ათეა-ს ორგანიზებით, გურიის რეგიონში ინტერმუნიციპალური სოციალური პლატფორმა დაფუძნდა

2024-04-18

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის  ინიციატივითა და ორგანიზებით, გურიის რეგიონში ინტერმუნიციპალური სოციალური პლატფორმა დაფუძნდა.

აღსანიშნავია, რომ  პლატფორმა,  მუნიციპალიტეტებს შორის გამოცდილების გაზიარებისა და სერვისების ერთობლივად მიწოდების ხელშეწყობის მიზნით შეიქმნა და გურიის სამივე მუნიციპალიტეტს აერთიანებს.

შეხვედრა, ათეა-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო რუხაძემ, ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტების მერების მოადგილეებთან, ნათია გოლიაძესთან, მინდია ჟღერიასთან და ეკატერინე გუჯაბიძესთან ერთად გახსნა.

როგორც გამომსვლელებმა აღნიშნეს, ადგილობრივ ხელისუფლებას მნიშვნელოვანი როლი აქვს ბავშვთა დაცვისა და სოციალური კეთილდღეობის უზრუნველყოფაში, აღნიშნულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ მუნიციპალიტეტის თანამშრომლები აღჭურვილნი იყვნენ შესაბამისი ცოდნით და გამოცდილებით სოციალური პროგრამების სწორად შემუშავების, დაგეგმვისა და განხორციელების საკითხებში.

შეხვედრის პირველი ნაწილი ინტერმუნიციპალური პლატფორმის კონცეფციისა და საქმიანობის წესის განხილვას დაეთმო, რომელიც დამსწრე საზოგადოებას ევროპის საბჭოს ექსპერტმა, ნინო ზურაბიშვილმა გააცნო.
მანვე, UNICEF/NALAG პარტნიორობით განხორციელებული პროექტების მიზნებზე ისაუბრა,  დამსწრე საზოგადოებას, სამეგრელო - ზემო სვანეთის ინტერმუნიციპალური პლატფორმის შედეგები გააცნო და მუნიციპალური სოციალური სერვისების დაგეგმვის მექანიზმები მიმოიხილა.

შეხვედრაზე პრეზენტაცია წარმოადგინეს და საჭიროებაზე დაფუძნებული სოციალური პროგრამირების შესახებ, მუნიციპალიტეტის გამოცდილებაზე ისაუბრეს, ოზურგეთის მერის მოადგილემ, ნათია გოლიაძემ და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური სერვისების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, მაიზერ ცელაძემ.
დასასრულს კი,   მონაწილეებმა პლატფორმის მორიგი სხდომის დღის წესრიგის საკითხები განსაზღვრეს და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.

შეხვედრაში, რომელიც დისკუსიის ფორმატში მიმდინარეობდა,   ათეა-ს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, ლაშა არჩვაძე, ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მრჩეველი, ვლადიმერ ბოჟაძე და ასევე, მუნიციპალიტეტების შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას.