ევროსაბჭოს პროექტის „მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა
2023-11-28ევროპის საბჭოს ორგანიზებითა და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის თანამშრომლობით, თბილისში, პროექტის „მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.
აღსანიშნავია, რომ სპეციალურად ამ დღისთვის, საქართველოს ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის გენერალური მდივანი, მეთიუ მორი ეწვია, რომელმაც პროექტის მნიშვნელობასა და აღნიშნულ პროცესში ათეას ჩართულობაზე ისაუბრა.
,,მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციას, რომელმაც თითქმის ორი ათეული წლის წინ საფუძველი ჩაუყარა ჩვენს ურყევ და გრძელვადიან პარტნიორობას.
პროექტის ძალისხმევამ, ხელი შეუწყოს ევროპის საბჭოს ადგილობრივი თვითმმართველობის ქარტიის განხორციელების გაძლიერებას ადამიანის უფლებათა სფეროში, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ადგილობრივ დონეზე დანერგილი მონაწილეობის ინოვაციური მექანიზმების შემუშავებაში. აღნიშნული კი, ხაზს უსვამს პრინციპს, რომ მოქალაქეთა ჩართულობა გადამწყვეტია ადამიანის უფლებების ეფექტური ლოკალიზაციისთვის.
პროექტი წარმატებულია, რადგან მან აღმოფხვრა ადგილობრივი ხელისუფლებისა და საქართველოს მოქალაქეების საჭიროებები. ხელისუფლების წარმომადგენლებმა, როგორც ადგილობრივ, ისე ეროვნულ დონეზე აჩვენეს ურყევი ერთგულება ცვლილებებისადმი, ადგილობრივი დემოკრატიის ხარისხის გაუმჯობესებისა და ინკლუზიური დიალოგის მდგრადი პლატფორმების შესაქმნელად“, - აღნიშნა მეთიუ მორიმ.
გიორგი ტყემალაძემ, ევროპის საბჭოს კონგრესის გენერალურ მდივანს, პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოსთვის ძალზედ მნიშვნელოვანია ევროპელ პარტნიორებთან მრავალმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება.
მისივე განცხადებით, პროექტი წარმატებით განხორციელდა და თავისი შინაარსით დიდი წვლილი შეიტანა მონაწილეობითი დემოკრატიისა და ანტი-დისკრიმინაციული პოლიტიკის ლოკალიზაციის პროცესში, რაც თავის მხრივ ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვანი შემადგენელია.
,,პროექტში მონაწილეობით ადგილობრივმა თვითმმართველობებმა კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი ერთგულება ადამიანის უფლებების საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისადმი და გამოვხატეთ პოლიტიკური ნება ადგილობრივ დონეზე ხელი შევუწყოთ უფრო თანასწორი და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბებას საქართველოში.
ვფიქრობ, მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ ის კონკრეტული მონაპოვარი, რაც პროექტმა მოგვცა მოქალაქეთა მონაწილეობის, ევროპის საბჭოს მეთოდოლოგიისა და ინსტრუმენტების სახით, რომელიც პრაქტიკაში უკვე წარმატებით განახორციელეს საპილოტე მუნიციპალიტეტებმა. აღნიშნული შედეგები წაადგება მათ შორის პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების პროცესს იმგვარად, რომ მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული მოსახლეობის ინტერესები და საჭიროებები.
აღსანიშნავია, ასევე, პროექტის ფარგლებში კრეატიული მიდგომების დანერგვა, რომელიც ახალგაზრდა თაობაში მონაწილეობითი დემოკრატიის კულტურის დანერგვას ემსახურება და მათში სახელმწიფოებრივი აზროვნების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს“, - განაცხადა ათეას ვიცე-პრეზიდენტმა და აღნიშნულ პროცესში ასოციაციის მნიშვნელოვან როლზე გაამახვილა ყურადღება.
მეთიუ მორისთან და გიორგი ტყემალაძესთან ერთად, დამსწრე საზოგადოებას, ასევე სიტყვით მიმართეს, საქართველოში ევროპის საბჭოს ხელმძღვანელმა, ნატალია ვუტოვამ, ავსტრიის განვითარების სააგენტოს ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში, ალექსანდერ კარნერიმ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა, საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში პრემიერ მინისტრის მრჩეველმა, ნიკო თათულაშვილმა და Dean Consulting -ისა და Givitas Georgika-ს თანადამფუძნებლებმა, დიანა ჯანაშიამ და გიორგი მესხიძემ.
მასშტაბურ ღონისძიებაში, რომელსაც ევროპის საბჭოს ექსპერტი, კოკა კიღურაძე უწევდა მოდერაციას, მონაწილეობას იღებდნენ პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტების პირველი პირები, ევროპის საბჭოს კონგრესისა და სამდივნოს, ასევე საქართველოს სახალხო დამცველის ოფისის, საქართველოს მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.
პროექტის შემაჯამებელ შეხვედრას, ასევე ესწრებოდნენ, ევროსაბჭოს კონგრესში წარდგენილი ქართული დელეგაციის წევრები, ლევან ჟორჟოლიანი, ოთარ გრიგოლია, ირაკლი ჭეიშვილი და სევდია უგრეხელიძე, ასევე ევროპის რეგიონთა და მუნიციპალიტეტთა საბჭოს (CEMR) ვიცე-პრეზიდენტი, ნინო რუხაძე და ათეას წარმომადგენლები.
პროექტი, რომელიც 2021 წლიდან ხორციელდება, მიზნად ისახავდა გრძელვადიანი და მნიშვნელოვანი ცვლილებების მიღწევას ადგილობრივ მმართველობასა და საზოგადოებაში სამოქალაქო მონაწილეობის გაძლიერებისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებებით.
ღონისძიება განხორციელდა ევროპის საბჭოს პროექტის „მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ ფარგლებში, რომელსაც ერთობლივად ახორციელებენ დემოკრატიისა და ადამიანის ღირსების გენერალური დირექტორატის არჩევნებისა და მონაწილეობითი დემოკრატიის სამმართველო და ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესი, საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით.