ქართველმა ახალგაზრდა დელეგატმა ევროპის საბჭოში, ანა ეგუტიძემ, კონგრესის სესიაზე რამდენიმე მოხსენება გააკეთა

2023-10-25

სტრასბურგში მიმდინარე, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 45-ე პლენარულ სესიაში, საქართველოდან, ახალგაზრდა დელეგატი ევროპის საბჭოს კონგრესში, ანა ეგუტიძე იღებს მონაწილეობას.

ქართველმა ახალგაზრდამ, სესიის ფარგლებში უკვე რამდენიმე მოხსენება გააკეთა.

ანა ეგუტიძე, თემაზე „ადგილობრივი და რეგიონული მედია, როგორც დემოკრატიისა და თემის ერთიანობის მცველი“ გამართულ დებატებში ჩაერთო, სადაც დემოკრატიის უზრუნველყოფის პროცესში, ადგილობრივი მედიის მნიშვნელობასა და დეზინფორმაციის/მისინფორმაციის პრობლემურ საკითხებზე ისაუბრა.

დელეგატმა, კონგრესის ადგილობრივ თვითვმმართველობებს ყალბი და მიკერძოებული ინფორმაციის გასაფილტრად, ადგილობრივი მონიტორინგის ელექტრონული მექანიზმების შექმნა და ახალგაზრდების მედიაწიგნიერების მიმართულების განვითარება შესთავაზა, რაც მისივე განმარტებით, საჯარო ბიბლიოთეკებისა და ახალგაზრდული ცენტრების ჩართულობით შემუშავდება.

ანა ეგუტიძე, ასევე ჩართულია კონგრესის მიმდინარე საქმეთა კომიტეტის საქმიანობაში, რომელიც შეისწავლის ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა როლს თანამედროვე საზოგადოების წინაშე არსებულ გამოწვევებთან მიმართებაში, ასევე, მუშაობს თემატურ საკითხებზე, როგორებიცაა საზოგადოებრივი ჩართულობა, განათლება, კულტურათაშორისი დიალოგი, ახალგაზრდული საქმეები, მიგრანტების ინტეგრაცია, ბავშვთა დაცვა და მარგინალიზაციის წინააღმდეგ ბრძოლა, იმ მიზნით, რომ უზრუნველყოს ამ სფეროებში ევროპის საბჭოს ძირეული ფასეულობების დაცვა.

ქართველმა დელეგატმა 45-ე სესიის ფარგლებში გამართულ მიმდინარე საქმეთა კომიტეტის შეხვედრაზე, წარადგინა სამი წინადადება ახალგაზრდული საკითხების შესახებ, კომიტეტის მომდევნო წლის სამუშაო დღის წესრიგისთვის, რომელიც მომზადებულ იქნა ქართველი ახალგაზრდა დელეგატის მიერ, ევროპის საბჭოს ცხრა წევრი ქვეყნის დელეგატებთან თანამშრომლობის შედეგად.

წარდგენილი წინადადებები შეიცავს სამ ძირითად ახალგაზრდულ პრობლემას ევროპის მასშტაბით და მათი გადაჭრის გზებს ადგილობრივი და რეგიონული თვითმმართველობების ჩართულობით.

შერჩეული ახალგაზრდული საკითხებია: - ახალგაზრდებისთვის ხელმისაწვდომი და ადეკვატური საცხოვრებლის უზრუნველყოფა; - ახალგაზრდული პოლიტიკური აპათია, ამბიციური პოლიტიკის არარსებობა ადგილობრივ და რეგიონულ მმართველობაში და ახალგაზრდების ინტერესის ნაკლებობა ადგილობრივ პოლიტიკაში; ასევე, - ახალგაზრდული ადამიანური კაპიტალის გადინების პრევენცია.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე საქმეთა კომიტეტის შეფასებით, მომდევნო შეხვედრაზე, რომელიც თებერვალში გაიმართება, ქართველი ახალგაზრდა დელეგატის ჩართულობით, ერთ-ერთი თემა ხმის მიცემის პრინციპით ოფიციალურად შევა კომიტეტის 2024-2025 სამუშაო დღის წესრიგში.

ანა ეგუტიძე, ასევე მიწვეულია დემოკრატიის მსოფლიო ფორუმზე, როგორც ევროპის საბჭოს კონგრესის დელეგაციის წევრი, რომელიც ევროპის სასახლეში გაიმართება ახალგაზრდა ლიდერების ჩართულობით.

ცნობისთვის, ევროსაბჭოს კონგრესის ახალგაზრდა დელეგატის მანდატი ერთწლიანია. კონკურსის გამარჯვებული მონაწილეობას იღებს ქალაქ სტრასბურგში, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის ორ სესიაში, აგრეთვე მოსამზადებელ პროგრამაში.