ათეამ 2018-2019 წლის საუკეთესო პრაქტიკის კონკურსის შეფასების კომისიის სხდომა გამართა

2019-12-12

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ (NALAG), ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ,,განვითარების ეფექტიანობის ქსელი’’ (N4ED) ფარგლებში, 2018-2019 წლის საუკეთესო პრაქტიკის კონკურსის შეფასება დაასრულა.

სპეციალურმა კომისიამ, რომელიც როგორც საჯარო, ისე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებით და დარგის ექსპერტებითაა დაკომპლექტებული, დღეს სხდომა გამართა და საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის მმართველი კომიტეტისთვის წარსადგენად, შეჯერებული დასკვნები, რეკომენდაციები, ასევე, შეფასების შედეგები და კომენტარები მოამზადა.

შეხვედრაში, რომელიც საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის (BPP) ხელმძღვანელის - ნინო ზურაბიშვილის კოორდინირებით  გაიმართა, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე - ნათია ღვინაშვილი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი - ნიკოლოზ როსებაშვილი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი - მიხეილ ჯიბუტი, ინიციატივის - „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ სამდივნოს კოორდინატორი აზერბაიჯანსა და საქართველოში - ზვიად არჩუაძე, ასევე, ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი ნინო ხუხუა, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციის ექსპერტი გოჩა ლობჟანიძე და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ექსპერტი კახა გურგენიძე იღებდნენ მონაწილეობას.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა,  BPP-ის 2019 წლის კონკურსის გამარჯვებული მუნიციპალიტეტები 18 დეკემბერს გამართულ კომიტეტის შემაჯამებელ სხდომაზე გამოვლინდებიან.

საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის 2018-2019 წწ კონკურსში მონაწილეობა ქვეყნის ოცმა მუნიციპალიტეტმა მიიღო, რომლებმაც საკონკურსოდ შერჩეულ 12 თემაზე სულ 38 პროექტი წარმოადგინეს.

კომისიამ, კონკურსის ფარგლებში შემოსული პროექტები სპეციალურად შემუშავებული ინდიკატორებით და კრიტერიუმებით შეაფასა. კერძოდ, ექსპერტებმა საქართველოს მუნიციპალიტეტების მიერ წარმოდგენილი განაცხადები, წარმატებულობის, გამჭვირვალობის, ადეკვატურობის, ასევე, გაზიარებადობისა და მდგრადობის პრინციპებით, საუკეთესო პრაქტიკის ჭრილში შეაფასა.

კონკურსის საბოლოო შედეგები 20 დეკემბერს, საუკეთესო პრაქტიკის მეორე ეროვნულ კონფერენციაზე გამოცხადდება. დაჯილდოვების საზეიმო ცერემონიალზე კი, გამარჯვებული მუნიციპალიტეტები სპეციალური პრიზებით და სიგელებით დაჯილდოვდებიან.

BPP ევროპის საბჭოს მიერ აღიარებული და მის წევრ ქვეყნებში ფართოდ გამოყენებული ინსტრუმენტია, რომელიც მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებების განხორციელებასთან დაკავშირებული წარმატების მაგალითების გამოვლენასა და სხვა მუნიციპალიტეტებში მათ გამოყენებას ისახავს მიზნად.