ქართულმა დელეგაციამ კონფერენციის ,,CORLEAP’’ ყოველწლიურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

2019-09-13

ქართულმა დელეგაციამ ფინეთის ქალაქ ტურკუში გამართულ ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციის -,,CORLEAP’’ მეცხრე ყოველწლიურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

დელეგაციას, რომლის შემადგენლობაშიც თბილისისა და ზუგდიდის საკრებულოების მუდმივმოქმედი წევრები - ნინო ლაცაბიძე და სანდრო სორდია შედიან, დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს დეპუტატი - ქეთევან მამულაშვილი ხელმძღვანელობდა.

ყოველწლიურ შეხვედრაზე CORLEAP-ის ანგარიში მოისმინეს და ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის პროგრამების ფარგლებში, სახალხო დიპლომატიის ხელშეწყობაზე, ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლების ადმინისტრაციული რესურსების  გაძლიერებაზე, ასევე   აღმოსავლეთ პარტნიორობაში   რეგიონულ და ადგილობრივ ხელისუფლებათა  როლსა და მნიშვნელობაზე იმსჯელეს.   


აღნიშნულ შეხვედრაში  ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლების კონგრესის პრეზიდენტი - ანდრეას კნაპე და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების დელეგაციების წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას. 


საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (NALAG) აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონთა და თვითმმართველობათა კონფერენციაში (CORLEAP) 2011 წელს გაწევრიანდა, მასში მონაწილე ქართული დელეგაციის ახალი შემადგენლობა კი ათეა-ს აღმასრულებელმა საბჭომ 2018 წლის მარტში დაამტკიცა.