ათეა-ს აღმასრულებელი საბჭოს რიგით XLIX სხდომა

2024-04-15

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ აღმასრულებელი საბჭოს რიგით XLIX სხდომა მოიწვია, რომელსაც ათეა-ს ვიცე-პრეზიდენტი, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი, მანანა (მაცაცო) ნარიმანიძე ხელმძღვანელობდა.

სხდომის მონაწილეებმა შავი ზღვის თანამშრომლობის (Black Sea Cooperation) პროექტები განიხილეს, რომლებიც საბჭოს წევრებს დეტალურად  წარუდგინეს ათეა-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო რუხაძემ და მისმა მოადგილემ, ტატიანა ბოკუჩავამ.

როგორც პრეზენტაციის აღინიშნა, შავი ზღვის თანამშრომლობის პროექტები, მუნიციპალიტეტებისთვის  მოიცავს  სემინარებსა და ტრენინგებს ისეთ თემებზე, როგორებიცაა მწვანე და სუფთა რეგიონები; ბიომრავალფეროვნების და მწვანე ინფრასტრუქტურის დაცვა; ურბანულ ადგილებში დაბინძურების შემცირება; კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის ხელშეწყობა; კატასტროფების რისკების პრევენცია და ეკოსისტემაზე დაფუძნებული მიდგომები.

პროექტების ფარგლებში, ასევე დაგეგმილია, ეკოლოგიური ბანაკებისა და  დასუფთავების ღონისძიებების მოწყობა და სასწავლო ვიზიტები პარტნიორ ქვეყნებში.

აღმასრულებელმა საბჭომ პროექტები ერთხმად დაამტკიცა, რის შემდეგაც სხდომის წევრებმა ათეა-ს 2024 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს და ნიდერლანდების მუნიციპალიტეტების ასოციაციის პროექტების თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.