რეგიონების განვითარებისთვის უცხოეთში განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით, ახალი ქვეპროგრამის პრეზენტაცია გაიმართა

2024-04-18

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, ტატიანა ბოკუჩავა სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის ახალი ქვეპროგრამის „უცხოეთში განათლების მიღების ხელშეწყობა რეგიონების განვითარებისთვის 2024-25“ პრეზენტაციას დაესწრო.

როგორც აღნიშნული  ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნუნუ მიცკევიჩმა პრეზენტაციისას განმარტა, განათლების საერთაშორისო ცენტრის ახალი ქვეპროგრამა მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონების მხარდაჭერას საზღვარგარეთ განათლების მიღებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით. მისივე განცხადებით, პროგრამის ბენეფიციარები იქნებიან კონკურსის წესით შერჩეული ახალგაზრდები, რომლებიც სახელმწიფოს დაფინანსებით უცხოეთში განათლებას მიიღებენ/კვალიფიკაციას აიმაღლებენ და სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, რეკომენდაციის გამცემ რეგიონებში, უცხოეთში მიღებული კვალიფიკაციის შესაბამისად დასაქმდებიან, რათა შეძენილი ცოდნა რეგიონების განვითარებას მოახმარონ.

შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ტარიელ გუგავამ გახსნა, პროგრამის შედეგებზეც ისაუბრეს. გამომსველელბმა  წარმატებულ მაგალითად მათი კურსდამთავრებულის, ნინო რუხაძის მიღწევებზე გაამახვილეს ყურადღება, რომელიც ამ დროისთვის, ათეა-ს აღმასრულებელი დირექტორისა და ევროპის რეგიონთა და მუნიციპალიტეტთა საბჭოს ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობეს იკავებს.

შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს საუნივერსიტეტო სივრცეში განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, ასევე გაფორმდა თანამშრომლობისა და ურთიერთგაგების მემორანდუმი სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრსა და რეგიონული უნივერსიტეტების მუდმივმოქმედ კონფერენციას შორის.

ღონისძიების დასასრულს კი, დამსწრე საზოგადოებას ინფორმაცია მიეწოდა  სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სახელმწიფოთაშორისი საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ, რომლის თანახმადაც, ცენტრი ადმინისტრირებას უწევს კონკურსებს უცხო ქვეყნის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში აკადემიურ და კვლევით ვიზიტებს ახორციელებენ.

ღონისძიებას, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეები, საქართველოს რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულები, რეგიონული უნივერსიტეტების რექტორები, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტისა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს  წარმომადგენლები ესწრებოდნენ.