ევროპის საბჭოს კონგრესის 45-ე პლენარული სესია დასრულდა

2023-10-26

ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 45-ე პლენარული სამდღიანი სესია, რომელშიც ქართული დელეგაცია იღებს მონაწილეობას დღეს სრულდება.

წინა სესიების მსგავსად, საქართველოს წარმომადგენლები, დღესაც აქტიურად იყვნენ ჩართულნი სხვადასხვა თემების განხილვაში.

ევროსაბჭოს კონგრესში დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილემ, ასევე ათეა-ს აღმასრულებელი საბჭოსა და თბილისის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრმა, ლევან ჟორჟოლიანმა, თანამომხსენებელ მატიას გიზინთან ერთად, კოლეგებს სლოვაკეთის რესპუბლიკაში ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის შესრულების მონიტორინგის თაობაზე ანგარიში წარუდგინა.

ქართველმა დელეგატმა, ადგილობრივი მმართველობის ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად მიღებული ინიციატივები დადებითად შეაფასა, თუმცა განმარტა, რომ ქვეყანაში კვლავ არსებობს გადაუჭრელი გამოწვევები, რაც უკვე აღნიშნულია წინა მონიტორინგის ანგარიშში და კვლავ დღის წესრიგში დგას.

სესიაზე წარმოდგენილ ერთ-ერთ თემაზე, ,,პოლიტიკაში ახალგაზრდების ჩართულობა, როგორც ცვლილებების მამოძრავებელი ძალა“, ასევე მოხსენებით გამოვიდა ქართული დელეგაციის წევრი, ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი, თათია ნიკოლაშვილი.

სიტყვით გამოსვლისას თათია ნოკოლაშვილმა, რეგიონულ და თვითმმართველობათა პოლიტიკურ ცხოვრებაში, ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ჰყავს ლაღი და თავისუფალი ახალგაზრდა თაობა, რომელიც არასოდეს შეეგუება უსამართლობას.

ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 45-ე პლენარულ სესიაზე ქართულ მხარეს წარმოადგენენ, ათეას ვიცე - პრეზიდენტი, დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე - გიორგი ტყემალაძე, თბილისის, სენაკისა და ოზურგეთის წარმომადგენლობითი ორგანოების წევრები - ლევან ჟორჟოლიანი, ოთარ გრიგოლია, სევდია უგრეხელიძე და თათია ნიკოლაშვილი, აგრეთვე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი - ირაკლი ჭეიშვილი და ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში - CORLEAP დელეგაციის ხელმძღვანელი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ზურაბ აბაშიძე.

სესიის ფარგლებში დელეგაციამ კონგრესის პრეზიდენტისა და კონგრესის რეგიონთა და ადგილობრივი თვითმმართველობების პალატების პრეზიდენტებისა და ვიცე-პრეზიდენტების არჩევნებში მიიღო მონაწილეობა. ქართველი დელეგატები, ასევე მოხსენებებით გამოვიდნენ და დებატებში ჩაერთნენ, ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა, რუსეთის ფედერაციის ომი უკრაინის წინააღმდეგ და ევროპის საბჭოს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების სამიტის შემდგომი ნაბიჯები.