2019 წლის საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის კონკურსის გამოცხადებამდე, ათეა-მ რეგიონული კონფერენციების ციკლი დაიწყო

2019-10-03

საქართველოს მუნიციპალიტეტებში საუკეთესო პრაქტიკის მაგალითების გამოვლენისა და მათი გამოცდილების სხვა მუნიციპალიტეტებისთვის გაზიარების მიზნით, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (NALAG), სხვადასხვა ღონისძიებებს განაგრძობს.

2019 წლის საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის კონკურსის (BPP – Best Practice Program) გამოცხადებამდე, ათეა-მ  რეგიონული კონფერენციების ციკლი დაიწყო, რომელიც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „ეფექტიანობისა და განვითარების ქსელი“ (N4ED) ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით ათ რეგიონში ჩატარდება.
 
პირველი რეგიონული კონფერენცია მცხეთაში გაიმართა და მასში ათეა-ს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილესთან - ნათია ღვინაშვილთან, ასოციაციის ექსპერტებთან ნინო ზურაბიშვილთან და კახა გურგენიძესთან ერთად, მცხეთა-მთიანეთის მხარის მუნიციპალიტეტების უმაღლესი თანამდებობის პირებმა მიიღეს მონაწილეობა.

შეხვედრაზე აღნიშნული პროექტის მიზნებზე, ამოცანებსა და კომპონენტებზე იმსჯელეს, რის შემდეგაც, მცხეთის, თიანეთის, ყაზბეგისა და დუშეთის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა  მოქალაქეთა ჩართულობის მხრივ ადგილზე არსებულ გამოცდილებასა და გამოწვევებზე ისაუბრეს.

კონფერენციის მონაწილეებმა, დღესვე, საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის 2018 წლის საკონკურსო თემები განიხილეს და  მისი შეფასების პროცესზე იმსჯელეს.

შეხვედრის ძირითადი ნაწილი 2019 წლის საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის განხილვას დაეთმო, სადაც ათეა-ს წარმომადგენლებმა, დამსწრე საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს როგორც საკონკურსო თემებზე, ისე კონკურსის მიმდინარეობის ეტაპებზე, შეფასების კრიტერიუმებსა და ინდიკატორებზე,

კონფერენციაზე საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის ვებ-პორტალის სატესტო ვერსიის პრეზენტაციაც გაიმართა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ვებ-პორტალი საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მოქნილ ინსტრუმენტს წარმოადგენს, რომლის მუშაობის სპეციფიკასა და გამოყენების წესებზე „ელექტრონული მმართველობა საქართველოსათვის“ წარმომადგენელმა - თეა ტურაშვილმა ისაუბრა.

პროექტი-"ეფექტიანობის და განვითარების ქსელი“ (N4ED) ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ინიციატივაა, რომელსაც საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია, კვლევით ცენტრ - PMC (საქართველო)-სთან და ლატვიის ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ასოციაციასთან (LALRG) თანამშრომლობით ახორციელებს. მისი მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს მუნიციპალიტეტებში ინკლუზიური მმართველობისა და მონაწილეობითი დაგეგმარების დამკვიდრებას, საქმიანობის შეფასებისა და მონიტორინგის სისტემის დანერგვას. ასევე, ადგილობრივ თვითმმართველობათა შორის თანამშრომლობისა და კარგი პრაქტიკის გაზიარების ქსელის შექმნას.