, მსურს ხაზი გავუსვა ათეა-სა და CEMR-ის ნაყოფიერ თანამშრომლობას, რომლის ფარგლებშიც, ათეა-ს მიერ წარდგენილი საქართველოს დელეგაცია ევროპული მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს მუდმივად აცნობდა იმ ტენდენციებს, რეფორმებსა და მიდგომებს, რომლებიც ხორციელდებოდა საქართველოს მუნიციპალიტეტებში გარემოს დაცვის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, ადამიანის უფლებების, სოციალური და ა.შ. მიმართულებებით და რომლებიც თანხვედრაშია მოწინავე ევროპული სახელმწიფოების მუნიციპალიტეტების საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებთან. ამასთან, ჩვენი დელეგაცია ევროპელ კოლეგებს მუდმივად აჩვენებდა საქართველოს მუნიციპალიტეტების მზაობასა და რეალურ შესაძლებლობას, წვლილი შევიტანოთ საქართველოსა და ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული მიზნებისა და პრიორიტეტების განხორციელებაში, რათა ჩვენი მხრიდან ხელი შევუწყოთ საქართველოს ევროპის კავშირთან ინტეგრაციას.

განსაკუთრებულ აღნიშვნას და დაფასებას იმსახურებს ის ფაქტი, რომ CEMR-ის ლიდერებმა და წევრებმა გაგვიწიეს ძლიერი მოკავშირეობა ჩვენი მიზნის მიღწევაში. მათი მხარდაჭერა იყო ძალიან პრინციპული და ეფექტიანი!

ყველა ამ ერთობლივმა ძალისხმევამ შედეგი გამოიღო - ხანგრძლივი მუშაობის შედეგად, ადგილობრივი ხელისუფლების მსოფლიო კონგრესმა მიიღო სამართლიანი გადაწყვეტილება საქართველოს ევრაზიის სექციიდან ევროპის სექციაში გადაყვანასთან დაკავშირებით და ამ გადაწყვეტილებით მტკიცედ განაცხადა, რომ საქართველო ერთიანი ევროპული ოჯახის წევრია!''- განაცხადა ნინო რუხაძემ.