ათეა, შოვში სტიქიური უბედურების შედეგად მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს

2023-08-04

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია შოვში, სტიქიური უბედურების შედეგად მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს.

,,რაჭაში მომხდარმა სტიქიამ შეძრა საქართველო. შეუძლებელია სიტყვებით ასახო ის შემზარავი რეალობა, რაც სტიქიამ დაგვატეხა თავს.

მთელი გულით ვუსამძიმრებ შოვში სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, მათ ახლობლებს! ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს!

მინდა, მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც უწყვეტ რეჟიმში მიმდინარე სამუშაოებში, ჩვენს გმირ მაშველებთან ერთად, მონაწილეობს.

ამ მძიმე წუთებში მთელი საქართველო ლოცულობს დაკარგულთა გადასარჩენად", - აღნიშნავს ათეას პრეზიდენტი, თბილისის მუნიციპალიტეტის მერი, კახა კალაძე.

რაჭაში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების გამო, მწუხარება გამოთქვეს ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტებმა. გიორგი ტყემალაძე და არჩილ ჩიქოვანი იმედოვნებენ, რომ სტიქიის ზონაში მყოფი ადამიანები საკუთარ ოჯახებს მალე დაუბრუნდებიან.

„გუშინ, შოვში განვითარებული დამანგრეველი სტიქიური პროცესები მსხვერპლით დასრულდა. იქ მყოფი ადამიანები ურთულეს მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. მინდა, ღრმა მწუხარება გამოვთქვა და სამძიმარი გამოვუცხადო სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს. სამაშველო სამსახურმა, სტიქიის ზონაში ჩარჩენილი მოქალაქეების სამძებრო-ოპერატიული მოქმედების შედეგად, ამ დროისთვის 210 ჩვენი მოქალაქის ევაკუაცია განახორციელა. იმედს გამოვთქვამ, რომ სტიქიის ზონაში მყოფი ადამიანები საკუთარ ოჯახებს სულ მალე დაუბრუნდებიან. აქვე მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ მაშველს თავდაუზოგავი შრომისთვის და კიდევ ერთხელ გამოვუცხადო სამძიმარი გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს“- განაცხადა ათეას ვიცე-პრეზიდენტმა, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ.

,,უდიდესი ტრაგედია დაგვატყდა თავს. ძნელია სიტყვებით გამოხატო ის გრძნობა, რომელსაც თითოეული ჩვენგანი განიცდის.

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო და ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს.

ამასთან, უდიდეს პატივისცემას გამოვხატავ მაშველების მიმართ, ქედს ვიხრი მათ წინაშე, ვინც ამ წუთამდე უწყვეტად მუშაობს ტრაგედიის ადგილზე", -აღნიშნავს ათეას ვიცე-პრეზიდენტი, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი, არჩილ ჩიქოვანი.