ქართული დელეგაციის წევრები, ევროსაბჭოს კონგრესზე, უკრაინის თემებთან დაკავშირებულ დებატებში ჩაერთნენ

2023-10-24

ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 45-ე პლენარულ სესიაზე, რომელშიც ქართული დელეგაცია მონაწილეობს, რუსეთის ფედერაციის უკრაინის წინააღმდეგ ომში ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად, ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების როლზე და ასევე, აგრესიის შედეგად გამოწვეული ზიანის საერთაშორისო რეესტრის შესახებ იმსჯელეს.

აღნიშნულ თემაზე გამართულ დებატებში, კოლეგებთან ერთად, ევროსაბჭოს კონგრესში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილე, ათეა-ს აღმასრულებელი საბჭოს წევრი და თბილისის საკრებულოს წარმომადგენელი - ლევან ჟორჟოლიანი, ასევე სენაკის საკრებულოს დეპუტატი, სევდია უგრეხელიძე ჩაერთნენ.

,, ვიდრე გამოვთქვამ საკუთარ მოსაზრებას ამ მხრივ ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების როლის შესახებ, საქართველოს დელეგაციის სახელით, კიდევ ერთხელ მინდა დავუდასტურო უკრაინელ ხალხს ჩვენი სოლიდარობა და გამოვხატო მტკიცე მხარდაჭერა უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
აღსანიშნავია, რომ განუზომელია ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების როლი რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინისთვის მიყენებული ზიანის აღწერაში. ადგილობრივ ხელისუფლებებს ყველაზე კარგად ესმით ის საჭიროებები და გამოწვევები, რის წინაშეც მათი მოსახლეობა დგას. ადგილობრივი მმართველობის სპეციფიკა და ადგილობრივ მოსახლეობასთან სიახლოვე მნიშვნელოვნად ეხმარება ცენტრალურ ხელისუფლებას პასუხისმგებლობა დააკისროს რუსეთის ფედერაციას იმ ზიანისთვის, რაც აგრესიამ მოიტანა. ადგილობრივი ხელისუფლებები არიან ამ ინფორმაციის პირველი წყარო, ვინაიდან ისინი ყოველდღიურად მუშაობენ დაზარალებულ პირებთან და ოჯახებთან, რაც კიდევ ერთხელ გამოკვეთს მათ საჭიროებას სამართლიანობის აღდგენის უფრო ფართო ძალისხმევაში.
რაც ყველაზე მთავარია, რეგიონებისა და მუნიციპალიტეტების აღდგენა უნდა განხორციელდეს ადგილობრივ ხელისუფლებასთან მჭიდრო კოორდინაციით, რომ მოხდეს ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალების გათვალისწინება. ამდენად ჩვენ უნდა ვაღიაროთ და მხარი დავუჭიროთ მათ ამ უდიდეს ძალისხმევას, ამ გამოწვევებით სავსე კონტექსტში“,- განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

სიტყვით გამოსვლისას, უკრაინის დახმარების გაგრძელების აუცილებლობაზე ისაუბრა სევდია უგრეხელიძემ.

,, ვფიქრობ, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ უკრაინის დახმარება გაგრძელდეს და გაძლიერდეს. ევროპა არ უნდა შეურიგდეს ამ ომს.
გვახსოვს, რომ ვალდებულებების შეუსრულებლობის მიუხედავად, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთს შეჩერებული ხმის უფლება აღუდგინა, რასაც პუტინისგან საპასუხოდ მოჰყვა ახალი აგრესიული ომი. პოლიტიკოსებმა მოსახლეობას უნდა ავუხსნათ, რომ უკრაინის მიმართ ხელისუფლებებისგან მეტი მხარდაჭერა მოითხოვონ, რადგან აგრესორი არასდროს შეჩერდება თუ უკრაინამ არ გაიმარჯვა“ , - აღნიშნა სევდია უგრეხელიძემ.

დღევანდელ სესიაზე დელეგატებმა მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ, გაეროს სამიტის შედეგებზეც იმსჯელეს. თემის განხილვის შემდეგ მოეწყო დებატები, რომელშიც ლევან ჟორჟოლიანიც ჩაერთო. მან, სესიის მონაწილეებს, მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის გზაზე, საქართველოს გამოცდილება გაუზიარა და აღნიშნული სამიტის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

აღსანიშნავია, რომ საკითხები, რომლებზეც ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა ისაუბრა, გაეროს სამიტზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გააჟღერა.

ლევან ჟორჟოლიანის განცხადებით, სექტემბერში გამართული მდგრადი განვითარების მიზნების სამიტი იყო უნიკალური შესაძლებლობა სტრატეგიად ვაქციოთ ურთიერთგადაჯაჭვული კრიზისების კოვიდ -19-ის პანდემიის გახანგრძლივებული შედეგების და ურთიერთგადამკვეთი სოციალურ-ეკონომიკური და გარემოსდაცვითი გამოწვევების საპასუხო სავარაუდო ქმედებები.

სტრასბურგში მიმდინარე ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 45-ე პლენარულ სესიაში, ქართული დელეგაციიდან, ასევე ჩართულნი იყვნენ, ათეას ვიცე - პრეზიდენტი, დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე - გიორგი ტყემალაძე, თბილისის, და ოზურგეთის წარმომადგენლობითი ორგანოების წევრები - ოთარ გრიგოლია და თათია ნიკოლაშვილი, აგრეთვე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი - ირაკლი ჭეიშვილი და ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში - CORLEAP დელეგაციის ხელმძღვანელი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ზურაბ აბაშიძე.