ათეას თანამშრომლებისთვის, ტრენინგი ,,სექსუალური შევიწროების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმი გენდერული ძალადობის წინააღმდეგ“ გაიმართა
2023-12-28გენდერული ძალადობის წინააღმდეგ არსებული მექანიზმების მიმართულებით, ცოდნის გაღრმავების მიზნით, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის თანამშრომლებისთვის, ტრენინგი ,,სექსუალური შევიწროების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმი გენდერული ძალადობის წინააღმდეგ“ გაიმართა.
სემინარი, რომელიც ორ დღეს გაგრძელდა, ათეასა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ორგანიზებითა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით მოეწყო.
ტრენინგზე, მონაწილეები, დეტალურად გაეცნენ სექსუალური შევიწროების ძირითად ასპექტებს და აღნიშნული მიმართულებით, საქართველოში არსებულ სამართლებრივ ინსტრუმენტებს.
სემინარის ფარგლებში, ათეას თანამშრომლებმა, ასევე მოისმინეს ინფორმაცია სექსუალური შევიწროების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის დანერგვის შესახებ და დარგის ექსპერტებთან ერთად, მიმოიხილეს ადგილობრივი პრაქტიკა.
ათეას აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო რუხაძემ, ტრენინგის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ასოციაციის ინსტიტუციური გაძლიერება, ორგანიზაციის მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. მანვე, გაეროს ქალთა ორგანიზაციას თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და სექსუალური შევიწროების პრევენციის მიმართულებით, ათეასა და მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა გამოთქვა.
ტრენინგის მეორე დღე, ათეა-ს გენდერული თანასწორობის 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმის შედეგების გაცნობასა და 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმის განხილვას დაეთმო.
როგორც პროექტის „ქალთა ლიდერობა დემოკრატიისთვის საქართველოში“, წამყვანმა კონსულტანტმა, თამარ ფრანგიშვილმა განმარტა, სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა სექსუალური შევიწროების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის დანერგვაა, როგორც უშუალოდ ათეა-ში ასევე, მუნიციპალიტეტებში.
„ჩვენი მიზანია მხარი დავუჭიროთ დისკრიმინაციისგან თავისუფალი გარემოს შექმნას. შესაბამისად, ჩვენს მიერ დაგეგმილი აქტივობებით ხელს შევუწყობთ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებაში და ამისთვის ეფექტიანი შიდა ორგანიზაციული ინსტრუმენტის დანერგვაში. ამ მხრივ ჩვენი პარტნიორი იქნება გაეროს ქალთა ორგანიზაცია, რომელიც ათეა-ს გენდერული თანასწორობის მიმართულების მთავარი მხარდამჭერია“, -აღნიშნა თამარ ფრანგიშვილმა.
ტრენინგი პროექტის - "ქალთა ლიდერობა დემოკრატიისთვის საქართველოში" ფარგლებში მოეწყო, რომელსაც ათეა გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით ახორციელებს.