კახა კალაძემ და ანდერს კნაპემ ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ცენტრალურ ხელისუფლებასთან თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

2020-02-24

საქართველოს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობის ფარგლებში, ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლების კონგრესის უმაღლესი რანგის წარმომადგენლების ქვეყანაში ვიზიტი გრძელდება.

კონგრესის პრეზიდენტი - ანდერს კნაპე და კონგრესის გენერალური მდივანი - ანდრეას კიფერი, დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად,  დღეს ევროსაბჭოს კულტურული მარშრუტების პროგრამის განვითარების მიზნით, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციისა (NALAG) და  განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების ცერემონიალს დაესწრნენ, რის შემდეგაც  ათეა-ს პრეზიდენტთან, საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელთან ევროსაბჭოს რეგიონალურ და ადგილობრივ ხელისუფლებათა კონგრესში - კახა კალაძესთან და  აღნიშნული დელეგაციის წევრებთან - გიორგი ტყემალაძესთან, თამარ ტალიაშვილთან და ბექა დავითულიანთან გამართეს შეხვედრა.

მხარეებმა ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ცენტრალურ ხელისუფლებასთან თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და ასევე,  მემორანდუმით გათვალისწინებული პროექტების განხორციელებისას მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

კონგრესის პრეზიდენტმა მომავალში ქართულ მხარესთან კიდევ უფრო აქტიური თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.

„ჩვენ ვისაუბრეთ ქალაქის მერთან და განვიხილეთ არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ეხება ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებას და ადგილობრივი ხელისუფლების ცენტრალურ ხელისუფლებასთან ურთიერთობებს. აქ ბატონი მერი არის ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტი და მეც ჩემს ქვეყანაში, შვედეთში იგივე თანამდებობა მიკავია. ჩვენ დავინტერესდით, თუ როგორ ურთიერთობენ მუნიციპალიტეტები ცენტრალურ ხელისუფლებასთან და კონსულტაციები მათ შორის თუ მიმდინარეობს უწყვეტ რეჟიმში. საქართველოს და თბილისს აქვს დიდი ტურისტული პოტენციალი, არაჩვეულებრივი სამზარეულო, ღვინო, ჰყავს სტუმართმოყვარე ხალხი. ჩვენი აქტიური თანამშრომლობით ეს პოტენციალი კიდევ უფრო მეტად უნდა განვითარდეს“, - განაცხადა ანდერს კნაპემ.  

ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის დელეგაცია საქართველოს 22 თებერვალს ეწვივია.

ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა საქართველოს ოკუპაციის მუზეუმი დაათვალიერეს და მოსწავლე-ახალგაზრდებს შეხვდნენ. 23 თებერვალს კი, დელეგაციის წევრები ათეა-ს ხელმძღვანელ პირებთან ერთად რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის გამყოფ ხაზთან არსებული ვითარებას გაეცნენ.

დღესვე, დაგეგმილია მაღალი რანგის შეხვედრები სხვადასხვა სამთავრობო უწყებებში.

ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესის დელეგაცია საქართველოს 25 თებერვალს დატოვებს.