ადგილობრივ თვითმმართველობათა ფორუმის მეოთხე შეხვედრა

2024-04-26

ადგილობრივ დონეზე ადამიანის უფლებებისა და ანტი-დისკრიმინაციის შესახებ შესაძლებლობების განვითარების სასწავლო პროგრამის/კურიკულუმის გაცნობის მიზნით, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესისა და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ორგანიზებით, ადგილობრივ თვითმმართველობათა ფორუმის მეოთხე შეხვედრა გაიმართა.

ონლაინ ღონისძიება პროექტის ,, საქართველოში ადგილობრივ დონეზე მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება“ ფარგლებში მოეწყო და მასში ათეა-ს ვიცე-პრეზიდენტი, მაცაცო ნარიმანიძე, ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეები, ტატიანა ბოკუჩავა და ლაშა არჩვაძე, ასევე პროექტის 13 სამიზნე მუნიციპალიტეტის პირველი პირები, ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის წევრები,  დარგის ექსპერტები და  ასოციაციისა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები იყვნენ ჩართულნი.

შეხვედრა ათეა-ს ვიცე-პრეზიდენტმა, ასოციაციის ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის თავმჯდომარემ და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა, მანანა (მაცაცო) ნარიმანიძემ, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესში ადამიანის უფლებათა საკითხებში მუდმივ მომხსენებელთან,  გუდრუნ მოსლერ-ტორნსტრომისთან, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილესთან, მზია გიორგობიანთან, ასევე, საქართველოს სახალხო დამცველის პირველ მოადგილესთან, თამარ გვარამაძესთან და საქართველოში ავსტრიის განვითარების სააგენტოს ოფისის ხელმძღვანელთან, ალექსანდერ კარნერთან ერთად გახსნა.

გამომსვლელებმა ადგილობრივ თვითმმართველობათა ფორუმის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით მიღწეული პროგრესი შეაფასეს.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა,  კურიკულუმი შემუშავებულია ადგილობრივი გადაწყვეტილების მიმღები პირების, მუნიციპალური თანამშრომლების, ადგილობრივი თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის მიერ, ეროვნული და საერთაშორისო ექსპერტებისა და სახალხო დამცველის ოფისის მხარდაჭერით და მოიცავს ძირითად მოდულებს,  ფუნდამენტური პრინციპებიდან -  მდგრადი განხორციელების სტრატეგიების ჩათვლით.

პირველ სესიაზე მონაწილეები სასწავლო პროგრამას / კურიკულუმს, მის მიზნებსა და სტრუქტურას გაეცნენ, მოგვიანებით კი, დამსწრე საზოგადოებას საშუალება მიეცა გასცნობოდა ახალ საპროექტო წინადადებას და მთავარ პარტნიორებთან ერთად  გაეზიარებინა საკუთარი  წინადადებები, იდეები და სამომავლო გეგმები.  

ღონისძიებას, რომელიც დისკუსიის ფორმატს მოიცავდა,  მოდერაციას უწევდნენ - ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე, სვეტისლავ პაუნოვიჩი, საერთაშორისო ექსპერტი გენდერული თანასწორობისა და ინკლუზიის საკითხებში, დიანე ბუნიანი, ადგილობრივი ექსპერტი ადამიანის უფლებების სფეროში, ანა არგანაშვილი და მონაცემების ადმინისტრირების  საკითხებში ადგილობრივი ექსპერტი, თამარ  გველესიანი.

შეხვედრა ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის წარმომადგენელმა, კარგი მმართველობის ექსპერტიზის ცენტრის ხელმძღვანელმა მარიტე მორასიმ და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, ტატიანა ბოკუჩავამ შეაჯამეს და მონაწილეებთან ერთად სამომავლო გეგმები განიხილეს.

აღსანიშნავია, რომ პროექტი ,,საქართველოში ადგილობრივ დონეზე მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება“,  ევროპის საბჭოს 2020-2023 წ. წ. საქართველოს სამოქმედო გეგმის შესაბამისად, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის, დემოკრატიისა და ადამიანური ღირსების გენერალური დირექტორატის მიერ და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.