ათეასა და ასოციაციის წევრი მუნიციპალიტეტების პირველმა პირებმა, ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ სამოქმედო გეგმაზე (2024-2026 წწ) იმსჯელეს

2023-12-08

ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სამოქმედო გეგმის (2024-2026 წწ) გაცნობის მიზნით, ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ნიკო თათულაშვილმა, მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის წევრებთან  და საქართველოს მუნიციპალიტეტების პირველ პირებთან.
შეხვედრაზე, რომელიც ჰიბრიდულ რეჟიმში მიმდინარეობდა, ნიკო თათულაშვილმა, დამსწრე საზოგადოებას დეტალურად წარუდგინა ეროვნული სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ძირითადი პრიორიტეტები და განმარტა, რომ აღნიშნული დოკუმენტი წარმოადგენს სამუშაო ვერსიას, რომელიც შემუშავებულია მთავრობის ადმინისტრაციის კოორდინირებით სახელმწიფო უწყებების მიერ სამოქალაქო სექტორის რეკომენდაციებზე დაყრდნობით.
პრეზენტაციის შემდეგ, შეხვედრამ დისკუსიის ფორმატში გადაინაცვლა. მუნიციპალიტეტების პირველმა პირებმა, შეხვედრის ინიციატორებს, აღნიშნულ პროცესში ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადეს და დოკუმენტთან დაკავშირებით  საკუთარი წინადადებები და ინიციატივები წარმოადგინეს.
თანამშრომლობისთვის მზადყოფნა და სამომავლოდ კიდევ უფრო პროდუქტიული მუშაობის იმედი გამოთქვა ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის თავმჯდომარემ, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა, მანანა (მაცაცო) ნარიმანიძემ.
,,ათეას კომიტეტის სახელით, მზადყოფნას გამოვთქვამ ვითანამშრომლოთ ცენტრალურ მთავრობასთან და ჩავერთოთ, როგორც დოკუმეnტის შემუშავების, ასევე მისი აღსრულების პროცესში.
იმის გათვალისწინებით, რომ სამოქმედო გეგმა საკმაოდ ვრცელია, კომიტეტი მზადაა შექმნას სახელმძღვანელო, რომელიც უშუალოდ მუნიციპალიტეტების უფლებამოსილებებს მოიცავს და სრულად უპასუხებს თვითმმართველ ერთეულებში არსებული გამოწვევების პრევენციას“, განაცხადა მანანა (მაცაცო) ნარიმანიძემ და დასძინა, რომ კომიტეტს შემუშავებული აქვს სამოქმედო გეგმა, რომელიც  თანხვედრაშია აღნიშნულ დოკუმენტთან.
ნიკო თათულაშვილის განცხადებით, შეხვედრების ამ  ფორმატით გამართვა საშუალებას იძლევა, ადგილობრივი ხელისუფლებისა თუ  სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა გამოხატონ თავიანთი მოსაზრებები გეგმის აქტივობებთან დაკავშირებით და მოისმინონ პასუხისმგებელი უწყებების უკუკავშირი.
„ამ შეხვედრის პირველი და მთავარი მიზანი გახლავთ ის, რომ პროცესი იყოს მაქსიმალურად ინკლუზიური. ყველა დაინტერესებულ მხარესთან ერთად შევაჯეროთ პოზიციები და საბოლოო ჯამში მივიღოთ ადამიანის უფლებათა ეროვნული სამოქმედო გეგმა, რომელიც გაითვალისწინებს ყველა დაინტერესებული ჯგუფის ინტერესებს“, - აღნიშნა ნიკო თათულაშვილმა.