ევროსაბჭოს კონგრესის დელეგაცია, ათეა-ს ხელმძღვანელ პირებთან ერთად რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის გამყოფ ხაზთან არსებული ვითარებას ადგილზე გაეცნო

2020-02-23

საქართველოს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობის ფარგლებში, ქვეყანაში პირველი ოფიციალური ვიზიტით მყოფი ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის დელეგაცია რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის გამყოფ ხაზთან არსებული ვითარებით დაინტერესდა.

კონგრესის პრეზიდენტი - ანდერს კნაპე და კონგრესის გენერალური მდივანი ანდრეას კიფერი,  საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) ვიცე-პრეზიდენტებთან - გიორგი ტყემალაძესთან და თამარ ტალიაშვილთან ერთად, დღეს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში ჩავიდნენ, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ  და მიმდებარე საოკუპაციო ხაზთან არსებულ სიტუაციას პირადად გაეცნენ.

ანდერს კნაპეს განცხადებით,  საოკუპაციო რეჟიმის ქმედებები უკანონო და  მიუღებელია, რაც უნდა დასრულდეს.  მისივე თქმით, საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან უფრო მეტად უნდა ხდებოდეს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ვითარების განხილვა.

„როდესაც ერთი ქვეყნა  მეორის  ოკუპაციას ახდენს,  უკანონობაა და უნდა დასრულდეს, რისთვისაც აუცილებელია დისკუსია. ეს სიტუაცია მოსაგვარებელია და საქართველოს და უკრაინას მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს. ყველაზე მეტად ადგილობრივი მოსახლეობა ზარალდება და ამ ყველაფერს ხალხის სიცოცხლე ეწირება“, - აღნიშნა კონგრესის პრეზიდენტმა.

გიორგი ტყემალაძის განცხადებით, საოკუპაციო ხაზთან ჩასვლა და ვითარების ადგილზე გაცნობა თავად დელეგაციის სურვილი იყო. როგორც ათეა-ს პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა განმარტა, მნიშვნელოვანია, რომ დასავლელმა პარტნიორებმა არამხოლოდ გადმოცემით იცოდნენ თუ რა ხდება საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში, არამედ თავად ნახონ და ადგილზე გაეცნონ ვითარებას.

,, დელეგაციის წევრებს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის გამყოფ ხაზთან არსებული ვითარება ადგილზე გავაცანით და საოკუპაციო რეჟიმის ქმედებებზე მაქსიმალური ინფორმაცია მივაწოდეთ. გარდა ამისა, იმ მოსახლეობასაც გავესაუბრეთ, რომელთა სახლებთანაც მავთულხლართებია გაბმული. ევროსაბჭოს დელეგაციის უმაღლესმა წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ოკუპირებულ რეგიონში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, აუცილებელია დასავლელი პარტნიორების მაქსიმალური ინფორმირება. სწორედ მათთვის ინფორმაციის მიწოდებას ემსახურებოდა ჩვენი დღევანდელი ვიზიტი ხურვალეთში. აღსანიშნავია ისიც, რომ დელეგაციის წევრებმა უშუალოდ ადგილობრივი მცხოვრებლებისგან მოისმინეს, თუ როგორ ცხოვრობენ ისინი საოკუპაციო ხაზთან“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ და აღნიშნა, რომ კონგრესის წევრებმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით დააფიქსირეს მათი უპირობო მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

ათეა-სა და ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის ვიცე პრეზიდენტის თამარ ტალიაშვილის თქმით კი, ქვეყნისთვის დასავლელი პარტნიორების მხრიდან, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია.

“ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპელი, დასავლელი პარტნიორები მუდმივად ინფორმირებული გვყავდეს იმ აქტუალურ დღის წესრიგთან დაკავშირებით, რომელიც  საქართველოს ეხება.  მათ შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული რეფორმები. მშვიდობის, რეფორმების და ევროინტეგრაციის გზაზე ჩვენი ევროპელი პარტნიორების და მეგობრების მხარდაჭერა  უმნიშვნელოვანესია ”, – განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

ევროსაბჭოსა და ათეა-ს წარმომადგენლებთან ერთად, ხურვალეთში, საქართველოს პრემიერის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში - სოზარ სუბარი და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული - გიორგი ხოჯევანიშვილი, ასევე საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) აღმასრულებელი დირექტორი - დავით მელუა იმყოფებოდნენ.

როგორც სახელმწიფო რწმუნებულმა აღნიშნა, ევროპელი პარტნიორების მხრიდან მსგავსი ტიპის აქტივობები ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

დღესვე, კონგრესის დელეგაცია უფლისციხესაც ეწვია, სადაც სტუმრებმა საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ისტორიული ძეგლის შესახებ  მოისმინეს ინფორმაცია.

საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში,  კონგრესის დელეგაცია, ათეა-ს პრეზიდენტთან, საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელთან ევროსაბჭოს რეგიონალურ და ადგილობრივ ხელისუფლებათა კონგრესში - კახა კალაძესთანაც გამართავს შეხვედრას.  

ასევე, დაგეგმილია მაღალი რანგის შეხვედრები სხვადასხვა სამთავრობო უწყებებში.

ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესის დელეგაცია საქართველოს 25 თებერვალს დატოვებს.