ათეას აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე ნინო რუხაძე დაამტკიცეს

2023-12-08

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციას (ათეა) ახალი აღმასრულებელი დირექტორი ჰყავს. ნინო რუხაძე, აღნიშნულ თანამდებობაზე, კონკურსის წესით შეირჩა, რომელიც ათეამ მიმდინარე წლის 10 ოქტომბერს გამოაცხადა.
ასოციაციის ახალი აღმასრულებელი დირექტორი, 2021 წლიდან, ევროპის რეგიონთა და მუნიციპალიტეტთა საბჭოს (CEMR) ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას იკავებს, იგი ასევე,  ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპული პლატფორმის (PLATFORMA) წევრია, რომელიც ქალაქების, რეგიონებისა და მათი ეროვნული, ევროპული და საერთაშორისო ასოციაციების პან-ევროპულ კოალიციას წარმოადგენს.  
ნინო რუხაძე, რომელიც თბილისის მუნიციპალიტეტის VI და VII მოწვევის საკრებულოს წევრია, პარალელურად ასისტენტ-პროფესორისა და ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობებს იკავებს, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში.
2018-2019 წწ. ნინო რუხაძე საქართველოს იუსტიციის სამინისტროში, საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა,  მანამდე კი, წლების განმავლობაში სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობდა - სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში.
ნინო რუხაძეს უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და მინიჭებული აქვს სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი. მას, აგრეთვე მიღებული აქვს სამართლის მაგისტრის წოდება მიჩიგანის უნივერსიტეტის სამართლის სკოლიდან,  აღსანიშნავია, რომ ნინო რუხაძე  იყო ჰუგო გროციუსის სახელობის სტიპენდიანი და განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიის მფლობელი,
ათეას აღმასრულებელი დირექტორი ირიცხებოდა  ჰააგის საერთაშორისო სამართლის სკოლაში, სხვადასხვა დროს  იყო  DAAD-ის  (ჰაიდელბერგი, გერმანია), განათლების ევროპული ასოციაციის (ანტვერპენი, ბელგიის სამეფო), ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტისა (ბუდაპეშტი, უნგრეთი) და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და პოლონეთის წითელი ჯვრის (ბიალისტოკი/ვარშავა/კრაკოვი, პოლონეთი) სტიპენდიანი და კემბრიჯის უნივერსიტეტის ჰერშ ლაუტერპახტის სახელობის საერთაშორისო სამართლის კვლევითი ცენტრისა და მაქს პლანკის ინსტიტუტის მკვლევარი.
აღსანიშნავია, რომ ნინო რუხაძეს აქვს  გაეროს განვითარების პროგრამაში (UNDP) მუშაობის გამოცდილება, პროექტების ექსპერტის პოზიციაზე. მას, ასევე გამოქვეყნებული აქვს პუბლიკაციები ადამიანის უფლებების დაცვისა და საერთაშორისო სამართლის მიმართულებით.
ნინო რუხაძე, თავისუფლად ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის  ახალი აღმასრულებელი დირექტორი, აღნიშნულ თანამდებობაზე, ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცეს.  
აღსანიშნავია, რომ კონკურსისთვის, ასევე დაკომპლექტებული იყო შესაბამისი კომისია, რომელშიც აღმასრულებელი საბჭოს, როგორც უმრავლესობის, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები შედიოდნენ.