ათეა-ს ორგანიზებით, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ინტერმუნიციპალური სოციალური პლატფორმა დაფუძნდა

2024-04-23

მუნიციპალურ დონეზე მიმდინარე პროგრამების შესახებ ცოდნის, ინფორმაციისა და პრაქტიკის გაზიარების, ასევე, სერვისების ერთობლივად მიწოდების ხელშეწყობის მიზნით,  მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ინტერმუნიციპალური სოციალური პლატფორმა დაფუძნდა.

პლატფორმა, რომელიც საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ინიციატივითა და ორგანიზებით ჩამოყალიბდა, მცხეთა-მთიანეთის ოთხივე მუნიციპალიტეტს აერთიანებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, მცხეთის მუნიციპალიტეტში შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ათეა-ს ვიცე-პრეზიდენტი, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი, მანანა (მაცაცო) ნარიმანიძე, ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, ლაშა არჩვაძე და ევროპის საბჭოს ექსპერტი, ნინო ზურაბიშვილი, ასევე  მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის თვითმმართველი ერთეულების პირველი პირები და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას.

შეხვედრა მანანა (მაცაცო) ნარიმანიძემ, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერთან, დიმიტრი ზურაბიშვილთან ერთად გახსნა.

გამომსვლელებმა მუნიციპალიტეტებისთვის დელეგირებული უფლებამოსილებების ჯეროვნად აღსრულების ხელშეწყობის აუცილებლობაზე ისაუბრეს და აღნიშნულ პროცესში ათეა-ს მნიშვნელოვან ჩართულობაზე გაამახვილეს ყურადღება.  

შეხვედრის პირველი ნაწილი ინტერმუნიციპალური პლატფორმის კონცეფციისა და საქმიანობის წესის განხილვას დაეთმო, რომელიც დამსწრე საზოგადოებას  ნინო ზურაბიშვილმა გააცნო.
მანვე, UNICEF/NALAG პარტნიორობით განხორციელებული პროექტების მიზნებზე ისაუბრა და მუნიციპალური სოციალური სერვისების დაგეგმვის მექანიზმები მიმოიხილა.

შეხვედრაზე,  საჭიროებაზე დაფუძნებული სოციალური პროგრამირების შესახებ, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამოცდილებაზე ისაუბრა დუშეთის მერმა, მაცაცო ნარიმანიძემ, რის შემდეგაც, მონაწილეებმა პლატფორმის მორიგი სხდომის დღის წესრიგის საკითხები განსაზღვრეს და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.

აღსანიშნავია, რომ ათეა-ს ინიციატივით, ინტერმუნიციპალური სოციალური პლატფორმები უკვე შეიქმნა სამეგრელო-ზემო სვანეთისა და გურიის რეგიონებში.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ანალოგიური პლატფორმის დაფუძნება საქართველოს სხვა რეგიონებშიც იგეგმება.