ლატვიის რესპუბლიკაში ქართული დელეგაციის სასწავლო ტური დასრულდა

2019-10-25

ქართულმა დელეგაციამ ლატვიის რესპუბლიკაში გამართული სასწავლო ტური დაასრულა.

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) აღმასრულებელმა დირექტორმა - დავით მელუამ და მისმა მოადგილემ - ნათია ღვინაშვილმა, ათეა-ს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ასევე ქუთაისის, თელავის, ცაგერის, ლანჩხუთის, ზუგდიდის, ოზურგეთის, ქობულეთის, ლაგოდეხისა და ახალქალაქის თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად რიგაში გამართეს შეხვედრები.

დელეგაციის წევრები სასწავლო ტურის ფარგლებში ლატვიის ადგილობრივი და რეგიონული მმართველობების ასოციაციის (LALRG), ლატვიის პარლამენტის (სეიმი). რიგის ქალაქის განვითარების დეპარტამენტისა და ქვეყნის რამდენიმე მუნიციპალიტეტის მაღალი რანგის წარმომადგენლებს, ასევე ლატვიაში  საქართველოს ელჩს - თეა მაისურაძეს შეხვდნენ და  სხვადასხვა სფეროებში ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების გზებზე ისაუბრეს.

შეხვედრებზე ქართული მხარე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს გაეცნო და ლატვიის რესპუბლიკის ცენტრალურ მთავრობასა და ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის არსებულ სისტემაზე, მათ შორის საბიუჯეტო ურთიერთობებსა და მთავრობათა დაფინანსების მიმართულებებზე, ასევე, ქვეყნის ტერიტორიული მოწყობის პრინციპებზე, მიგრაციასთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და  ადგილობრივ თვითმმართველობებში განხორციელებულ რეფორმებზე მოისმინა ინფორმაცია.

დელეგაციის წევრებს ქვეყნის რამდენიმე მუნიციპალიტეტის მაღალი რანგის წარმომადგენლებმაც უმასპინძლეს და რეგიონში განხორციელებული რეფორმები ადგილზე გააცნეს.

შეხვედრების დასასრულს ქართულმა დელეგაციამ მასპინძლებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

სასწავლო ტური, რომელიც 21-25 ოქტომბერს მოეწყო,  პროექტის „ეფექტიანობის და განვითარების ქსელი“ (N4ED) ფარგლებში გაიმართა და ადგილობრივი მმართველობების განვითარების დაგეგმვის, საქმიანობის მონიტორინგისა და შეფასების, ადგილობრივი განვითარების ჯგუფების მუშაობის, ურბანული მმართველობის ინოვაციებისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნის გამოცდილებების გაზიარებას ისახავდა მიზნად.

ქართული დელეგაცია ლატვიის რესპუბლიკაში ადგილობრივი და რეგიონული მმართველობების ასოციაციის (LALRG) მიწვევით იმყოფებოდა.