სოციალურ საკითხებზე მომუშავე ინტერმუნიციპალური პლატფორმის გაძლიერების მიზნით, ზუგდიდში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

2023-11-14

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, სოციალურ საკითხებზე მომუშავე ინტერმუნიციპალური პლატფორმის გაძლიერების მიზნით, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (ათეა) ორგანიზებითა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით, ზუგდიდში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ღონისძიებაზე, რომელიც ათეას ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტისა და სახალხო დამცველის აპარატის ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში მოეწყო, ადგილობრივ დონეზე თანასწორობის დაცვის მიმართულებით, მუნიციპალიტეტების მნიშვნელოვან როლზე იმსჯელეს.
შეხვედრის პირველი ნაწილი, სახალხო   დამცველის   აპარატის   რეგიონული სამმართველოს უფროსმა, გიორგი   ტალახაძემ გახსნა და  დამსწრე საზოგადოებას სახალხო         დამცველის         აპარატის         საქმიანობა  და          ადგილობრივ თვითმმართველობებთან თანამშრომლობის პერსპექტივები  გააცნო.  თანასწორობის დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ანი სალდაძემ კი,  ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე, დისკრიმინაციის აკრძალვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ღონისძიების მეორე ნაწილი, ბავშვზე მორგებული სოციალური პროგრამირების საკითხების განხილვას დაეთმო.
ათეას ექსპერტმა, კახა გურგენიძემ, დეტალურად ისაუბრა მუნიციპალური სოციალური პროგრამების დაგეგმვის მექანიზმებზე. ასევე მეთოდოლოგიური გზამკვლევი მიმოიხილა და შეხვედრის მონაწილეებს, მუნიციპალური სოციალური პროგრამების მონიტორინგის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, ევროპის საბჭოს ექსპერტმა, ნინო ზურაბიშვილმა.
ღონისძიების დასასრულს,   ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის  მერიის  სოციალური სამსახურის ხელმძღვანელმა, პრეზენტაცია წარმოადგინა.  ნინო  სულუხიამ,    აღნიშნული მიმართულებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  გამოცდილებაზე ისაუბრა  და დამსწრე საზოგადოებას, საჭიროებებზე მორგებული სოციალური პროგრამები გააცნო. 
​როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ადგილობრივ ხელისუფლებას მნიშვნელოვანი როლი აქვს ბავშვთა დაცვისა და სოციალური კეთილდღეობის უზრუნველყოფაში. მუნიციპალიტეტს, როგორც მოსახლეობასთან ყველაზე ახლოს მდგომ რგოლს, ყველაზე ეფექტიანად შეუძლია ადგილობრივი თემის საჭიროებების იდენტიფიცირება და მათზე რეაგირება მუნიციპალური სოციალური პროგრამებისა და სხვადასხვა ღონისძიებების მეშვეობით. აღნიშნულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ მუნიციპალიტეტის თანამშრომლები აღჭურვილნი იყვნენ შესაბამისი ცოდნით და გამოცდილებით სოციალური პროგრამების სწორად შემუშავების, დაგეგმვისა და განხორციელების საკითხებში,
ღონისძიებაში, რომელიც დისკუსიის ფორმატს მოიცავდა, ჩართულნი იყვნენ, სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონის  მუნიციპალიტეტების პირველი პირები და სოციალური სამსახურებისა და განყოფილებების თანამშრომლები, ასევე ათეასა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები.