ათეას წარმომადგენლებმა, PLATFORMA-ისა და NALAS-ის ორგანიზებით, სტარსბრგში გამართულ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა 

2024-03-29

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის წარმომადგენლებმა ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპული პლატფორმის (PLATFORMA) და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციების ქსელის (NALAS)  ორგანიზებით, სტრასბურგში გამართულ სამუშაო შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა.

შეხვედრა, რომელიც ევროკავშირისა და კანდიდატი ქვეყნების, საქართველოს, ბულგარეთის, ხორვატიის, მოლდოვას, სერბეთის, მონტენეგროს, რუმინეთის, თურქეთისა და ალბანეთის გამოცდილების ურთიერთგაზიარების მიზნით მოეწყო, ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა - ნინო რუხაძემ, პარტნიორი ორგანიზაციების ხელმძღვანელ პირებთან - ბორის ტონჰაუზერთან და დუშან რაიჩევიჩთან ერთად გახსნა.

როგორც გამომსვლელებმა განაცხადეს, მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს ადგილობრივი მთავრობებისა და ასოციაციების  ინსტიტუციური შესაძლებლობების ამაღლებას, რაც  ადგილობრივი საჯარო სერვისების გაუმჯობესებასა და ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას გულისხმობს.  

 ნინო რუხაძემ, სიტყვით გამოსვლისას, კოლეგებს, ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნულ პროცესში პარტნიორი ორგანიზაციის, ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპული პლატფორმის (PLATFORMA) მნიშვნელოვან როლზე გაამახვილა ყურადღება.

,, თქვენ ყოველთვის იყავით დამაკავშირებელი ხიდი ჩვენსა და ევროკავშირს შორის, რაც ძალიან გვამხნევებდა და გვეხმარებოდა უფრო სწორად და მიზანმიმართულად გადაგვედგა ნაბიჯები ევროინტეგრაციის მიმართულებით. ეს მხარდაჭერა ისტორიულად კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა, როდესაც აღმოსავლეთ ევროპის სამი ქვეყანა - საქართველო, მოლდოვა და უკრაინა ასე მიუახლოვდნენ ევროკავშირს.
აღნიშნული გზა მოითხოვს მრავალდონიან თანამშრომლობას ევროკავშირის ინსტიტუტებსა და ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის, ეს ასევე გულისხმობს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მუნიციპალიტეტების თანამშრომლობას PLATFORMA-თან, რომელიც წარმოადგენს ძალიან მნიშვნელოვან ინსტრუმენტს ადგილობრივ დონეზე ევროკავშირთან დასაკავშირებლად და აძლიერებს ადგილობრივ ხელისუფლებას, რათა უფრო მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ ევროინტეგრაციაში“, - განაცხადა ნინო რუხაძემ.

შეხვედრაზე, რომელიც დისკუსიის ფორმატში მიმდინარეობდა, ასევე წარმოდგენილი იყო  NALAS/PLATFORMA-ს აქტივობების პრეზენტაცია, რის შემდეგაც გაიმართა მსჯელობა ადგილობრივი თვითმმართველობის ასოციაციების თემატური კომიტეტების ორგანიზება/ფუნქციონირებისა და ევროინტეგრაციის პროცესში ადგილობრივი თვითმმართველობების როლის  შესახებ.  

ქართული მხრიდან  სამუშაო შეხვედრაში ათეა-ს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, ტატიანა ბოკუჩავა, ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში, ნინო ზურაბიშვილი და ასოციაციის საერთაშორისო პროექტების განვითარების მენეჯერი, მარიამ ჯინჭარაძე იღებდნენ მონაწილეობას.