ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება

2021-12-10

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG ) და ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის თანამშრომლობით, ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

ჰიბრიდულ რეჟიმში მოწყობილ მასშტაბურ შეხვედრას, რომელიც ათეა-ს პრეზიდენტმა, თბილისის მუნიციპალიტეტის მერმა - კახა კალაძემ, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის გენერალურ მდივანთან - ანდრეას კიფერთან და საქართველოს სახალხო დამცველთან - ნინო ლომჯარიასთან ერთად გახსნა, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობების, სახალხო დამცველის აპარატისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ღონისძიების მიზანია წარმოაჩინოს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომა და მრავალდონიანი მმართველობა მდგრადი და ინკლუზიური პოლიტიკის შემუშავებისთვის, განსაკუთრებით კი, კოვიდ-19-ით გამოწვეული კრიზისის შემდგომ პერიოდში.

ათეა-ს პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას აქცენტი საქართველოს მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებზე გააკეთა და ევროსაბჭოს კონგრესს აღნიშნულ პროცესში აქტიური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩვენი დღევანდელი შეხვედრის მიზანია, ვიმსჯელოთ უთანასწორობის შემცირებაზე და ადამიანის უფლებების გაუმჯობესებაზე ადგილობრივ დონეზე, დავსახოთ თანამშრომლობის რეალური გზები, რათა თითოეულ რეგიონში, თითოეულ მუნიციპალიტეტში ხელი შევუწყოთ მოწყვლადი ჯგუფების, თითოეული ადამიანის კეთილდღეობას, მათი უფლებების დაცვას და უთანასწორობის აღმოფხვრას მათთვის ხარისხიანი მუნიციპალური სერვისების მიწოდებისა და ამ პროცესში ინკლუზიის კომპონენტის გათვალისწინების გზით. მოგეხსენებათ, პანდემიით გამოწვეული კრიზისი კიდევ ერთი საფრთხეა უთანასწორობის გაღრმავებისთვის, ამ თვალსაზრისითაც დროული და ძალიან მნიშვნელოვანი იყო ევროპის საბჭოსგან მიღებული კიდევ ერთი შესაძლებლობა კონკურსის სახით, რომელიც ეხება ადგილობრივ დონეზე ადამიანის უფლებების სტანდარტებისა და პრაქტიკის ინტეგრირებას. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ევროპელ პარტნიორებს ამისთვის. ჩვენ ძალიან ნაყოფიერი თანამშრომლობა გვაქვს, მიუხედავად რთული პანდემიური ვითარებისა, ჩვენ არ გვქონდა შეხვედრის შესაძლებლობა, მაგრამ ხშირი იყო ონლაინ ჩართვები და გარკვეული ნაბიჯები იდგმებოდა ყველა იმ მიმართულებით, რომელზეც მოხდა შეთანხმება“, - განაცხადა ათეა-ს პრეზიდენტმა.

კახა კალაძემ თბილისისა და სხვა მუნიციპალიტეტების ევროპის საბჭოს პროექტში „მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ ჩართულობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ აღნიშნული პროცესი თვითმმართველ ერთეულებს კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემს, რომ სოციალური ინკლუზიის, თანაბარი შესაძლებლობებისა და გენდერული თანასწორობის გაძლიერების მიზნით, მნიშვნელოვანი ღონისძიებები განახორციელონ.

მისივე თქმით, ამ კუთხით, ქვეყანამ ბოლო წლებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა და მომავალში კიდევ უფრო აქტიურად გააგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას, რაშიც ერთ-ერთ მთავარ როლს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია ითამაშებს .

აღნიშნული მიმართულებით საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის როლსა და მიზნებზე ისაუბრა, ათეა-ს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, CEMR-ში ეროვნულმა კოორდინატორმა და ექსპერტმა - ნათია ღვინაშვილმაც.

ორგანიზაციის წარმომადგენელმა უთანასწორობაზე, როგორც ადამიანის უფლებების ერთ-ერთ ძირითად პრინციპზე გაამახვილა ყურადღება და ქვეყნის მდგრადი განვითარების მისაღწევად ქალთა გაძლიერების როლს გაუსვა ხაზი.

,,გენდერული თანასწორობა, უპირველეს ყოვლისა, ადამიანის უფლებას წარმოადგენს. აღნიშნული პრინციპის თანახმად, ადამიანებს, განურჩევლად სქესისა, აქვთ უფლება, იცხოვრონ ღირსეულად და თანაბრად ისარგებლონ სხვადასხვა სახის სიკეთეებით. ამ მიზნის მისაღწევად კი, აუცილებელი და კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქალთა გაძლიერება, რასაც გადამწყვეტი როლი უკავია მდგრადი განვითარების მიღწევისა და სიღარიბის აღმოფხვრის პროცესში, რადგან სწორედ ძლიერი ქალები უწყობენ ხელს ოჯახებისა და თემების კეთილდღეობასა და პროდუქტიულობას და შემდეგი თაობის სამომავლო პერსპექტივების გაუმჯობესებას“, - აღნიშნა ნათია ღვინაშვილმა.

ათეა-ს წარმომადგენელთან ერთად, კოვიდ-19-ისა და მის შემდგომ პერიოდში სხვადასხვა დონეზე უთანასწორობის შემცირებისა და ადამიანის უფლებების დაცვის ხელშეწყობაზე ისაუბრეს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ - მიხეილ სარჯველაძემ, ადამიანის უფლებების საკითხებში საქართველოს პრემიერ მინისტრის მრჩეველმა - ნიკო თათულაშვილმა და საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილემ - ეკატერინე სხილაძემ, რის შემდეგაც შეხვედრის მონაწილეებს საკუთარი მუნიციპალიტეტების გამოცდილება გაუზიარეს ზუგდიდის, წყალტუბოსა და ბოლნისის თვითმმართველი ერთეულების პირველმა პირებმა.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ფარგლებში, საქართველოში ადგილობრივ დონეზე ადამიანის უფლებების ხელშეწყობის მიზნით, ევროპის საბჭოს კონგრესსა და ადგილობრივ თვითმმართველობებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიალიც გაიმართა.

დოკუმენტი, რომელსაც ათეა-ს პრეზიდენტთან და თბილისის მერთან - კახა კალაძესთან ერთად, ჩოხატაურის, ოზურგეთის, წყალტუბოს, ზესტაფონის, დედოფლისწყაროს, ბოლნისის, დმანისის, ასევე მარნეულის, თეთრიწყაროს, წალკის, ონისა და ბორჯომის თვითმმართველი ერთეულის ხელმძღვანელმა პირებმა მოაწერეს ხელი, ინსტიტუციური ჩარჩოების გაძლიერებითა და ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ადამიანის უფლებების ინტეგრირების საშუალებით, საქართველოში ადგილობრივი დემოკრატიის ხარისხის გაუმჯობესებას, ასევე, უფრო ღია, ინკლუზიურ, მოქალაქეებზე ორიენტირებულ და გენდერულად მგრძნობიარე ადგილობრივი მმართველობის ხელშეწყობას ითვალისწინებს.

მუნიციპალიტეტების პრეზენტაციების შემდეგ, ღონისძიება, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა - დავით მელუამ და ანდრეას კიფერმა შეაფასეს.

კერძოდ, ათეა-ს ხელმძღვანელმა, ევროსაბჭოს მხარდაჭერით მუნიციპალიტეტებში თანაბარი შესაძლებლობებისა და ინკლუზიური განვითარების ხელშეწყობის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნულ პროცესში ათეა-ს, როგორც საქართველოს ყველა თვითმმართველი ერთეულის გამაერთიანებელი ქოლგა ორგანიზაციის ჩართულობას გაუსვა ხაზი.

ანდრეას კიფერმა კი, სიტყვით გამოსვლისას ქვეყნის მიღწევებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საქართველომ ბოლო წლებში მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა.

მისივე თქმით, ევროსაბჭოს კონგრესი საქართველოს ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებასთან მჭიდროდ თანამშრომლობს, რაც ერთობლივი რეფორმების წარმატებით განხორციელებას უწყობს ხელს.

შეხვედრა, რომელსაც ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის ურთიერთთანამშრომლობისა და საგარეო ურთიერთობათა სამმართველოს უფროსი - მარიტე მორასი, ადამიანის უფლებათა ექსპერტთან - კონსტანტინე კორკელიასთან ერთად უწევდა მოდერაციას, პროექტის -"მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში" ფარგლებში გაიმართა, რომელსაც ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფალთა კონგრესი და დემოკრატიის გენერალური დირექტორატი, არჩევნებისა და მონაწილეობითი დემოკრატიის სამმართველო, საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 წწ. სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ავსტრიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებენ.

პროექტი მიზნად ისახავს მოქალაქეთა მონაწილეობის ინსტიტუციური ჩარჩოების გაძლიერებას, ადამიანის უფლებების დაცვისა და ხელშეწყობის მიზნით ადგილობრივი ხელისუფლებისა და მათი ეროვნული ასოციაციის მხარდაჭერას და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ხელშეწყობას ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესზე რეალური გავლენის მოხდენის მიზნით.