თამარ ტალიაშვილმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორუმზე მდგრადი განვითარების მიზნების ლოკალიზებაზე ისაუბრა  

2019-10-25

 

ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესისა და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) ვიცე-პრეზიდენტი თამარ ტალიაშვილი ევროსაბჭოს პოლიტიკური პლატფორმის (PLATFORMA) მიწვევით ქალაქ ვილნიუსში იმყოფებოდა, სადაც თანამშრომლობის განვითარების პანელში - „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პრიორიტეტები და თანამშრომლობის შესაძლებლობები“ მოხენებით გამოვიდა. დეპუტატმა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDG 2030) მიღწევის გამოწვევებსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების გამოცდილებაზე ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა ევროკავშირისა და სამეზობლო ქვეყნებთან დეცენტრალიზებული თანამშრომლობით საქართველოში განხორციელებულ მასშტაბურ პროექტებს.

ამავე პანელში მონაწილეობას იღებდა EBRD-ის კლიმატის ცვლილებების ვიცე-დირექტორი ნაიჯელ იოლანდი, რომელმაც საქართველოსთან წარმატებული თანამშრომლობა და ერთობლივი პროექტები შეაფასა, როგორც რეგიონში ეფექტური თანამშრომლობის ყველაზე წარმატებული მაგალითი. ასევე, ევრო-კომისიის სამეზობლოს ეკონომიკური განვითარების ხელმძღვანელმა - ოაბინ აჯენინმა - წარმატებულად შეაფასა ის დინამიკა, რომელსაც საქართველომ სამეზობლოს გაფართოების პროგრამის ფარგლებში მიაღწია.

თამარ ტალიაშვილმა საქართველოში თბილისის მაგალითზე, გატარებული რეფორმებისა და პროექტების წარმატებით განხორციელებაში ევროპულ საფინანსო ორგანიზაციებთან  თანამშრომლობის როლს გაუსვა ხაზი, მათ შორის, ისეთი ინიციატივების, როგორიც არის:  ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემები (ITC), დედაქალაქის მდგრადი ურბანული მობილობის გეგმა (SUMP), მუნიციპალური ნარჩენების მენეჯმენტი, ტყის განახლება და კუს ტბისა და მთაწმინდის განვითარება, საცხოვრებლად ღირებული / მისაღები ქალაქები (Livable Cities), სამოქალაქო ჩართულობის პლატფორმა, ღია მმართველობის პროგრამა (OGP) და სტარტაპ ბიზნესის ხელშემწყობი აქსელერატორი - „სპარკი“. ასევე საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) მიერ კოორდინირებული პროექტის - განვითარებისა და ეფექტიანობის ქსელი (N4ED). გარდა ამისა, ყურადღება გაამახვილა შავი ზღვის თანამშრომლობის პროგრამის პროექტზე - ,,მწვანე ტურიზმი და ისტორიული მემკვიდრეობა - შავი ზღვის აუზის განვითარების საფუძვლები“.

„საქართველოს მაგალითი გვიჩვენებს ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ნების არსებობის პირობებში თუ როგორ შეიძლება დეცენტრალიზაციის პროცესის წარმართვა ისე, რომ ქალაქები და მუნიციპალიტეტები გახდნენ მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის ქმედითი და ეფექტიანი ინსტრუმენტი. ცხადია ევროპის კავშირმა, ევროპის საბჭოს კონგრესმა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებმა უნდა გააგრძელონ თანამშრომლობა ამ შედეგების გაზიარებისა და განვრცობისათვის“ - აღნიშნა კონგრესის ვიცე პრეზიდენტმა.

PLATFORMA-ს წარმომადგენელმა ოლივიე ბაუმარდმა მადლობა გადაუხადა თამარ ტალიაშვილსა და ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციას (ათეა)საქართველოს პირველი მუნიციპალიტეტების მიერ ევროპის ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის ქარტიის ხელმოწერის ძალისხმევისთვის და ხაზი გაუსვა ამ ნაბიჯის მნიშვნელობას საქართველოს მიერ გაეროს მდგრადი განვითარების (SDG 2030) მეხუთე - თანასწორობის - მიზნის მიღწევის ინდექსისათვის. 

თამარ ტალიაშვილმა ასევე მონაწილეობა მიიღო ფორუმის ფარგლებში გამართულ ვორქშოპში, სადაც ფორუმის მონაწილეებს ევროსაბჭოს კონგრესის როლი და ამოცანები გააცნო, ასევე ისაუბრა ადგილობრივ თვითმმართველობათა ევროპული ქარტიის პრინციპების კორელაციაზე გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ლოკალიზებასთან.

ფორუმის დასასრულს PLATFORMA-ს ხელმძღვანელმა,  მარლენ სიმეონმა, გამოთქვა მზაობა შემდეგი ფორუმის თბილისში გამართვასთან დაკავშირებით.